სამეცნიერო კვლევები

„სტევიას ფოთლების ექსტრაქტის ფუნგიციდური და ბაქტერიოციდული აქტივობის შესწავლა“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „სტევიას ფოთლების ექსტრაქტის ფუნგიციდური და ბაქტერიოციდული აქტივობის   შესწავლა“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი მაკა მურადაშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: მეცნიერ თანამშრომლები: ნანა ჯაბნიძე, ლიანა  ქოიავა, რუსუდან დუმბაძე, ლაბორანტი ჯულიეტა კაკალაძე, სტუდენტი გიგა დათუნაიშვილი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:  პროექტის მიზანს წარმოადგენს სტევიას ფოთლებიდან მიღებული ექსტრაქტის ანტიმიკრობული მოქმედების შესწავლა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაავადებების ისეთი გამომწვევების  მიმართ, როგორიცაა: Ralstonia solanacearum (კარტოფილის მურა სიდამპლის გამომწვევი), Pseudomonas syringae pv. Actinidiae (კივის ბაქტერიული ჭკნობის გამომწვევი), Erwinia Amylovora (ხეხილოვნების სიდამწვრის გამომწვევი), ალტერნარიის, ფუზარიუმის და კოლეტეტრიხუმის გვარის სოკოები.

დღესდღეობით მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემაა. ბრძოლის ღონისძიებათა არსენალში ბიოლოგიურ საშუალებებს ჯერ-ჯერობით მცირე ადგილი უჭირავს. ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა სახის აგროტექნიკური ხერხი, ფიზიკური და ქიმიური დამუშავება, რაც ხშირად იწვევს გარემოს დაბინძურებას და საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. ამავე დროს, მნიშვნელოვნად იზრდება ქიმიური პრეპარატების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების რიცხვიც (Sundin... 1996), რაც ხშირად არაეფექტურს ხდის ჩატარებულ ღონისძიებებს. თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, ბრძოლის ხერხები უნდა იყოს ეკონომიკურად ხელსაყრელი და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი.

ფიტოპათოლოგთა  დანიშნულებაა მცენარეთა დაავადებების სისტემური კვლევა და მათ წინააღმდეგ სტრატეგიული ბრძოლის საშუალების გამოვლენა. ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი მცენარეთა დაავადებებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების შემუშავებასა და დანერგვისადმი, რაც ემყარება ბაქტერია - ანტაგონისტების, სპეციფიკური ფერმენტების, ფიტონციდების და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენებას (Ayman... 2014).

მცენარეები ახდენენ რთული ქიმიური შედგენილობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების პროდუცირებას, მათი ანტიმიკრობული მოქმედება  სპობს, ან აფერხებს პათოგენური მიკროორგანიზმების განვითარებას. მცენარეთა ექსტრაქტების და ფიტო ქიმიკატების გამოყენება, როგორც ანტიმიკრობული საშუალება, ცნობილია უახლოეს წარსულში განხორცილებული კვლევებით, რომელიც მოიცავდა სამკურნალო მცენარეებიდან ანტიმიკრობული აქტივობის ნივთიერებების მიღებას. მცენარეთა ფიტონციდების, იგივე „ბუნებრივი ანტიბიოტიკები“-ს, ანტიმიკრობული მოქმედება გამოყენებულია ეკოლოგიაში, მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში (Venkanna... 2012).

ამ მხრივ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურას წარმოადგენს მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სტევია (Stevia Rebaudiana Bertoni). მისი ფოთლები მდიდარია გლიკოზიდებით, მინერალებით, ვიტამინებით, ბეტა კაროტინით, ეთერზეთებით და ქაფურის ზეთით. ასევე შეიცავს ფენოლებსა და ფლავონოიდებს, რაც მცენარის ანტიმიკრობულ თვისებას განაპირობებს (Taware ... 2010).

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთზე გაშენებული სტევიას (Stevia Rebaudiana Bertoni) ფოთლებიდან მიღებული ექსტრაქტის ანტიმიკრობული მოქმედების შესწავლას. პირველად მოხდება საქართველოში გავრცელებული ფიტოპათოგენების მგრძნობელობის შესწავლა სტევიას ექსტრაქტის მიმართ. დადგინდება სტევიას ექსტრაქტის ფუნგიციდური და ბაქტერიოციდული აქტივობა და გამოვლინდება მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, რის საფუძველზეც შესაძლებელია სამომავლოდ შეიქმნას ანტიმიკრობული აქტივობის ბიოლოგიური პრეპარატი.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება სტევიას ექსტრაქტის ანტიმიკრობული აქტივობის გამოვლენა კვლევაში გამოყენებული ფიტოპათოგენების წინააღმდეგ. ასევე შესწავლილი იქნება სხვადასხვა გამხსნელების მოქმედებით მიღებული ექსტრაქტების ანტიმიკრობული აქტივობის ხარისხი. საბოლოოდ კი კვლევის შედეგები საწინდარი იქნება, შემდგომში შემუშავდეს სტევიას ექსტრაქტი, როგორც პოტენციური ბიოლოგიური, ანტიმიკრობული საშუალება, მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ. პროექტში მონაწილე მკვლევარები შეიძენენ ახალ ცოდნას და გამოცდილებას მცენარეთა ანტიმიკრობული თვისებების შესახებ და მათი პრაქტიკული გამოყენების უნარ- ჩვევებს მცენარეთა დაავადებების წინააღმდეგ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა