
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ახალგაზრდული მეწარმეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში: ფორმირების გამოცდილება და განვითარების პერსპექტივები“ ტარდება. ორდღიანი კონფერენცია პროექტის „უმაღლესი სასწავლებლები ახალგაზრდული მეწარმეობისათვის“ Erasmus+-ის ფარგლებში გაიხსნა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობას, არსებული პრობლემების კვლევასა და მათი გადაჭრის გზების ძიებას. სესიის ქართველი, უკრაინელი, სომეხი, ბელარუსი და მოლდოველი მონაწილეები მოხსენებებს ექვსი მიმართულებით წარმოადგენენ.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:
- ახალგაზრდა მეწარმეები: როლი, გამოცდილება, განვითარების პერსპექტივები და პრობლემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში;
- აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებისა და მხარდაჭერისათვის ინსტიტუციური, სამართლებრივი, ორგანიზაციული, ფინანსური და სოციალური წინაპირობები;
- ახალგაზრდების სამეწარმეო ინიციატივის მხარდასაჭერი ინოვაციური მეთოდები და პროგრამები: ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების გამოცდილება;
- ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის;
- საგანმანათლებლო სისტემის ადგილი და როლი ახალგაზრდული მეწარმეობის განვითარებაში. ახალგაზრდული მეწარმეობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები;
- სოციალური მეწარმეობის როლი აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკის განვითარებაში.
სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხარკოვის კვებისა და სავაჭრო სახელმწიფო უნივერსიტეტის, სომხეთის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის, ბელორუსიის სამომხმარებლო კოოპერაციის სავაჭრო-ეკონომიკური უნივერსიტეტს, მოლდოვის ტექნიკური უნივერსიტეტის, მოლდოვის ეკონომიკური აკადემიის, ISEBA უნივერსიტეტის, განათლების ინფორმატიზაციის საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის (МАНИО) და ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის ორგანიზებით ტარდება.
უკან |