განათლების საერთაშორისო ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა

სურათი

26 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 21-ე აუდიტორიაში, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები უნგრულ და ფრანგულ სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ. ასევე, შეხვედრაზე საუბარი შედგება ცენტრის სხვა სასტიპენდიო პროგრამებზე.

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული. 2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები იქნებიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს

საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი - 25, 
  • მაგისტრატურა - 25, 
  • დოქტორანტურა - 20, 
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5, 
  • სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.

პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება. პროგრამის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: 

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი/მათემატიკა;
  • ბიოლოგია/ფსიქოლოგია;
  • აგრარული მეცნიერებანი; 
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები;
  • სოციალური მეცნიერებანი;
  • ჯანდაცვა;
  • სპორტის მეცნიერებანი;
  • ხელოვნება.

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე - 2018 წლის 16 იანვარიდან - 2018 წლის 16 თებერვალის ჩათვლით. ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე და სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე. კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიანტები 2018-2019 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში).  დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.  საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტზე ნომინირებული აპლიკანტები გაეცნობიან 2018 წლის ივნისის ბოლოს. 

სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ აცხადებს საფრანგეთის ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მსურველთა მიღებას. სასტიპენდიო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც ხორციელდება განათლების საერთაშორისო ცენტრს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში და კამპუსს ფრანსს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგებში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 31 წლამდე ასაკის  საქართველოს მოქალაქეებს, ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის/შემდგომი აკადემიური ხარისხი, ან სწავლობენ საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე, ან სწავლობენ საფრანგეთში  სამაგისტრო პროგრამა მასტერ 1-ზე და სურთ მასტერ 2-ზე სწავლის დაფინანსების მოპოვება.  

სასტიპენდიო პროგრამის 2018-2019 სასწავლო წლის პრიორიტეტული შემდეგი მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:

  • აგრარული მეცნიერებანი;
  • განათლება;
  • ინჟინერია;
  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;
  • სამართალი;
  • არქიტექტურა;
  • საჯარო მმართველობა;
  • მენეჯმენტი.

განცხადებები მიიღება 2018 წლის 22 იანვრიდან 22 თებერვლის ჩათვლით, 19:00 საათამდე.
  
კონკურსის საბოლოო შედეგები კონკურსანტებს ეცნობებათ 2018 წლის 31 მარტამდე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა