
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი ბსუ-ს რექტორს, ტიტე აროშიძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ცირკულარული ეკონომიკის სწავლების დანერგვა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებში. ბატონი სოლომონი წლების განმავლობაში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. იგი მუშაობს როგორც აგრარული მეცნიერების ასევე, მწვანე და ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით.
რექტორთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ცირკულარული ეკონომიკის, როგორც დისციპლინის სწავლების შესაძლებლობა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში - როგორც არჩევითი, ისე ძირითადი კურსის სახით. ასევე, საუბარი შეეხო ცირკულარული ეკონომიკის და ნარჩენების მართვის მიმართულებით ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავების საკითხს. აღსანიშნავია, რომ ბატონი სოლომონი თანამშრომლობს ვენის უნივერსიტეტთან და განიხილეს ამ მოდელის ბსუ-ში დანერგვის შესაძლებლობა.
შეხვედრის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილმა რექტორს გადასცა სახელმძღვანელოები: ,,საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასება“, ,,ცირკულარობის გზამკვლევი საქართვლოსთვის“ და ,,შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება“, რომლებიც შემუშავდა სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის მიერ, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის. სამეცნიერო მასალა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში აღნიშნული მიმართულებით სწავლებისა და კვლევების განვითარებას.
უკან |