
9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები, აჭარის მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლები გმირთა ხეივანში შეიკრიბნენ, მემორიალი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნისა და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მემორიალი გმირთა ხეივანში დაიდგა. მემორიალის ესკიზის ავტორი მოქანდაკე თეიმურაზ მახარაძეა. გმირთა ხეივანშივე გაიმართა 30 წლის წინ, 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა.
1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
უკან |