
2-6 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდა რუმენეთში, შტეფან ჩელ მარეს უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში გიორგი ქათამაძემ შტეფან ჩელ მარეს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ლექციები შემდეგ თემატიკაზე: სახელმწიფო რეგულაციების გავლენა ბიზნეს სექტორზე, ბიზნესის თანამედროვე გამოწვევები, საქართველოში ბიზნეს სექტორის პოსტ პანდემიური მდგომარეობის ანალიზი და პანდემიის დადებითი ეფექტი ბიზნეს სუბიექტებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი ქათამაძემ მონაწილეობა მიიღო შტეფან ჩელ მარეს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-19 საერთაშორისო კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის“ , სადაც წარადგინა მოხსენება „კრიზისი - ბიზნეს სუბიექტების დაჩქარებული განვითარების შესაძლებლობა".
მასპინძელი უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პირებმა მზაობა გამოხატეს ერთობლივი პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების ორგანიზების მიმართულებით.