ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკოსთა კავშირის XIV საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ექვსდღიან კონფერენციაში საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების 350-მდე მეცნიერი მონაწილეობს. წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები ხელს შეუწყობს ინფორმაციის გავრცელებას, თანამშრომლობის გაძლიერებას, საქართველოში მიმდინარე მათემატიკური კვლევებისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ჟურნალში „Journal of Mathematical Sciences” (Springer).
კონფერენციაზე შერეული ფორმატით იმუშავებს 10 პარალელური სექცია:
- ალგებრა და რიცხვთა თეორია;
- დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებები და მათი გამოყენებები;
- გეომეტრია და ტოპოლოგია;
- ლოგიკა, ენა, ხელოვნური ინტელექტი;
- მათემატიკური განათლება და მათემატიკის ისტორია;
- მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული მათემატიკა;
- მათემატიკური მოდელირება და რიცხვითი ანალიზი;
- თეორიული ფიზიკა;
- ალბათობის თეორია და სტატისტიკა, ფინანსური მათემატიკა;
- ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი.
კონფერენციის ფარგლებში პეტრას უნივერსიტეტსა (საბერძნეთი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, საზაფხულო სკოლები სემინარები და ტრენინგები.
სამეცნიერო კონფერენცია ტრადიციულად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება და იგი იმართება აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მხარდაჭერით.
უკან |