გარდაიცვალა ცნობილი ენათმეცნიერი, პროფესორი დავით გოცირიძე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის (1987), პროფესორ (1989) დავით გოცირიძის გარდაცვალების გამო. ბათუმელი კოლეგები და მეგობრები თანაუგრძნობენ ოჯახს, კოლეგებს, თსუ-სა  და სამეცნიერო საზოგადოებას.

ბატონმა დავითმა მთელი თავისი ცხოვრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  მიუძღვნა: იყო თსუ-ს სტუდენტი, ასპირანტი, აქვე დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები და ღირსეულად განვლო გზა სტუდენტობიდან პროფესორობამდე: იყო რუსული ენის კათედრის გამგე (1987-2006), 1989 წლიდან - სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის (MAPRYAL) პრეზიდიუმის წევრი, რუსული ენის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის გენერალური მდივანი და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი.

დავით გოცირიძე იყო ფართო თვალსაწიერის მეცნიერი. მის სამეცნიერო ინტერესებში შედიოდა ზოგადი ენათმეცნიერების, თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის, კომუნიკაციის თეორიის, ლინგვისტური აზრის ისტორიის პრობლემები, არის ათეულობით სამეცნიერო შრომის ავტორი.

2006-2009 წლებში დავით გოცირიძე  იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. ბატონ დავითს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბათუმთან, ბათუმელ კოლეგებთან, ბათუმის უნივერსიტეტთან. მისი ხელმძღვანელობით არაერთმა ბათუმელმა დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია, შემდეგ კი - დისერტაციები დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად. თამამად შეიძლება ითქვას, დავით გოცირიძემ თავისი ბიოგრაფიის სასახელო ფურცელი ბათუმის უნივერსიტეტშიც დაწერა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა