27 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ქიმიის ფესტივალი გაიმართა. ფაქტობრივად, პანდემიის შემდეგ, საუნივერსიტეტო ცხოვრებას ძველებური ხიბლი მიეცა. უნივერსიტეტმა სხვადასხვა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს უმასპინძლა. მუსიკალურ გაფორმებაზე „ბსუ ბენდი“ ზრუნავდა. ფესტივალის თარიღი ორგანიზატორებმა ქიმიის კვირეულს დაამთხვიეს. სტუდენტებმა პედაგოგებისა და მოსწავლეების წინაშე ვიზუალურად შთამბეჭდავი და ემოციური არაერთი ცდა ჩაატარეს.
მაია ვანიძე ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ფესტივალის ორგანიზატორია. ამბობს, რომ მასწავლებლების სურვილი იყო მოსწავლეებისთვის სადემონსტრაციო ცდების ჩვენება, რამაც თავის დროზე ფესტივალის ჩატარების იდეა წარმოშვა: „წლების განმავლობაში ქიმიის დეპარტამენტი ინტენსიურად ეხმარება სკოლის პედაგოგებს საინტერესო კვლევითი თუ შემეცნებითი სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში. ქიმია ექსპერიმენტული მეცნიერებაა. მისი ათვისება შეუძლებელია პრაქტიკის გარეშე, ამიტომ ხშირად სკოლის პედაგოგების თხოვნით, უნივერსიტეტის რესურსების გამოყენებით, ქიმიის დეპარტამენტში და ადგილზე გასვლით, ვაწყობდით ექსპერიმენტული სახის სემინარებს, სადაც მოსწავლეებს წარვუდგენდით როგორც პროგრამულ, ასევე საინტერესო ეფექტურ ცდებს. იმდენად დიდი იყო საშუალო სკოლის მასწავლებელთა სურვილი რომ განგვეხორციელებინა საინტერესო სადემონსტრაციო ექსპერიმენტები მოსწავლეთათვის, მოგვივიდა იდეა ჩაგვეტარებინა ქიმიის ფესტივალი, სადაც მიიღებდა მონაწილეობას ყველა, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა. მაისის ბოლო კვირას ქიმიკოსები აღნიშნავენ ქიმიკოსთა საერთაშორისო დღეს. სწორედ ამის მიხედვით შევარჩიეთ თარიღი ფესტივალის ჩასატარებლად. ქიმიის ფესტივალი უნივერსიტეტისთვის ახალი ტრადიციაა. ჩვენი დეპარტამენტის პროფესორებისა და სამივე საფეხურის სტუდენტთა ჩართულობით, უკვე მესამედ ჩავატარეთ.
_ ფესტივალში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. რას ისახავდა ეს მიზნად?
_ მოსწავლეებს რომ გაუჩნდეთ ინტერესი ამ საკმაოდ რთული დისციპლინის მიმართ, აუცილებელია პრაქტიკული მეცადინეობები. ბევრ სკოლაში ჯერ კიდევ არ არის ქიმიის ლაბორატორიები პრაქტიკული საშუალებებით აღჭურვილი სრულყოფილად, აქედან გამომდინარე, მასწავლებლების მოტივაცია და დაინტერესება უნივერსიტეტთან თანამშრომლობისა, არის საკმაოდ დიდი, რაც განაპირობებს აგრეთვე მოსწავლეების ჩართულობასაც.
_ კადრები ქიმიის მიმართულებით თანამედროვე სკოლების ერთ-ერთი პრობლემური გამოწვევაა. როგორ უნდა დავაინტერესოთ მომავალი თაობა?
_ ქიმიის მიმართულებით კადრები თანამედროვე სკოლის პრობლემაა, ამიტომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ამ დარგის პოპულარიზაციისათვის, რათა ამ დარგით მოზარდი ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესდეს, ამისთვის უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტს, წარმოებასა და სკოლას შორის მჭიდრო კავშირი, რაც აისახება და გამოვლინდება ერთობლივი მცირე პროექტების განხორციელებაში.
_ ქალბატონო მაია, და მაინც - რატომ ქიმია?
_ იმიტომ რომ ის არის ყველგან და ყველაფერში. თუ ერთხელ შეიყვარე, თავს ვეღარ დაანებებ, გიყვარს ის და ყველა, ვისაც ის უყვარს. ის STEM მიმართულების ნაწილია, ხოლო ქვეყანა რომელიც ზრუნავს ამ მიმართულების განვითარებაზე, სტატისტიკა აჩვენებს, რომ არის წარმატებული.
ნანა დავითაძე ქიმიას უფროსკლასელებს მე-4 და 25-ე და საჯარო სკოლებში ასწავლის. ნანა მასწავლებელი ამბობს, რომ ქიმიის ფესტივალის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელიდან გაიგო და დაინტერესდა: ,,იმ ორ სკოლაში, სადაც ვასწავლი, ფესტივალს გავუწიე ორგანიზება. ჯერ სურვილის და შემდეგ აკადემიური მოსწრების მიხედვით, შევარჩიე მოსწავლეები. აღვნიშნავ, რომ კარგი პროექტია, რადგან მოსწავლეებიც სტუდენტებთან ერთად აქტიურად იყვნენ ჩართულნი ექსპერიმენტების მსვლელობაში. ვფიქრობ, რომ ასეთი აქტივობები მოზარდებს უნარ-ჩვევებს უვითარებს და ზრდის მათ ინტერესს საგნის მიართ. მათ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს საინტერესო კითხვები დაუსვეს და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, ქიმია არის სიახლეების, აღმოჩენების, ექსპერიმენტების საგანი, რომელიც მუდამ ვითარდება“.
შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ისინი ფესტივალის მრავალფეროვან და საინტერესო მხარეზე საუბრობენ.
მიშო მახარაძე, 25-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე: „ძალიან შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართული ქიმიის ფესტივალი. ქიმიის სპეციალობის სტუდენტებმა ცდების ჩატარების საშუალება მოგვცეს. ექსპერიმენტებიდან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო რძეზე ხატვა, რაც ჩემს მეგობრებსაც გავუზიარე. აი, მაგალითად: თეფშზე დავასხი რძე ისე, რომ ზედაპირი დაიფარა. წვეთ-წვეთობით დავამატე ფერადი საღებავები. შემდეგ თხევად საპონში დასველებული ბამბიანი ჯოხით შევეხე და მივიღე საოცრად ლამაზი სურათი“.
თინათინ მიქელაძე, 25-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე: „ძალიან სახალისო ცდები იყო წარმოდგენილი. ესენი იყო: ,,ვულკანი“, ,,ფერადი წვიმა“, რძეზე ხატვა“, ,,ცისარტყელა“ და სხვა. ყოველთვის მაინტერესებდა ეს ცდა როგორ ტარდებოდა და ფესტივალზე მეც ჩავატარე. სტუდენტებმა გვაჩვენეს და ჩვენ გავიმეორეთ. გამჭვირვალე ჭიქაში ჩავასხით ზეთი. შემდეგ თითო ჭიქაში დავამატეთ სხვადასხვა ფერის საღებავი და ამის შემდეგ ჩავაგდეთ შუშხუნა ტაბლეტები, ჭიქაში დაიწყო ვულკანისებრი ეფექტი და პატარ-პატარა ბუშტები ამოვიდა... მართლაც ძალიან სასიამოვნო შესახედი იყო“.
მარიამ ჯაში, მე-4 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე: „სტუდენტებმა ფესტივალზე წარმოადგინეს უამრავი ქიმიური ცდა და სახასიათო გასართობი ცეკვა, უკრავდა ბენდიც. ცდების კომპონენტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა, აქვე ვნახეთ: ,,ანთებული კვარი“, ,,მწვანე ალის ცეკვა“, ,,ფოსფორის წვა“, ,,ოქროს წვიმა“ ,,იოდის საათი“ და ,,ნატრიუმის ცეკვა“.
ტრადიციადქცეული ფესტივალი აუდიტორიას სამომავლოდ ბევრ საინტერესო ცდასა და ექსპერიმენტს ჰპირდება.
უკან |