გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ისტორიის კვალდაკვალ - ვარლამ ჩერქეზიშვილის პიროვნება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური ემიგრანტის - ვარლამ ჩერქეზიშვილისადმი მიძღვნილი 175 წლის იუბილე აღინიშნა. ფოიეში მოეწყო ისტორიული მასალების ამსახველი ფოტოების გამოფენა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა დიდი მამულიშვილის ღვაწლი გაიხსენეს. ღონისძიებას უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.  დაინტერესებულ საზოგადოებას ფოტოების დათვალიერება ერთი კვირის განმავლობაში შეეძლება.

ვარლამ ჩერქეზიშვილის  ფერფლი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა გოჩა ფერაძემ   ქ. ლონდონში ,,Golders Green”-ის კრემატორიუმში მიაკვლია.

 საიუბილეო დღეების ფარგლებში პროფესორმა გოჩა ფერაძემ ვარლამ ჩერქეზიშვილის ნეშტის სამშობლოში დაბრუნების საკითხზე, მის ბიოგრაფიულ ცნობებსა და პოლიტიკურ საქმიანობაზე, კოლეგებთან და  სტუდენტებთან ისაუბრა. 

,,არანაკლებ მნიშვნელოვანია ვარლამ ჩერქეზიშვილის წვლილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ თუ  XIX-XX  სამანზე რუსეთის იმპერიის ფარგლებში ეროვნული ძალების შემაკავშირებლისა და წინამძღოლის ფუნქციას ილია ჭავჭავაძე  ასრულებდა, ევროპაში ვარლამ ჩერქეზიშვილის  ბადალი პიროვნება ქართველებს არ გვყავდა. როგორც წერილობით დასტურდება, ამ ორ დიდ მამულიშვილს, მეგობრობისა და თანამშრომლობის ათწლეულები  აკავშირებდა. მეტიც, ვარლამ ჩერქეზიშვილი გახლდათ პოლიტიკოსი, რომელმაც ქართველებიდან პირველმა, გაამახვილა მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების ყურადღება რუსეთის მიერ 1783 წელს საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის სამართლებრივ ასპექტზე და პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ეს საკითხი საერთაშორისო კონფერენციის მსჯელობის საგნად აქცია“.

ვარლამ ჩერქეზიშვილის  პიროვნების, მისი პატრიოტული საქმიანობის შესახებ თეორიულ კვლევას და შესწავლას გეგმავს ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მაგისტრანტი გიორგი ბაციკაძე. გიორგის სამაგისტრო ნაშრომი,  XX  საუკუნის 70-90-იან წლებში საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელ მოძრაობას ეხება, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ფონდის ეგიდით პუბლიკაციის სახით დაიბეჭდება. გიორგი სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას დოქტორანტურაშიც აპირებს ამბობს, რომ საკვლევი თემა XIX-XX საუკუნეებში ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აზროვნებას შეეხება, სადაც სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად აისახება დეტალები ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობიდან და ნააზრევიდან. „მისი ფიგურა ერთობ მნიშვნელოვანი  და საყურადღებოა დასახელებული  თემების და ზოგადად ამ პერიოდის ისტორიის შესწავლისას, განსაკუთრებით კი პროგრესულად მოაზროვნე მამულიშვილების მოღვაწეობის კონტექსტში, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ქვეყნის ისტორიაში“, - აღნიშნა მაგისტრანტმა.

_ გიორგი,  რატომ არ იცნობს ფართო საზოგადოება ვარლამ ჩერქეზიშვილის ბიოგრაფიას ისე, როგორც სხვა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებას?

_ სამწუხაროდ ვარლამ ჩერქეზიშვილის ცხოვრების და შემოქმედების შესახებ ფართო საზოგადოებისათვის ჯერ კიდევ არა არის ცნობილი მიუხედევად იმისა, რომ იგი XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე უდიდესი ქართველი მამულიშვილების ბრწყინვალე დასის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. როდესაც ადამიანი მის ბიოგრაფიას კითხულობს, შეუძლებელია თავში ძალაუნებურად არ ამოუტივტივდეს სიტყვა -პატრიოტი. მისი ბიოგრაფია ნაკლებადაა ცნობილი, რადგანაც იგი იდევნებოდა მეფის რუსეთის და საბჭოთა კავშირის დროსაც, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობისათვის  მებრძოლი და მარქსიზმის დიდი კრიტიკოსი. შესაბამისად, მისი ნააზრევი და შემოქმედება ათწლეულების განმავლობაში მიუწვდომელი იყო ქართული საზოგადოებისათვის. მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართველი მეცნიერების მუშაობის შედეგად გახდა ამ ადამიანის ბიოგრაფიის საფუძვლიანი შესწავლა შესაძლებელი. სამაგალითო მამულიშვილი კიდევ უფრო ცნობილი უნდა გახდეს ფართო საზოგადოებისთვის.   ცნობილი ფრანგი ისტორიკოსი, ჟაკ ლე გოფი ამბობდა: ,,როდესაც საზოგადოება თვლემს, ისტორიკოსი უნდა ფხიზლდებოდესო“. შესაბამისად, ისტორიკოსების განსაკუთრებული ვალია, ყველა ისტორიული მოვლენის ობიექტური და დროული ანალიზი. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა