გარდაიცვალა ბსუ-ს საპატიო დოქტორი ფერიდე აცამბა

სურათი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, „მეგობრობის ორდენის“ კავალერი და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის დიდი გულშემატკივარი - ქალბატონი ფერიდე აცამბა.


პროფესორმა ფერიდე აცამბამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებაში. მას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ხანგრძლივი სამეცნიერო და პედაგოგიური ურთიერთობა აკავშირებდა, უწევდა მეცნიერულ, მეთოდურ და პროფესიულ დახმარებას. ღვაწლმოსილ პროფესორს გამოქვეყნებული აქვს 2 მონოგრაფია და 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატია არაბეთის ქვეყნების სოციალური სტრუქტურის პრობლემებისა და ისლამის რელიგიური ინსტიტუტების ფუნქციონირების საკითხებზე. პროფესორ ფერიდე აცამბას ხელმძღვანელობით 21-მა ასპირანტმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია .


ფერიდე აცამბა დაიბადა 1922 წლის 28 ივნისს, ბათუმის რაიონის სოფელ მინდაში. იგი 1938-1940 წლებში სწავლობდა ბათუმის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაასრულა 1950 წელს. ფერიდეაცამბა 1956 წლიდან გარდაცვალების დღემდე მუშაობდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ინსტიტუტსა და აზიის და აფრიკის ქვეყნების ინსტიტუტში, იყო ასისტენტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი და 1991 წლიდან - პროფესორი. შვიდი წლის განმავლობაში იგი გახლდათ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე, 1990 წლიდან იყო აზიისა და აფრიკის ქვეყნების რელიგიების ისტორიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.

ცნობილი მეცნიერი დაჯილდოებული იყო მედლებით, მინიჭებული აქვს მოსკოვის ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის წოდება, პროფესორმა ფერიდე აცამბამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ქართველი და აფხაზი მეცნიერის აღზრდაში.
ოჯახთან ერთად ვიზიარებთ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას, მისი ნათელი ხსოვნა დიდხანს დარჩება კოლეგებსა და მეგობრებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა