გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ბსუ-ს სტუდენტები სატელევიზიო პროექტ „წიგნის თაროში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური გუნდი „მფრინავი ჰოლანდიელი“ პირველი არხის სატელევიზიო პროექტ „წიგნის თაროს“ მერვედფინალის გამარჯვებულია. გაზეთი „ბათუმის უნივერსიტეტი“  გაგაცნობთ თორნიკე გოგაძეს, თედო თავდგირიძეს და  ლერი მესხიძეს, რომლებიც ბსუ-ს სტუდენტები და თამაშის მონაწილეები არიან. ისინი  ერთმანეთთან საერთო მიზანმა დააკავშირა.

თორნიკე გოგაძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანმცოდნეობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტია: „ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვარ თარგმანის შესრულებით, თუმცა ამ  მომენტისთვის ცოტა „პაუზა“ მაქვს, რადგან გადართული ვარ პროექტზე. გუნდში მოულოდნელად მოვხდი, ადრეც ძალიან მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობა, თუმცა თანაგუნდელების პოვნა ძალიან ჭირდა, ბოლოს კი გადავწყვიტე ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში დამეწერა მონაწილეობასთან დაკავშირებით. თავიდან მხოლოდ ერთი სტუდენტი გამომეხმაურა, თუმცა ერთ დღეს, დილით მომივიდა შეტყობინება ლერი მესხიძისგან, რომელიც მთავაზობდა მათთან ერთად სათამაშოდ წასვლას. უმალვე დადებითი პასუხი გავეცი და ასე აღმოვჩნდი „მფრინავ ჰოლანდიელში“.

„ვფიქრობ, ინტერესთა მრავალფეროვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ყოველთვის ვცდილობ დავკავდე მრავალმხრივი საქმიანობით, როგორიცაა კითხვა და უნივერსიტეტში სწავლასთან შეთავსებით ზოგადი განათლების მიღება, მოგზაურობა, სპორტი, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და სხვა. „წიგნების თაროს“ გუნდის ფორმირება რთული  პროცესი იყო, მონაწილეების მსურველთა დიდხნიანი ძებნის შემდეგ, ერთ-ერთ ონლაინსემინარზე, მოულოდნელად წავაწყდი თორნიკეს Facebook პოსტს, სადაც წერდა, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარდგენა სურდა სატელევიზო პროექტ „წიგნის თაროში“, რა დროსაც ჩამოყალიბდა კიდეც „მფრინავი ჰოლანდიელი“ სრული შემადგენლობით“, - იხსენებს ლერი მესხიძე, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბანკო, საფინანსო და სადაზღვეო საქმის სტუდენტია.

„ინტელექტუალური თამაშებით ვიყავი დაინტერესებული როგორც მოსწავლეობის, ასევე სტუდენტობის დროს. გარდა ამისა, არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა თამაშში „რა? სად? როდის?  ჩვენი გუნდის სახელი ბევრისთვის უცნაურად ჟღერს.  ზოგს ჰგონია, რომ ეს სახელი იოჰან კრუიფის გამო დავირქვით, თუმცა ასე არ არის. საქმე იმაშია, რომ ბავშვობაში ძალიან მომწონდა „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და სწორედ ამ ფილმიდან ავიღე სახელიც. იდეა გუნდს მივაწოდე და შევჯერდით კიდეც“, - ამბობს თედო თავდგირიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი.

„უპირველესად გავიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, შემდეგ კი ონლაინ ფორმატში გაგვესაუბრნენ. როგორც წამყვანმა გვითხრა,  ძალიან კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, შემდეგ მოვხდით 16 საუკეთესო გუნდს შორის და პირველი თამაშიც წარმატებით დავძლიეთ. ეს კონკრეტული პროექტი დაახლოებით 5 წელი ტარდება და არ კარგავს აქტუალობას. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტით ჩვენ სათქმელს ვიტყვით და წარმოვაჩენთ ჩვენს უნივერსიტეტს“, - პროექტის შესახებ გვიამბობს თორნიკე.

შეუძლებელია, ინტელექტუალურ თამაშში მონაწილეობდე და კითხვა არ გიყვარდეს.

„წიგნებთან ჩემი მეგობრული დამოკიდებულება განპირობებულია იმით, რომ ესაა ინტელექტუალური ცოდნის, შემეცნების, გამოცდილების დაუფლების და ცხოვრების გადააზრების გზა. საინტერესო პერსონაჟებთან ურთიერთობა ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის“, - გვიზიარებს შეხედულებას ლერი.

თორნიკე გოგაძისთვის  წიგნი საუკეთესო მეგობარია. არჩევანის საშუალება რომ მისცენ თუ რას წაიღებდა კუნძულზე, ამბობს, რომ დაუფიქრებლად  მხატვრულ ლიტერატურას აირჩევდა: „რადგან წიგნი არის პირველი მასწავლებელი და მე მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია“.

თედო თავდგირიძეს წიგნის კითხვა ცოდნის მიღების პარალელურად, სტრესის დაძლევაშიც ეხმარება: „წიგნების კითხვის სურვილი ადამიანში თავდაპირველად დამოკიდებულია ცნობისმოყვარეობაზე,  შემდეგ კი მის გარეშე ვეღარ ძლებ. როცა გარკვეულ დროს წიგნების გარეშე ატარებ, გრძნობ, რომ რაღაც გაკლია. გარდა იმისა, რომ მხატვრული ლიტერატურით ცოდნას ვიღრმავებ, არამედ ეს პროცესი ერთგვარად სტრესის დაძლევაშიც მეხმარება“.

ბათუმელი ბიჭების ყოველდღიურობა ჯანსაღი ცხოვრების წესით და სწავლა-განათლებითაა დატვირთული. წინ ბევრი დასახული გეგმაა...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა