საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„დედამიწის საათი 2025“ - გარემოსდაცვითი ინიციატივა

სურათი

„დედამიწის საათი“ წარმოადგენს მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) მიერ ინიცირებულ საერთაშორისო მოძრაობას, რომლის მიზანია საზოგადოებაში კლიმატური ცვლილებების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გლობალური ეკოლოგიური პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ყოველწლიურად, მარტის ბოლო შაბათს, მსოფლიოს ასობით ქვეყანა ერთი საათით თიშავს განათებას. ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გავლენიანი გარემოსდაცვითი აქტივობაა გლობალურ დონეზე.

მიმდინარე წლის 22 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ეკოლოგიის, გეოგრაფიისა და ქიმიის სპეციალობის სტუდენტებმა და აკადემიურმა პერსონალმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიაში. ღონისძიება გაიმართა სასტუმრო „შერატონის“ სივრცეში, აღნიშნული კამპანიისადმი ერთგულების და გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმით.

ღონისძიების ფარგლებში, სასტუმროს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ია ბედინაძემ და ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, გუგული დუმბაძემ, ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის დროსაც მათ მიმოიხილეს თანამედროვე ეკოლოგიური გამოწვევები და ისაუბრეს ინდივიდუალური და კოლექტიური ქმედებების მნიშვნელობაზე გარემოს მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ „დედამიწის საათი“ სცილდება შუქის დროებით გამორთვას და წარმოადგენს კოლექტიური პასუხისმგებლობისა და მოქმედების სიმბოლოს, რომელიც ეხმიანება მომავალი თაობების კეთილდღეობის უზრუნველყოფის საჭიროებას.

20:30 საათზე, სტუდენტებისა და სასტუმროს ადმინისტრაციის ერთობლივი მონაწილეობით, სიმბოლურად გამოირთო განათება სასტუმროს შიდა და გარე სივრცეებში. აღნიშნულ პერიოდში განათება გაითიშა სხვა სახელმწიფო სტრუქტურებშიც, რაც კიდევ უფრო გაძლიერებულად ასახავს საზოგადოების მზაობას გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მიმართ ერთიანი მოქმედებისთვის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი განაგრძობს სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობას გარემოსდაცვით ინიციატივებში და მტკიცედ უჭერს მხარს გლობალურ მოძრაობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების პრევენციას და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

დედამიწის საათი – ჩვენი პასუხისმგებლობა პლანეტის წინაშე.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა