
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ გაიხსნა. სკოლა ტარდება „ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ ფარგლებში, რომელიც იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხორციელდება 2023 წლიდან. მოდული მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. მოდულის კოორდინატორია ბსუ-ს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე.
ჟან მონეს ზამთრის სკოლა ბსუ-ში ყოველ წელს ტარდება. 2025 წელს ზამთრის სკოლაში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 20 სტუდენტი. ხუთდღიანი ზამთრის სკოლის მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირში გაწერიანების პროცესის შესახებ და პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის გაფართოების ისტორია, კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები), საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან, სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები, ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ და სხვა. ზამთრის სკოლის ფარგლებში მოწვეულნი არიან პროფესორები უკრაინიდან, მოლდოვიდან, სერბეთიდან, იტალიიდან, რომლებიც ჩაატარებენ ლექციებს ევროკავშირის ძირითადი პრინციპების, ღირებულებების, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის შესახებ, ასევე სტუდენტებს გაუზიარებენ ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილებას. ზამთრის სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები.
უკან |