გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი აკაკი ბერიძე

სურათი

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ბსუ-ს ქირურგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორის, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენის, მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკაკი ბერიძის გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი აკაკის ღვაწლი ქართული მედიცინის და სამედიცინო სკოლის განვითარების საქმეში, მის სახელს უკავშირდება  უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ჩამოყალიბება და მედიცინის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების განხორციელება. დღესაც, მედიცინა წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობას და ყოველწლიურად მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება.

1992 წელს ბ-ნი აკაკი უშუალოდ მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე სამედიცინო ფაკულტეტის დაარსებაში და ქირურგიის კათედრის ჩამოყალიბებაში. ის იყო ამავე კათედრის პირველი გამგე. ჯერ სრული პროფესორი, ხოლო შემდეგ, 2012 წელს არჩეული იქნა ემერიტუს-პროფესორად. მთელი სიცოცხლის მანძილზე ბატონი აკაკი სწავლობდა და ასწავლიდა ახალგაზრდა ექიმებს. მან მნიშვნელოვნად განავითარა აჭარის ქირურგიის სკოლა, სამართლიანად ითვლება აჭარაში ქირურგიული სკოლის ფუძემდებლად. მისი ხელმძღვანელობით დაცული იქნა 5 სადოქტორო  სადისერტაციო ნაშრომი. ბატონი აკაკი ბერიძის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მისი სტუდენტები და მისი სკოლაა. ექიმების და საშუალო სამედიცინო პერსონალის  წარმომადგენლები, რომლებიც ღირსეულად აგრძელებენ დღეს რთულ და  საპატიო მისიას სამედიცინო სფეროში.

საქართველოს ქირურგთა შორის ბატონი აკაკი ითვლება ერთ-ერთ ნაყოფიერ ქირურგად, რომელმაც ბათუმში ათეულ ათასობით ოპერაცია ჩაატარა, მათ შორის 44 მის მიერ პირველად განხორციელდა ქირურგიის ისტორიაში, მანვე პირველად გამოიყენა ლაზერის სკალპელი. იგი ამავე დროს ნოვატორი-ქირურგია, 14 საავტორო მოწმობის და შესაბამისი სახელმწიფო პატენტების მფლობელი, მრავალი დოქტორანტის ხელმძღვანელი და ოფიციალური ოპონენტი. გამოქვეყნებული აქვს 180-მდე  სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის - 5 მონოგრაფია. ბატონი აკაკი ბერიძის წიგნებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია  „ღვთაებრივი ხელოვნება“, სადაც სიღრმისეულად არის გადმოცემული დიდი დასტაქრის ორმოცდაათწლიანი მოღვაწეობა მედიცინის ურთულეს დარგში - ქირურგიაში და არა მხოლოდ ქირურგიაში. ავტორი წიგნში ქირურგიის სირთულეებზე, მისი ადამიანის სიცოცხლისადმი მსახურების მნიშვნელობაზე და მედიცინის, როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების შერწყმაზე გვიყვება.

ბატონი აკაკი ბერიძე დაიბადა  1939 წლის 5 დეკემბერს შუახევის რაიონის სოფელ ოლადაურში. 1957 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის  სამკურნალო ფაკულტეტზე. 1963 წელს  სამედიცინო ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 3 წელი შუახევის რაიონულ საავადმყოფოში იმუშავა ჯერ ქირურგიული განყოფილების გამგედ, შემდეგ მთავარი ექიმის მოადგილედ, ბოლო ერთი წელი კი რაიონის მთავარ ექიმად. 1966-1969 წლებში ბატონი აკაკი ბერიძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო-სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის  ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე ასპირანტურაში, აკად. მ. კომახიძის და პროფესორ თ. ახმეტელის ხელმძღვანელობით მოამზადა და 1972 წელს წარმატებით დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია.

1975 წელს აკად. მ. კომახიძის რჩევით და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ლ. საყვარელიძის მითითებით გადაიყვანეს აჭარაში რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. მალე იგი აირჩიეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს კოლეგიის წევრად და მთავარ ქირურგად. 1995 წელს ბატონმა აკაკიმ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.  ბატონი აკაკი 35 წელი მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, რასაც ის თავისი ქირურგიული მოღვაწეობის  „ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედებითი შრომის პერიოდს“- უწოდებდა.

1995-2004 წლებში ბატონი აკაკი იყო აჭარის ა.რ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, იგი აქტიურად მონაწილეობდა ჯანდაცვის სისტემის ახალი რეფორმების განხორციელებაში. მთავარი ქირურგისა და მინისტრის პოსტზე  ყოფნისას იგი თითქმის 20-მდე ახალი განყოფილების დაარსების, ამოქმედების და კადრების მომზადების ინიციატორი იყო. 2009 წლიდან ბატონმა აკაკიმ საქმიანობა გააგრძელა „ირის ბორჩაშვილის სახელობის ცენტრ მედინაში“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სიცოცხლეშივე „ირის ბორჩაშვილის სახელობის ცენტრ მედინაში“ ქირურგიულ დეპარტამენტს პროფესორ აკაკი ბერიძის სახელი მიენიჭა.

2002 წელს ბატონი აკაკი ქირურგთა მსოფლიო ასოციაციის წევრად აირჩიეს, 2004 წელს- ევროპის გასტრო-ენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციების წევრად. აშშ-ის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა იგი 2004 წლის უმაღლეს პროფესიონალად აღიარა. ბატონი აკაკი გარდაცვალებამდე წარმატებით ხელმძღვანელობდა აჭარის ექიმთა გაერთიანებულ საზოგადოებას. იგი დაჯილდოებულია ღირსებისა და  აბუსერისძე ტბელის I ხარისხის ორდენებით, გრ. მუხაძის სახელობის მედლით, არის ქალაქ ბათუმისა და შუახევის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე, მრავალი საპატიო სიგელისა თუ ჯილდოს მფლობელი. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი 35 წლის  განმავლობაში მუშაობდა, 2023 წლის 24 მარტს აჭარის სამედიცინო საზოგადოებამ და ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს კოლექტივმა გაწეული ღვაწლის  ნიშნად გაუხსნა ვარსკვლავი. ბატონი აკაკი პირველი დასტაქარი იყო, ვისაც ვარსკვლავი გაუხსნეს საქართველოში, ხოლო აჭარის ექიმთა გაერთიანებულ საზოგადოების ეგიდით დაფუძნდა მისი სახელობის ფონდი, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერი სტუდენტების და ქირურგების პროფესიულ ზრდას და დახელოვნებას შეუწყობს ხელს.

ბატონი აკაკის გარდაცვალება დიდი დანაკლისია არამარტო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის. ვუსამძიმრებთ ოჯახს, კოლეგებს, სამედიცინო და საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ბატონი აკაკის სახელი ჩვენი უნივერსიტეტის ისტორიაში დაუვიწყარი იქნება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა