გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მეტი ვესაუბროთ ისტორიაზე მომავალ თაობას

სურათი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

ხათუნა დუმბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის დოქტორანტია. სადისერტაციო ნაშრომს პროფესორ ჯემალ კარალიძის ხელძღვანელობით საქართველოს უახლესი ისტორიის მიმართულებით ამუშავებს. ახალგაზრდა მკვლევარი უკვე წლებია  ბათუმის კერძო სკოლა ,,გორდაში“  უფროსკლასელებს ისტორიას ასწავლის. ხვალ 26 მაისია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული დღესასწაული საქართველოში. შესაბამისად, პედაგოგის პასუხისმგებლობა და ემოცია დიდია, აღსაზრდელებს საკითხი სიღრმისეულად უნდა გაათავისებინოს:

„ყოველწლიურად, როცა  მეცხრე კლასში შევდივარ, ვცდილობ, რომ საინტერესოდ, დასამახსოვრებლად აღვნიშნოთ ეს დღე. სხვადასხვა აქტივობას და არაერთ ისტორიულ პარალელს ვეყრდნობით. ისტორიის სახელმძღვანელოში მოცემულ თემატიკას _  რა ფასეულობებს ეფუძნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, _  თან ერთვის არაერთი სადისკუსიო კითხვა და პირობა, რაც მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ, მოემზადონ წინასწარ, სიმულაციური შეხვედრები, დებატები გამართონ. ისინი მსჯელობენ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნის მიზეზებზე, რუსეთის იმპერიის დამხობაზე, სწავლობენ ნაწყვეტებს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან“ და ა.შ.  მთავარია, პედაგოგმა სწორად და საინტერესოდ ჩაატაროს  გაკვეთილი. როდესაც ასეთ პატრიოტულ, ეროვნულ საკითხებს ვეხებით, ვავლებთ პარალელებს თანამედროვე საგარეო თუ საშინაო ისტორიულ მოვლენებთან. დღეს, რუსეთ-უკრაინის ომს  ხშირად განიხილავენ მოზარდებიც. ისინი უკრაინელებს თანადგომას და მხარდაჭერას უცხადებენ.  ყოფილა შემთხვევა, როცა აღნიშნული საკითხი მოსწავლეებს შორის კამათის საფუძველი გამხდარა განსხვავებული შეხედულებების გამო. ასეთ დროს ფაქიზი მიდგომაა საჭირო...

_ ქალბატონო ხათუნა, გთხოვთ მოკლე ისტორიული ექსკურსი გააკეთეთ საკითხთან მიმართებაში....

_ თავდაპირველად, საინტერესოა, თუ რა პროცესებმა განაპირობა  1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით ერთხმად მიიღო ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“ და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობა დაამტკიცა. დამოუკიდებლობის აქტი შემდეგ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანომ _ დამფუძნებელმა კრებამ. ამ აქტით საქართველომ საუკუნეზე დიდი ხნის წინ  დაკარგული დამოუკიდებლობა დაიბრუნა. მოვიტან ნაწყვეტს ,,საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიდან“, რომელიც მნიშნველოვან ფასეულობებს ეფუძნებოდა: ,,მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისგან შევიწროებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო, საქართველო გარეშე მტრებისგან დაეცვა. რუსეთის დიდი რევოლუციის  მსვლელობამ  რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შექმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად  დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი  სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შექმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ  დაპყრობისგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ამის თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო  აცხადებს:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელი სახელმწიფოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს სურს, საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს“.

სამწუხაროდ, საქართველომ დამოუკიდებლობა აქტის მიღებიდან მალე დაკარგა. არაერთი ბრძოლის მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა უძლური აღმოჩნდა ვერაგი მტრის წინაშე.  მრავალი წელი ქართველმა ხალხმა საბჭოთა რეჟიმში გაატარა, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს დაამტკიცებდნენ.

  1991 წლის 9 აპრილის  საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია ქართველი ერის ისტორიაში. აღნიშნული  აქტის მიღებამდე საქართველოს უზენაესი საბჭოს უპირველესი ამოცანა საბჭოთა სტრუქტურების  ნგრევა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება გახდა: დაიწყო თავისუფალი მეწარმეობის წახალისება, კოლმეურნეობებისა და საბჭოთა მეურნეობების დაშლა, ცალკეული საწარმოების კერძო მფლობელების ხელში გადასვლა, გაჩნდა კერძო ბანკები, პრესა უფრო დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი გახდა. რაც შეეხება ქვეყნის დამოუკიდებლობას, უზენაესმა საბჭომ ჩათვალა, რომ  ეს საკითხი მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა და ამიტომ, 1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვისთვის: ,,თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის  26 მაისი აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის  ავტონომიურ ოლქში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა მხარი დაუჭირა რეფერენდუმს. სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფო 1918-1921 წლების  რესპუბლიკის მემკვიდრედ გამოცხადდა.  უზენაესმა საბჭომ აუცილებლობად  მიიჩნია სახელმწიფოს მეთაურის  _ პრეზიდენტის თანამდებობის შემოღება.  26 მაისს დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც ზვიად გამსახურდიამ გაიმარჯვა.

და ბოლოს, გეტყვით, რომ ისტორიის პედაგოგების მისიაა მომავალ თაობას მივცეთ საფუძვლიანი განათლება ერის ისტორიიდან. ვასწავლოთ ქვეყნის სიყვარული და ბევრი ვესაუბროთ ქვეყნებს შორის თანამეგობრობაზე, ტოლერანტობაზე, თანასწორობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე. ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. სულ მალე გაერთიანებული ქვეყნისთვის მიმელოცოს ეს დღე!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა