გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

"ფრანკოფონიის დღეები" - 2022

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ფრანკოფონიის დღეების“ ჩატარება ტრადიციად იქცა. ცხადია, პანდემიის შემდეგ, გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა. ჩვენი უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია აბაშიძე პროექტის კოორდინატორია, რომელიც ამავდროულად ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრიცაა. პროექტში აქტიურად მონაწილეობენ სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები.

_  ქალბატონო ნათია, გვიამბეთ ზოგადად პროექტის შესახებ...

_ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ოფიციალურად 20 მარტს აღინიშნება და გვახსენებს ფრანგული ენის როლს და ადგილს მსოფლიოს ენებს შორის.  ეს თარიღი უკავშირდება ფრანკოფონიის, მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციის (OIF) დაარსების თარიღს. პირველად მსოფლიოში ის 1988 წელს აღინიშნა. ეს დღე ყველა იმ ადამიანის დღესასწაულია, ვინც სწავლობს, საუბრობს ფრანგულ ენაზე, უყვარს და პატივს სცემს ევროპულ კულტურას და ზოგადად ადამიანურ ღირებულებებს. ფრანგული ენა  მსოფლიო ფრანკოფონების ერთიანობისა და ამავდროულად, მრავალფეროვნების სიმბოლოა. ბსუ-ს ორგანიზატორობით ჩვენც სხვადასხვა ღონისძიებით ვუერთდებით აღნიშნულ დღესასწაულს: კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, სახალისო აქტივობები, სემინარები, კონფერენციები, ოფიციალური შეხვედრები,  გამოფენა, ფილმის ჩვენება, იბადება ახალი იდეები, იგეგმება ახალი პროექტები და ა.შ. როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი, 2014  წლიდან ჩავერთე აქტიურად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელ, ქალბატონ ნატალია სურგულაძესთან და აჭარის ფრანგული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად. განსაკუთრებით გამოვყოფ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის, ქალბატონ მარინა გიორგაძის წვლილს ამ საქმიანობაში. 2014 წლიდან მოყოლებული გაიზარდა ღონისძიებების არეალი. აღნიშნულ ღონისძიებებში ჩართულია როგორც აჭარის საგანმანათლებლო დაწესებულებები (სკოლები), ისე კულტურის სფერო. პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, პროექტებში ჩართულობას, ფრანგული ენის პოპულარიზაციას.

_ მოსწავლეები და სტუდენტები სიგელებით დაჯილდოვდნენ. რას გვეტყვით აღსაზრდელების შესახებ?

_ პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს, პარტნიორ ორგანიზაციებს, გულშემატკივრებს და თქვენ იმისთვის, რომ საშუალება მომეცით ამ ფორმატით გადმოვცე სათქმელი. პანდემიამ ძალიან შეგვაფერხა ბოლო ორი წელია და ეს გავლენა გარკვეულწილად აისახა 2022 წლის ღონისძიებებში. მიუხედავად ამისა, მონაწილეებმა წარმოადგინეს ფრანკოფონიასთან დაკავშირებული საინტერესო თემები: მოდა, კულტურა, ხელოვნება, კინოხელოვნება, განათლების სისტემა, გაცვლითი პროექტების როლი სტუდენტურ ცხოვრებაში. დასკვნით შეხვედრაზე ბსუ-ს რექტორმა ბატონმა მერაბ ხალვაშმა და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ბატონმა პიერ კლუემ მათ სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს.

ფრანგული  ფილოლოგიის სტუდენტებთან ერთად განსაკუთრებით მისასალმებელია ამგვარ აქტივობებში არასპეციალობის სტუდენტების ჩართულობა, ესენი გახლავთ ინგლისური ფილოლოგიის, ევროპისმცოდნეობის და საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის სტუდენტები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში ირჩევენ ფრანგულს, როგორც მეორე უცხოურ ენას და აქვთ იმის ფუფუნება, რომ პრაქტიკული კურსი ფრანგ ან ბელგიელ მასწავლებელთან ერთად გაიარონ, უფრო ახლოს გაეცნონ ფრანგულ კულტურას და გამოიყენონ ეს ცოდნა სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებაში. მინდა დიდი სიხარული გამოვხატო ასევე საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეების აქტიურ მონაწილეობასთან დაკავშირებით, ეს მათი პირველი ნაბიჯებია საუნივერსიტეტო სივრცეში. ვფიქრობ, ეს გამოცდილება აუმაღლებს მათ მოტივაციას და დაეხმარება პროფესიის არჩევაში.

    მარიამ პაქსაძე, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი:  „დავიწყებ იმით, რომ სტუდენტებს ყოველთვის გვჭირდება სიახლეები, რათა ჩვენი სწავლის რუტინა არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი. პროექტი იდეალურად ერგება  სტუდენტთა ინტერესებს. პროექტის ფარგლებში, გასულ და მიმდინარე სემესტრში, გვერგო პატივი გვყოლოდა უცხოელი სტაჟიორი, რომელიც გვიტარებს ლექცია-სემინარებს, რაც ხელს უწყობს თავის მხრივ უცხო ენის უნარ-ჩვევების განვითარებას, ახალი აქტივობების დამუშავებას და კომუნიკაციის შესაძლებლობას. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვეძლევა გავეცნოთ ევროპულ კულტურასა და ტრადიციებს.   საერთო ჯამში, ყოველივე ეს გვაძლევს მეტ მოტივაციას, შესაძლებლობასა და უნარს შევისწავლოთ და გავიგოთ მეტი.

    წლევანდელი პროგრამა საკმაოდ მრავალფეროვან ღონისძიებათა კრებულს  გვთავაზობდა,  რითაც სტუდენტებს მოგვეცა შესაძლებლობა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისა და მონაწილეობის. მაგალითად, ფრანკოფონიის კვირეულისდამი მიძღვნილი კონფერენციები, გამოფენები, რაშიც სტუდენტები ვიყავით ჩართული, ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა საფრანგეთის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღების და მათი ტრადიციების,  ხელოვნების გაცნობის მხრივ.

    ჩვენ, სტუდენტები, ორიენტირებული ვართ  სწავლის პროცესში სიახლეების მიღებასა და მეტ აქტივობაზე. შესაბამისად, პროექტი ზუსტად ერგება ჩვენს ინტერესებს, რაც გვაძლევს  მეტ ცოდნასთან ერთად გამოცდილებასა და  კომუნიკაციური უნარების გაუმჯობესების შესაძლებლობას, რაც თავის მხრივ სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნების ერთ-ერთი საშუალებაცაა. შესაბამისად,  ჩემთვის  მისასალმებელია მსგავსი პროექტები და მათში ჩართულობა“.

14 წლის ელენე ზაქარაძე, რომელიც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა, ფრანგულ ენას მესამე კლასიდან  სწავლობს. ის სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას საფრანგეთში გეგმავს: „კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ჩემმა მასწავლებელმა რამდენიმე წლის წინ შემომთავაზა და მეც დავინტერესდი. კვლავ მქონდა სურვილი, რომ წელსაც ნაშრომი წარმედგინა. ჩემი თემა განათლების სისტემას, მისაღებ გამოცდებს (როგორც საქართველოში ასევე საფრანგეთშიც), ონლაინ სწავლებასა და სტაჟირების დადებით მხარეებს ეხებოდა.  ნაშრომში ერთმანეთს ვადარებ საქართველოსა და საფრანგეთის განათლების სისტემას. სხვა მონაწილეების თემებსაც გავეცანი,  რაც ძალიან საინტერესო იყო“.

ამავე დღეს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა და მრავალწლიანი თანამშრომლობა შეაჯამეს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა