გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

წარმატებული სტუდენტი

სურათი

რუსუდან ბარამიძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტია. ამბობს, რომ პირველივე წლიდან აქტიურად ჩაერთო საუნივერსიტეტო აქტივობებში. მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი მას უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და გამომუშავებაში დაეხმარა, რის გარეშეც თანამედროვეობაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

 _ პირველივე წელს გავხდი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება ბსუ-ს წევრი, რომლის მიზანიცაა სტუდენტებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების ორგანიზება, სხვადასხვა კონფერენციების ჩატარება. ასევე გავხდი თვითმმართველობისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრი.

პირველ კურსზე მონაწილეობა მივიღე  სტუდენტურ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში და თანაავტორ გოგიტა ბარამიძესთან ერთად გავიმარჯვე. საკონფერენციო ნაშრომი დაიბეჭდა სტუდენტური საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის ნაშრომთა კრებულში.

ჩემი სტუდენტობა პანდემიას დაემთხვა, თუმცა ამან არ შემაფერხა და ონლაინ ვაგრძელებდი აქტიურ ცხოვრებას. ვერთვებოდი სხვადასხვა აქტივობაში. მონაწილეობა მივიღე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის II საუნივერსიტეტო სტუდენტური კონფერენციაში (ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის V კონფერენცია) და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII სამეცნიერო კონფერენციაში „სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები“.

სტუდენტობის განმავლობაში მოვიპოვე აჭარის მთავრობის მიერ დაფინანსება, დამენიშნა სხვადასხვა სტიპენდია: ბსუ-ს სტიპენდია ფრიადოსანი სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს სტიპენდია, ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია, ორჯერ გავხდი პროფესორ გივი გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტი და ბოლოს გავხდი პროფესორ ვალერიან მელქაძის სახელობის სტიპენდიანტი.

წელს ვამთავრებ უნივერსიტეტს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტუდენტობის საუკეთესო ოთხი წელი გავატარე ძალიან მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან ერთად. მადლიერი ვარ ჩემი უნივერსიტეტის, რომ განვითარებისთვის, წარმატების მიღწევისთვის მრავალი შესაძლებლობა მომცა.

_ რუსუდან, ვალერიან მელქაძის სახელობის სტიპენდიანტი სულ ცოტა ხნის წინ გახდით. როგორ აღმოჩნდით კონკურსში?

_ როდესაც სტუდენტი გავხდი, ჩემი მეგობრებისგან უკვე ვიცოდი საფაკულტეტო სტიპენდიების შესახებ. მქონდა მოტივაცია, ჩემი სწავლითა და აქტიური საუნივერსიტეტო ცხოვრებით, მონაწილეობა მიმეღო კონკურსში.

_        რა იცით ვალერიან მელქაძის შესახებ?

_ ვალერიან მელქაძე იყო ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს IV-V მოწვევების დეპუტატი. მისი ნაშრომები ეძღვნება კაპიტალიზმისა და სოციალიზმის პოლიტიკური ეკონომიის აქტუალურ პრობლემებს; საქართველოს სახალხო მეურნეობის პროგნოზირების, დაგეგმვის, მართვის საკითხებს; საფუძველი ჩაუყარა რესპუბლიკაში ეკონომიური მეცნიერების ახალ დარგს - რეგიონულ ეკონომიკას, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი), შრომის წითელი დროშის ორდენი, სამამულო ომის II ხარისხის ორდენი, სამამულო ომის I ხარისხის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი. მეამაყება, რომ ასეთი გამორჩეული, დამსახურებული ეკონომისტის სახელობის სტიპენდიანტი გავხდი.

_ დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტის გადასახედიდან, რას ურჩევდით თანატოლებს, აბიტურიენტებს?

_ აკადემიური სწავლების პარალელურად, მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება ის აუცილებელი ფაქტორია, რომელიც უფრო სრულყოფილს ხდის იმ გამოცდილებას, რასაც სტუდენტები ვიძენთ უნივერსიტეტში.  შესაბამისად, აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, ეძიონ, იკვლიონ თავიანთი ინტერესები, მხოლოდ საუნივერსიტეტო განათლებით არ დაკმაყოფილდნენ და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში, მონაწილეობა მიიღონ კონფერენციებში. სტუდენტური წლები გამოიყენონ ნაყოფიერად ცოდნისა და პრაქტიკის მისაღებად.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა