
საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტს შორის გრძელდება. დღეს ბსუ-ში ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ,,მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“ წარდგენა გაიმართა. პროექტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და დაფინანსდა ფონდის მიერ.
პროექტი, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობენ, აგრძელებს ქართული და გერმანული უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ტრადიციას. პროექტს ხელმძღვანელობს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მანანა თანდაშვილი. ბსუ-დან მონაწილეობას იღებენ ასოცირებული პროფესორი მზია ხახუტაიშვილი, პოსტდოქტორანტი თათია ცეცხლაძე და დოქტორანტი ანასტასია ყამარაული. პროექტი მიზნად ისახავს მანიპულაციის ენობრივი საშუალებების კვლევას თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში.
პროექტის წარდგენას ბსუ-ს რექტორი, ტიტე აროშიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. დაიგეგმა ერთობლივი თემატური საერთაშორისო კონფერენციების ჩატარება, თანამშრომლობის გაღრმავება და ვიზიტების განხორციელება როგორც, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისე ფრანკფურტის უნივერსიტეტში. თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება ქართველოლოგიის სფეროში, სადაც ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტი ერთ-ერთ წამყვან ცენტრს წარმოადგენს, ხოლო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს ამ მიმართულების განვითარებაში.
ფრანკფურტის უნივერსიტეტსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამეცნიერო ურთიერთობას 15-წლიანი ისტორია აქვს. უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მემორანდუმი 2011 წელს გაფორმდა და მას შემდეგ არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა: დაარსდა ბათუმის საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; პირველად საქართველოში, შემუშავდა და ბსუ-ში დაინერგა აკრედიტებული მაინორი პროგრამა დიგიტალურ ჰუმანიტარიაში; 2017 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა საქართველოში პირველი „დიგიტალური ჰუმანიტარიის ცენტრი“, სადაც წარმატებით განხორციელდა სამეცნიერო პროექტი „ბათუმის ლინგვოკულტუროლოგიური დიგიტალური არქივი“; გარდა ამისა, სამეცნიერო ჯგუფი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად შეისწავლის ქართულ პოლიტიკურ ზეპირმეტყველებას, რის შედეგიც იყო „თანამედროვე ქართული ზეპირმეტყველების დისკურსის“ IV ტომის გამოცემა 2022 წელს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით 2023 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალური კავკასიოლოგია - პარადიგმის ცვლა“.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი „მანიპულაციის ენობრივი საშუალებები თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ დისკურსში“ გააგრძელებს ორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ტრადიციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში.
უკან |