
საზაფხულო სკოლა - სემინარის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ და იულიხის ბირთული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა ჰანს შტროერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას. დოკუმენტით თანაშრომლობის მიმართულებები, სამომავლო გეგმები, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება.
იულიხში მოღვაწე ქართველი მეცნიერებისა და სტუდენტთა ჯგუფის (ფიზიკოსებისა და ინჟინრების) გამოცდილების გათვალისწინებით, დაგეგმილია ერთობლივი კვლევების სპექტრის გაფართოება ფუნდამენტური მეცნიერების სხვა მიმართულებითაც. ამ მიზნით რუსთაველის სამეცნიერო ფონდს გამოცხადებული აქვს 2012 წლის კონკურსი, რომლის მიზანია დაეხმაროს ქართველი მაგისტრანტებისა და დოქტორანტების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას ცენტრში მათი სამეცნიერო სტაჟირების უზრუნველყოფის გზით. ამ ფაქტის გათვალისწინებით, გერმანულ-ქართული სკოლა-სემინარის (რომელიც პირველად ჩატარდა 2004 წელს და ტრადიციულად 2 წელიწადში ერთხელ იმართება) მთავარი ამოცანაა ახალგაზრდა მეცნიერებს მიეცეთ საშუალება უკეთ გაეცნონ ცენტრის სამეცნიერო ინფრასტრუქტურის ბაზაზე განხორციელებულ ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევით პროექტებს, რაც ქართული სამეცნიერო პოტენციალის გაღრმავებას განაპირობებს.
უკან |