სამეცნიერო კვლევები

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სისტემური ტენდენციები: სტარტეგია, ინსტრუმენტარი, ეფექტიანობა“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „აჭარის   ავტონომიური   რესპუბლიკის   სოციალურ-ეკონომიკური   განვითარების   სისტემური ტენდენციები: სტარტეგია, ინსტრუმენტარი, ეფექტიანობა“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ვლადიმერ ღლონტი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორები: ნათია წიკლაშვილი, ვაჟა ვერულიძე, რეზო მანველიძე, დოქტორანტი ჯემალ ანანიძე, სტუდენტები: მაგდა შავიშვილი, დათო ზოიძე, ტარიელ ქოჩაკიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტის მიზანია რეგიონული ეკონომიკის რეფორმირების ყველაზე მნიშვნელოვანი კანონზომიერების,    ტენდენციების    და    თავისებურებების    გამოვლენა;  მათ საფუძველზე ორგანიზაციულ ერთობლიობაში თეორიული და მეთოდოლოგიური დებულებების, მეთოდური და პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს საფინანსო-ეკონომიკური პროცესების ეფექტიანი განვითარება.

საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია. საბაზრო გარდაქმნები განაპირობებს რეგიონის საფინანსო პოტენციალის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური რეგულირების მეთოდების როლის ამაღლებას, რეგიონის საფინანსო პოტენციალის გამოყენების ხარისხის ზრდას, რეგიონის საფინანსო განვითარების კონცეფციის გადახედვას, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესების ხელმძღვანელობის დეცენტრალიზაციას, ეკონომიკური რეგიონული პოლიტიკის „სიმძიმის ცენტრის“ გადანაცვლებას მმართველობის ქვედა დონეზე.

რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური სისტემის კომპლექსური განვითარების პრობლემა, მისი  ეფექტიანობის ამაღლების  საფუძველზე  ძირითადი სოციალური  ამოცანების გადაჭრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია რეგიონული ეკონომიკის პრობლემატიკაში.

რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების კვლევის აქტუალურობის ზრდა განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა:

1. რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ობიექტური კანონზომიერება განაპირობებს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსის ფორმირებას. ამასთან, საბაზრო ეკონომიკის პირობებში კომპლექსური სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სამეცნიერო დასაბუთება, საქართველოს ტერიტორიული მოწყობის რეფორმის განხორციელების სამეცნიერო რეკომენდაციები დღემდე, პრაქტიკულად, სრულად არ არის ჩამოყალიბებული;

2.  რეგიონის  სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების  პრობლემას  პრიორიტეტულად  აქცევს რეგიონული საფინანსო დამოუკიდებლობის (ავტონომიურობის) გაძლიერების პირობებში ქვეყნის ახალი ეკონომიკური სივრცის ფორმირების მოთხოვნა;

3. რეგიონის დონეზე საფინანსო-ეკონომიკური პრობლემების კომპლექსის დამოუკიდებლად გადაჭრის აუცილებლობა განაპირობებს ღრმა და ყოველმხრივ სამეცნიერო დასაბუთებას; ამიტომ მეცნიერულად  დასაბუთებული  სტრატეგიის  შემუშავებას  დიდი  მნიშვნელობა  აქვს საქართველოს ყველა რეგიონისათვის.

რეგიონული ეკონომიკის განვითარების ტენდენციებისა და პროპორციების შესწავლა საშუალებას იძლევა, ამოქმედდეს მაკორექტირებელი სიგნალები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის, ასევე ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკისათვის. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების შემდეგ შესაძლებელი გახდება, რომ რეგიონის სამეწარმეო სუბიექტების მიერ აკუმულირებული ფინანსური რესურსების ინვესტირება განხორციელდეს რეგიონის ეკონომიკაში. ამიტომ აქტუალურია რეგიონული ეკონომიკის ანალიზის, შეფასებისა და პროგნოზირების მეთოდების სრულყოფა.

პროექტის ფარგლებში შეისწავლება  საქართველოში  რეგიონული ეკონომიკის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე) ფუნქციონირებისა და განვითარების მეთოდოლოგიური პრობლემები, მოხდება რეგიონული საფინანსო-ეკონომიკური პროცესების დიაგნოსტირების და შეფასების ცალკეულ მეთოდთა სისტემატიზირება, წარმოდგენილი იქნება ერთიანი სახით. კომპლექსური კვლევა საშუალებას იძლევა, მოხდეს ერთიანი ეროვნული სივრცის ფარგლებში მყოფი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების თანმიმდევრული გააზრება. წარმოდგენილი მეთოდოლოგიით შესაძლებელია გამოიყოს რეგიონის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის, როგორც განვითარების დინამიკური მოდელის, უმნიშვნელოვანესი საფინანსო და ეკონომიკური დაგეგმვის ცვლადები, დაჯგუფდეს ერთიანად და თანმიმდევრულად, ავხსნათ მათი ოპტიმალური ფუნქციონირებისა და განვითარების თეორიული ასპექტები.


სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის ფარგლებში მომზადდება საქართველოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მაგალითზე) რეგიონული ეკონომიკის ფუნქციონირების ამსახველი დეტალური ინფორმაცია, შემუშავდება რეგიონული ეკონომიკის განვითარების შეფასების ინდიკატორთა სისტემა, გამოქვეყნდება შესაბამისი სამეცნიერო სტატიები. კვლევის შედეგები გადაეცემა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს, უნივერსიტეტებს, საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სახელმწიფო სტრუქტურებს. ნაშრომი ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების, მაგისტრანტების, დოქტორანტებისა და მეცნიერთათვის.

პროექტის შედეგების გამოყენება შესაძლებელი იქნება რეგიონის ეკონომიკური განვითარების კონცეფციის შემუშავებისას, რეგიონული ბაზრების, აგრეთვე მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში კონკრეტული დარგის განვითარებისათვის. შემუშავებული შეფასების მეთოდიკის გამოყენებით ასევე შესაძლებელია, განისაზღვროს რეგიონული ბაზრების ადგილი რეგიონის ინფრასტრუქტურაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს უფრო ზუსტად და ეფექტიანად გამოვიყენოთ რეგულირების საშუალებები. მიღებული შედეგების გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სალექციო კურსის ჩატარებისას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მონოგრაფიის გამოცემა, პრეზენტაციებისა და მრგვალი მაგიდის ჩატარება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა