გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ისტორიკოსები 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შესახებ

სურათი

„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა,  სადაც დედაენას ძეგლი დაუდგეს“! - ასე იწყებს ლექციას ისტორიის სპეციალობის სტუდენტებთან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი. ხვალ 14 აპრილია, სახელმწიფო ენის დღე, უმნიშვნელოვანესი თარიღი ქართველი ერის ისტორიაში. შესაბამისად, ბატონი ოთარი სტუდენტობისდროინდელ მოვლენებს, ახლა უკვე ახალგაზრდებს უამბობს:

 „1976 წელს საბჭოთა კავშირის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა დაიწყო. 1977 წლის მეორე ნახევარში, შემოდგომაზე, პირველად 6 ნოემბერს გაიჟღერა სახელმწიფო ენის სტატუსი. 1978 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ  მოკავშირე რესპუბლიკაში ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა გადაწყვიტა.  სსრკ-ის სახელმწიფო ენად  მხოლოდ რუსული ენა რჩებოდა.   1978 წლის თებერვალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფმა და სტუდენტთა ნაწილმა, უნივერსიტეტის ბაღში პროტესტის ნიშნად მიტინგი გამართეს, სადაც ენის  დაცვის შესახებ აქტიურად დაიწყეს საუბარი.  სიტყვით გამოვიდა მზექალა შანიძე, მარიამ ლორთქიფანიძე და სხვა  ცნობილი მეცნიერები. მათ დააყენეს საკითხი, რომ საბჭოთა საქართველოში სახელმწიფო ენად  ქართული ენა უნდა ყოფილიყო. მალე თბილისის ქუჩებში საქართველოს ჰელსინკის კავშირის ჯგუფების  მიერ პროკლამაციები გავრცელდა, სადაც  საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებდნენ, რომ გამოსულიყვნენ ქუჩებში ქართული ენის დასაცავად. სხვაგვარად არც შეიძლებოდა მომხდარიყო, რადგან ქართული ენა ერთ-ერთი უძველესი ენაა 14 დამწერლობათა შორის, ქართველი ხალხი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის მატარებელია.             უკვე აპრილიდან დაიწყო დიდი გამოსვლები“, _ იხსენებს მაშინ სტუდენტის ამპლუაში მყოფი და დღეს უკვე პროფესორი, რომელიც მთავრობის სახლის წინ შეკრებილ, დაახლოებით  6 ათას სტუდენტთა შორის ერთ-ერთი იყო და ამავდროულად, საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის წევრიც გახლდათ.  

 „ეს იყო გრანდიოზული მიტინგი, რომლის მსგავსი საბჭოთა კავშირის დაშლამდე არავის ენახა. მომიტინგეები ისეთი  ეგზალტირებულნი იყვნენ,  რომ თუ არ მოხდებოდა ის რაც ქართველ ხალხს სურდა, შეიძლება სისხლიც კი დაღვრილიყო. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი მაშინ ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. შევარდნაძე  ამ მოვლენებთან დაკავშირებით ბრეჟნევსაც შეხვდა. ბრეჟნევი მას შეჰპირდა, რომ ვითარების გართულების შემთხვევაში საქმეში ჩაერეოდა.

ბოლოს მართლაც ასე მოხდა, გამოვიდა შევარდნაძე  და აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ მოსკოვიდან მიღებულია თანხმობა და მოკავშირე რესპუბლიკის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ჩაიწერება  ქართული ენა. ამ ინფორმაციას ძალიან დიდი ოვაციები მოჰყვა.  ფაქტობრივად, ეს იყო ხალხის გამარჯვება, ეს იყო დიდი გამარჯვება. 14 აპრილს ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა“...

ისტორიკოსი ბათუმში განვითარებულ პროცესებსაც იხსენებს: „მალე, 26 მაისს, მსგავსი მოვლენები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც განმეორდა, სადაც ასევე აქტიური მონაწილე გახლდით.   ჩემს თვალწინ ჩაიარა ამ მოვლენებმა. აჭარაში ეს იყო გამოძახილი 14 აპრილის თბილისის მოვლენებისა და ვითხოვდით, რომ  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც  სახელმწიფო ენად ქართული ენა ჩაწერილიყო. ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია დააყენეს, რომ სტუდენტები არ შეერთებოდნენ აქციას. ისიც კი მახსოვს, რომ როცა არ გვიშვებდნენ მიტინგზე, უნივერსიტეტის შენობიდან ერთ-ერთი სტუდენტი მეორე სართულის აუდიტორიიდან  გადახტა და ფეხი მოიტეხა.  ძალიან დიდი მღელვარება იყო აჭარაშიც, იყო სიტყვით გამოსვლები   მთავრობის სახლის  წინ... თავდაპირველად,  სტუდენტები ჯერ უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ, შემდეგ კი მთავრობის შენობისკენ დაიძრნენ. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა პოეტი ვახტანგ ღლონტი, ნოდარ ქედელიძე და აწ გარდაცვლილი მალხაზ სიორიძე. კარგად მახსოვს, რომ მაშინ აჭარის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი  პაპუნიძე იყო. შევხვდით  მას კაბინეტში, რომელიც დაგვპირდა, რომ გაკეთდებოდა ყველაფერი ისე, როგორც ხალხს უნდოდა, თუმცა ასი პროცენტით ვერ ამბობდა, რომ მართლა ჩაიწერებოდა  აჭარის კონსტიტუციაშიც ქართული ენა.  როგორც ჩანს, მაშინ ჯერ კიდევ ნებართვა არ ჰქონდა მიღებული თბილისიდან. უკვე  მეოთხე შეხვედრაზე  გვითხრა, რომ დიახაც, ქართული ენა ჩაიწერებოდა აჭარის კონსტიტუციაში და ამას თავად კი არა, ბატონი ედუარდ შევარდნაძე გვეტყოდა...

ასეც მოხდა. მართლაც ჩამოფრინდა შევარდნაძე და ხალხს შეხვდა მიტინგზე, რომელმაც შეკრებილებს ,,ბათუმის დინამოს“  სტადიონზე შეკრება შესთავაზა. აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ხმაურით შეხვდნენ. ზუსტად მახსოვს, შევარდნაძემ მომიტინგეებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „ჯერ საქართველოში არ არსებობს, კაცი რომელიც იტყვის, რომ შევარდნაძემ  ტყუილი თქვაო  და რასაც ახლა ვიტყვი, ეს თუ არ შევასრულე, მაშინ  თითოეულმა აქ მყოფმა თითო ქვა მესროლეთ.  მე როგორც საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, პირველი პირი საქართველოში და ამასთანავე საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, გპირდებით, რომ აჭარის კონსტიტუციაშიც ჩაიწერება ქართული ენა. სულ მალე დაინახავთ და დარწმუნდებით, რომ ჩემი სიტყვა და საქმე ერთია, ახლა მე გავალ თქვენს შორის და თქვენ გამომყევით,   დავიშალოთ და ერთმანეთს აყვავებული მომავალის და გაძლიერებული საქართველოს იმედით დავემშვიდობოთ“-ო. მართლაც ასე მოიქცა. უცებ გაიშალა შეკრებილი ხალხი და შევარდნაძე მათ შორის სწრაფი ნაბიჯებით გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისაკენ წავიდა. შენობაში შესულმა შევარდნაძემ მეორე სართულის აივნიდანაც მიმართა ხალხს:  „მე რაც ვთქვი იმას შევასრულებ, თქვენ ამაში მალე დარწმუნდებით. ეს არის ქართული ენის გამარჯვების, ჩვენი გამარჯვების დღე“. მან ხალხს კიდევ ერთხელ მოუწოდა დაშლისკენ, წარმატებები უსურვა ყველას და მადლობა გადაუხადა ასეთი პატრიოტიზმისთვის“, - ემოციის გარეშე ვერ იხსენებს იმ დღეების ქრონიკას ბატონი ოთარ გოგოლიშვილი.

1978 წლის 14 აპრილის პროცესებს ისტორიულ ჭრილში აფასებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, ბატონი ჯემალ კარალიძე: „დავიწყებ მცირე ისტორიული ექსკურსით - ალბათ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც სხვა ქვეყნის, ერის დაპყრობას ცდილობს და ასიმილირებას ახდენს, ცდილობს თავისი ენის დანერგვას და გავრცელებას შეფარული გზით  თუ ღია ხისტი პოლიტიკით. ჩვენ გვახსოვს ალბათ, რომ ელინიზაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ეს იყო ბერძნული ენის გავრცელება არა ბერძნულ სამყაროში. მე-19 საუკუნიდან, როცა იმპერიის შემადგენლობაში აღმოვჩნდით, რუსეთი ყოველმხრივ ცდილობდა კავკასია და კერძოდ საქართველო, მყარად დაეპყრო და მოეხდინა მისი რუსიფიკაცია, მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების, ეკონომიკის განვითარებაც ყოფილიყო მაქსიმალურად რუსეთის ინტერესებზე ორიენტირებული და მორგებული. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ქართველი მოსახლეობის ენობრივი გადაგვარება.  ამის ღია ნიშნებიც გვაქვს, სახელმწიფო ადმინისტრაციული მმართველობა რუსულ ენაზე მიმდინარეობდა, სასამართლო პროცესები რუსულ ენაზე იმართებოდა. საბჭოთა ეპოქაში უნდა ვთქვათ, რომ  ახალი საბჭოური სისტემის დროს ბოლშევიკები შეფარულად იმთავითვე აცხადებდნენ ერების და რწმენის თავისუფლებას... უნდა აღვნიშნოთ, რომ ფორმალურად საბჭოთა სისტემა ენის თავისუფლებას  არ ზღუდავდა. თვით საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის  სამივე კონსტიტუციაში 1922 წლის, 1927 წლის და 1937 წლის კონსტიტუციებში ქართულ ენას სტატუსი გარანტირებული ჰქონდა.  სახელმწიფო ენის სტატუსი ნიშნავს, რომ მართალია საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ენა რუსული ენაც იყო, მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ენას ჰქონდა უპირატესობა,  თუმცა  ეს იყო ფორმალური. აი, მაგალითად: ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის, არაქართულ მოსახლეობასთან კომუნიკაციისთვის, კარიერული წინსვლისათვის, რუსული ენა ფაქტობრივად, სავალდებულო იყო. ელემენტარულად აბრები ჯერ რუსულ ენაზე იწერებოდა, შემდეგ კი ქართულ ენაზე... ქართული ენის შენარჩუნების საქმეში გარდამტეხი როლი ითამაშა ქართულმა სიტყვიერებამ, ლიტერატურამ, ხელოვნებამ, კულტურამ და მათმა შეფარვით ბრძოლამ ეროვნული ცნობიერების გადარჩენისთვის.

გავიხსენებ ჩემი სტუდენტობის დროს განათლების სფეროზე რუსულ გავლენებსაც. მახსოვს, უნივერსიტეტში პედაგოგიკის მიმართულებით სწავლა ორი სექტორზე მიმდინარეობდა, აქ სწავლობდნენ ეროვნებით ქართველები და რუსულენოვანი სტუდენტები. თუ პარალელს გავავლებთ, დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპეისტიკის დეპარტამენტში სტუდენტები სხვადასხვა უცხო ენას ეუფლებიან. თანამედროვე კონკურენტუნარიან გარემოში, აუცილებელიცაა, როცა ახალგაზრდა ბევრ ენას ფლობს. მათ შორის, უნდა ვიცოდეთ ჩვენი მტრის ენაც...

ჩვენ ქართველები ოდითგანვე ტოლერანტული ერი ვართ, დღესაც ვფიქრობ, რომ ქართული ენის დაცვის მიზნით სერიოზული სახელმწიფოებრივი მიდგომაა საჭირო. ჩვენს ქვეყანაში მოსულ სტუმრებს ვცდილობთ, რომ ველაპარაკოთ მათ ენაზე, თუმცა, არ ვცდილობთ, რომ მათ ვასწავლოთ ქართული, ასეთი ერი ვართ ჩვენ... და ბოლოს, თითოეულ ქართველს ვულოცავ დედაენის დღეს. ჩემი სურვილია, არასოდეს შეექმნას საფრთხე ქართულ ანბანს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა