გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

მე ავირჩიე ბსუ, აირჩიე შენც

სურათი

მე ვარ მირიან ფუტკარაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტი. როცა ჩავირიცხე უნივერსიტეტში, პირველი სემესტრის დასრულების შემდეგ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს „სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში“ გავიმარჯვე გამოცხადებულ კონკურსში და მივიღე სრული დაფინანსება, რომლითაც დღემდე ვსარგებლობ. სწორედ ამ სასიხარულო ფაქტით დაიწყო ჩემი მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება.   მოხარული ვარ, რომ ჩემი ინტერესის სფერო შეესაბამება აღნიშნულ დარგს, ყოველთვის ვარ ახლის ძიებაში. ჩემი ინტერსის სფერო არის კონფლიქტების პოლიტიკური ასპექტები, მართვა და ტრანსფორმაცია, ასევე სამოქალაქო საზოგადოების როლის შესწავლა და განსაზღვრა.  სწორედ ამ ყველაფერს ვსწავლობ ბსუ-ს, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დახმარებით. დღეს, გლობალურ ეპოქაში, რომელსაც ინფორმაციულ ეპოქასაც ვუწოდებთ, საერთაშორისო ურთიერთობების ცოდნა, სიტუაციის სწორი შეფასება და სწორი სტრატეგიული ანალიზი არის ძალიან მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი. ვფიქრობ, საერთაშორისო ურთიერთობები არის განვითარებული მომავლის გარანტია. მისი ცოდნა ახალგაზრდებს გვაძლევს ძალიან კარგ საშუალებას გავიკვალოთ გზა ევროპისკენ, ვისწავლოთ გაცვლითი პროგრამებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში და გავხდეთ ევროპის დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

ბსუ ჩემთვის მხოლოდ ის ადგილი არ არის, სადაც ლექცია/სემინარებს ვესწრები, არამედ ბსუ არის ჩემთვის მეორე დიდი ოჯახი, სადაც არის ძალიან კარგი გარემო ურთიერთობებისთვის, შემეცნებითი და არაფორმალური განათლების მიღებისთვის. ვფიქრობ, აქტიური მოქალაქეობა, არაფორმალური განათლება და სამოქალაქო აქტივიზმი მოქმედებაში  მნიშვნელოვანია როგორც პიროვნული, ისე საზოგადოების პროგრესისთვის. აღვნიშნავ ასევე,  რომ საუკეთესო ფაკულტეტის და დეპარტამენტის სტუდენტი ვარ, რადგან საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტი გამოირჩევა პროფესორ მასწავლებელთა  პროფესიონალიზმით, ურთიერთთანამშრომლობით და დიდი სიყვარულით, რომელიც სუფევს სტუდენტსა და ლექტორს შორის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მაძლევს სტიმულს ვისწავლო მეტი, მივიღო მეტი პრაქტიკული გამოცდილება თეორიულ ცოდნასთან ერთად და შევძლო საკუთარი თავის რეალიზება სოციუმში.

ბსუ-სთან უკვე  4-წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს, სადაც მრავალ წარმატებას მივაღწიე. როცა წარმატებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნო ისის, რომ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტს, სემესტრულად მერიცხება სტიპენდიის სახით 750 ლარი, რაც მაძლევს მოტივაციას და სტიმულს იმისა, რომ კიდევ უფრო განვავითარო უნარ-ჩვევები, ვისწავლო მეტი, მივიღო პრაქტიკული გამოცდილება. ბსუ-სთან ასოცირდება ასევე  მორიგი ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდიის მიღება, რომელიც გამოაცხადა შუახევის მერიამ და რომლის მთავარი კრიტერიუმიც იყო სწორედ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების შერჩევა და წახალისება. აქვე გეტყვით, რომ ვარ ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელის მოადგილე და აქტიური წევრი. ჩართული ვარ სამეცნიერო მუშაობაში, რომელიც მაძლევს მოტივაციას, რომ კიდევ უფრო განვვითარდე და განვავითარო ის უნარ-ჩვევები, რომელიც დამეხმარება შემდგომში საკუთარი თავის სრულყოფაში, ცოდნის რეალიზაციაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი, სამეცნიერო საზოგადოების უმთავრესი მიზანია, დავეხმაროთ სტუდენტებს სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის გამოცდილების მიღებასა და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბსუ-მ მომცა საშუალება, მიმეღო უმაღლესი განათლება არამარტო ჩემი სპეციალობით, არამედ სხვადასხვა მიმართულებით. უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ყოველი ახალი პროექტი, კონკურსი თუ ღონისძიება, ჩემთვის გამოწვევაა, ყოველთვის ვცდილობ ჩავერთო და ვიცხოვრო აქტიური სტუდენტური ცხოვრებით.

2022 წლის აბიტურიენტებს მოვუწოდებ აირჩიონ ბსუ, რადგან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მას აქვს  საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანი, საუკუნოვანი გამოცდილება, სრული სახელმწიფო დაფინანსების მქონე საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ასევე რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სტიპენდიები და სოციალური პროგრამები. ჰყავს მაღალკვალიფიციური  აკადემიური პერსონალი.  ბსუ ევროპული უნივერსიტეტია. მე ვსწავლობ ბსუ-ში, ისწავლე შენც  გახადე შენი სტუდენტური ცხოვრება საინტერესო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა