გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

საერთაშორისო კონფერენცია - „ადრეული განათლება და ზრუნვა“

სურათი

2-3 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით - „ადრეული განათლება და ზრუნვა“ უმასპინძლა. კონფერენციის მიზანი, ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ინკლუზიის შესახებ აკადემიური დისკუსიისა და ცოდნის გაზიარება გახლდათ. კონფერენცია გაიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით. კონფერენციას ესწრებოდნენ პარლამენტის, ცენტრალური ხელისუფლებისა და თვითმმართველობის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სკოლამდელი დაწესებულების წარმომადგენლები. 

,,ყველა ბავშვი უნდა გაიზარდოს ოჯახურ გარემოში და ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება და ჩვენ უნდა ვზრუნავდეთ მათ კეთილდღეობაზე“,  _ ჯერ კიდევ კონფერენციამდე ერთი დღით ადრე, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ლექციაზე ღასან ხალილმა შეკრებილ აუდიტორიას.  ლექციაზე, სახელწოდებით ,,ბავშვის უფლებები: იმპერატივი საერთაშორისო  დღის წესრიგში“  გაეროს წარმომადგენელმა სტუდენტთა არაერთ კითხვას გასცა პასუხი სხვადასხვა აქტუალურ თემასთან მიმართებაში, რაც ბავშვთა უფლებების დაცვის ჭრილში იყო განხილული და წარმოდგენელი.  სტუდენტებთან შეხვედრა  დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

2-3 ივნისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 95 მოხსენება, გაიმართა დისკუსია, განიხილეს ადრეულ განათლებასა და ზრუნვასთან დაკავშირებული მართვის, დაფინანსების, ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და ინკლუზიის საკუთხები.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა,  საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა გახსნეს.

,,ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული განათლების საკითხებისადმი მიძღვნილი  საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, რომელიც განსაკუთრებულია თემატიკითა და მასშტაბით. უნივერსიტეტის მისიაა მსგავსი პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა. თუ ჩვენ ერთად შევძლებთ სკოლამდელ აღზრდაში  ძლიერი ღერძის შექმნას, მაშინ ჩვენ გვეყოლება დემოკრატიული ღირებულებებით და ფასეულობებით აღზრდილი, თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი მომავალი მოქალაქეები.  კონფერენციამ შეკრიბა სკოლამდელი განათლების გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე სასაუბროდ დაინტერესებულ მხარეთა ძალიან ფართო და მნიშვნელოვანი სპექტრი. მსგავსი ღონისძიებები განსაკუთრებით გვაძლიერებს, გვაახლოებს საერთაშორისო სტანდარტებთან, ზრდის ჩვენს ცნობადობას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, გვაკავშირებს ადგილობრივ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დაინტერესებულ მხარეებს, ჩვენს აკადემიურ პერსონალს აძლევს საშუალებას აწარმოონ კვლევები აქტუალურ საკითხებზე, თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების შესაბამისად. საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან აქ გაჟღერდა საინტერესო ინიციატივები, რომ სკოლამდელი აღზრდის საკითხები საბაკალავრო პროგრამების დონეზე შემუშავდეს და განხორციელდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ყველა რესურსს გამოვიყენებთ“, _ აღნიშნა კონფერენციის გახსნით ნაწილში რექტორმა მერაბ ხალვაშმა.

,,ვიცით, რომ აჭარაში  ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია როგორც სკოლამდელი აღზრდის,  ასევე სკოლების მიმართულებითაც. სწორედ ამიტომაც ვართ აქ და გამოვხატავთ პატივისცემას და ვიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის  უნივერსიტეტის და ,,იუნისეფის“ მხრიდან სწორი თემატიკის შერჩევა და იმ საკითხებზე მსჯელობა, რაც დღეს ამ მიმართულებით აქტუალური და პრობლემურია. განათლება უნდა იყოს ადეკვატური და პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რაც სასკოლო განათლებისთვის აუცილებელია. ჩვენი განათლების პოლიტიკის ნაწილი ბუნებრივია, არის და იქნება _  სკოლამდელი განათლების მზაობის პროგრამები დავუახლოვოთ სკოლას“, _ განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარმა.

სახელოვნებო განათლების ინტეგრირება როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო განათლებაში არის განსაკუთრებით ხაზგასასმელი, რადგან როდესაც  ჩვენ  ვსაუბრობთ სასკოლო განათლების ინკლუზიურობაზე  როგორც სკოლამდელი, ასევე  ზოგადი განათლების საფეხურზე,  ეს ინკლუზიურობა მიიღწევა სწორი სახელოვნებო განათლების ინტეგრირებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს გარკვეული მიღწევები, თუმცა გვაქვს გამოწვევებიც და  მზად ვართ, რომ ამ გამოწვევებს კოლეგებთან ერთად  შევეჭიდოთ, დავძლიოთ და მომავალ თაობას დავუტოვოთ უკეთესი განათლების სიტემა. მინდა ვთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა შედგა, როდესაც დავაახლოვეთ უკვე სასკოლო განათლების კურიკულუმები უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს და ამ მიმართულებით გასულ წლებში გამართული კონფერენციებიც უმნიშვნელოვანესი იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ სკოლამდელი განათლების ინტეგრირებაზე“, _ აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

„საერთაშორისო კონფერენცია „ადრეული განათლება და ზრუნვა“ მნიშვნელოვანი ფორუმია საქართველოში მომუშავე პროფესიონალებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის“, _ ამბობს გაეროს ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი. „ასეთი შესაძლებლობები გადამწყვეტია საქართველოში განათლებისა და  ზრუნვის ხარისხის გასაუმჯობესებლად და საბოლოო ჯამში უკეთესი სერვისის შესაქმნელად ყველა ბავშვისთვის. კონფერენცია ნაწილია იმ კონსულტაციებისა, რომელიც იმართება სექტემბერში დაგეგმილი განათლების ტრანსფორმაციის საერთაშორისო სამიტისთვის“, _ დასძინა ხალილმა.

კონფერენცია ქართულ და ინგლისურ ენაზე გაიმართა. მონაწილეებმა  პრობლემურ თემებზე წარმოადგინეს ისეთი აქტუალური კვლევები, როგორიცაა: ,,პოზიტიური მშობლის მხარდაჭერა საბავშვო ბაღებსა და ოჯახებს შორის თანამშრომლობის გზით“, ,,აღმზრდელთა კომპეტენციები და პედაგოგიური  პრაქტიკა“, „ახალი გამოწვევები და პერსპექტივები ადრეულ განათლებაში“, ,,თამაში და განვითარება ადრეულ ასაკში: პანელური დისკუსია“, ,,ადრეული განათლების ხელმისაწვდომობის და ინკლუზიური გაუმჯობესება“, ,,ადრეული განათლების მართვა, პოლიტიკა და დაფინანსება“, ,,ახალი გამოწვევები და ინოვაციური მიდგომები ადრეულ განათლებაში“,  ,,ბავშვის უფლებები ადრეული განათლების კონტექსტში“ და სხვა.

ვარშავის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის წარმომადგენელმა ურსულა მარკოვსკა-მანისტამ კონფერენციაზე წარადგინა თემა ,,ადრეულ განათლებასა  და ზრუნვაში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებიდან ბავშვის მონაწილეობამდე“. მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: ,,ლიბელის პოსტულატები ბავშვობისა და ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელიც ეხება კვლევების დეკოლონიზაციის აუცილებლობას“, ,,ედალტისტურ (პატარა ასაკის გამო დისკრიმინაცია) ურთიერთობებზე“,    ,,ბავშვობის ცვალებად მოდელებზე“,   ,,21-საუკუნეში ბავშვების ცხოვრებისა და ფუნქციონირების ახალი პირობებზე-ეთიკასა და მონაცემთა დაცვაზე“, ,,უთანასწორობის ცივილიზაციაზე“ . მან ასევე ისაუბრა  ,,ახალ გამოწვევებზე: მიგრაციის პროცესებსა და გლობალურ ცვლილებებზე“. ურსულა მარკოვსკა--მანისტამ წარმოადგინა პროექტი ,,პარტისიპა“, რომლის მიზანია ,,ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში პროფესიონალებს საშუალება მისცეს, რომ აიმაღლონ ცოდნა, გამოკვეთონ თავიანთი მიდგომები და შექმნან სიტუაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის მონაწილეობის უფლების რეალიზებას“.

ორჰუსის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ფაბიო დოვიგომ  წარმოადგინა შემდეგი საკონფერენციო თემა: ,,ახალი საბაკალავრო პროგრამების შექმნა საქართველოში: რეფლექსია და პერსპექტივები“,  სადაც განხილული იყო შემდეგი ძირითადი საკითხები: ,,საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებული საერთო გამოწვევები“,  ,,ბავშვთა ადრეული განათლების და ზრუნვის საბაკალავრო პროგრამის შემუშავების სამი სავარაუდო მიდგომა“, აღმზრდელ-პედაგოგის პროფილი ჩვენეული შეხედულება“, ,,სწავლების მეთოდები“, ,,ხარისხის დონე ბავშვთა ადრეული განათლებისა და ზრუნვის სფეროში“ და სხვა.

ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია აწმყოსა და მომავლის გამოწვევებს მიეძღვნა. მონაწილეებმა გამოთქვეს არაერთი ახალი იდეა და შეხედულება.

კონფერენციის ბოლოს ადრეული განათლების საბაკალავრო პროგრამების შექმნის ვორქშოფების მონაწილე უნივერსიტეტის პროფესორებს დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა