სამეცნიერო პროექტის დასახელება: „აჭარის არქეოლოგიური ძეგლები გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემაში“ (BS-24-180)
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ლექტორი ნინო ძნელაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასისტენტ პროფესორი გურამ ჩხატარაშვილი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ირინე ვარშალომიძე, ასისტენტ პროფესორი კახაბერ ქამადაძე, ნარგიზ სურმანიძე და სერგი ტარანენკო.
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2024-2025
პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები: პროექტი მიზნად ისახავს აჭარის არქეოლოგიური ძეგლების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის შექმნას. აჭარა ზღვისპირა რეგიონია, მდიდარი არქეოლოგიური ძეგლებით, რომელთა პერიოდიზაცია პრეისტორიული ხანიდან იწყება. აჭარის ტერიტორიაზე განხორციელებულ საველე არქეოლოგიურ კვლევა-ძიებათა შედეგად მოპოვებულია სხვადასხვა პერიოდის ნივთიერი კულტურის ძეგლები, მათგან ბევრია უნიკალური. ამის საფუძველზე შექმნილია საკმაოდ მდიდარი სამეცნიერო მემკვიდრეობა, რომელიც ეხმაურება არა მარტო ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, არამედ მსოფლიო ცივილიზაციების არაერთ აქტუალურ პრობლემას. ბუნებრივია, კვლევის შედეგები ქვეყნდება საქართველოსა და უცხოურ სამეცნიერო გამოცემებში, გამოცემულია მონოგრაფიები. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც მეცნიერებისათვის, ისე დაინტერესებული პირებისათვის, მაგრამ დღის წესრიგში დადგა ტექნოლოგიური სიახლეების გამოყენების აუცილებლობა.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება აჭარის ზღვისპირეთის პირველი ელექტრონული არქეოლოგიური რუკა სრული ინფორმაციით აჭარის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა არქეოლოგიური ობიექტის შესახებ (ობიექტის დასახელება, ტიპი, ქრონოლოგიური ატრიბუცია (ისტორიული ეპოქა, ზუსტი თარიღი), გეოგრაფიული კოორდინატები, შესწავლის ისტორია, თანდართული ფოტოებით, გრაფიკული ნახაზებით, სტატიებისა და სხვა სახის ნაშრომების pdf ვერსიებით). აჭარის არქეოლოგიური ძეგლების გეოინფორმაციული სისტემის რუკაზე დატანა მნიშვნელოვანი სიახლეა არა მარტო რეგიონისათვის, არამედ ზოგადად შავიზღვისპირეთისათვის, რადგან ამ მასალის გამოჩენა გეოინფორმაციული სისტემის რუკაზე შეავსებს ინფორმაციულ ვაკუუმს. ელექტრონული არქეოლოგიური რუკის არსებობა გაზრდის შავიზღვისპირეთის კულტურული რესურსების მართვის ეფექტურობას, ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.
უკან |