აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში აცხადებს უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნა/ბეჭდვის საგრანტო პროექტის კონკურსს. კონკურსის მიზანია სტუდენტებისთვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაზარდოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურაზე/ სახელმძღვანელოებზე ხელმისაწვდომობა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლის და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს.
სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ერთი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს. აპლიკანტმა შეიძლება მოითხოვოს დაფინანსება ორი წლის მანძილზე. ამ შემთხვევაში სამინისტროდან მოთხოვნილი გრანტის ოდენობა ორი წლის მანძილზე არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიძლება დაფინანსდეს:
ა) ორგანიზატორთა ჰონორარი (რაც არ უნდა აღემატებოდეს ამავე მუხლის პირველ პუნქტში მოცემული საგრანტო თანხის 15%);
ბ) საავტორო უფლების მოპოვების ხარჯი;
გ) თარგმნის ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 30 ლარი);
დ) რედაქტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 15 ლარი);
ე) კორექტირების ხარჯი (1 გვერდი არაუმეტეს 10 ლარი);
ვ) დაკაბადონება/დიზაინი/ბეჭდვის ხარჯი;
ზ) სხვა ხარჯი.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობისათვის გრანტის მაძიებელმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა ატვირთოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://shorturl.at/X6lZS
ა) საგრანტო განაცხადისა და აპლიკაციის ფორმა;
ბ)საავტორო უფლების მფლობელთან კომუნიკაციის ან/და ხელშეკრულების/მემორანდუმის ასლი;
გ) ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) თანადამფინანსებლის თანხმობის წერილი თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში თანხისა და კატეგორიის მითითებით;
ე) საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტიდან გაცემული რეკომენდაცია;
ვ) ბიუჯეტი (ელექტრონული აპლიკაციის ნაწილია);
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს 2024 წლის 10 ივნისიდან (09:00 სთ.) – 10 ივლისის (18:00 სთ.) ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1183756
უკან |