
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ასოცირებული პროფესორის გუგული დუმბაძის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის BS-SEOS „შავი ზღვის ჭკვიანი საზღვაო გარემოსდაცვითი შედეგების სისტემა“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის ეკოსისტემების მდგრადი მართვის ხელშეწყობას, ეკოლოგიური კავშირების გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტიტე აროშიძე, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართული ბსუ-ის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიისა და გეოგრაფიის სპეციალობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პროექტის ხელმძღვანელი ანილ ოზგარი (თურქეთი), პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები თურქეთიდან და რუმინეთიდან, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მასწავლებლები, სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრაზე სტუდენტებს მიეცათ პროექტის მიზნების, მეთოდოლოგიისა და მოსალოდნელი შედეგების გაცნობის საშუალება. აქ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინოვაციური ტექნოლოგიების – მათ შორის დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის – გამოყენებაზე შავი ზღვის ეკოლოგიური სტატუსის შეფასებისას. ასევე ხაზგასმულ იქნა ეკოლოგიური მონაცემთა ბაზების შექმნისა და მათი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა მეცნიერებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს სამეცნიერო დიალოგის გაღრმავების, ახალგაზრდების ინფორმირების და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გაცნობის კუთხით.
უკან |