სამეცნიერო კვლევები

მოსახლეობის სოციალური რისკების წარმომქმნელი ფაქტორების კვლევა და მართვის შესაძლებლობების შეფასება ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე (ფინანსურ - ეკონომიკური ანალიზი)

სამეცნიერო პროექტის დასახელება მოსახლეობის სოციალური რისკების წარმომქმნელი ფაქტორების  კვლევა და მართვის შესაძლებლობების შეფასება ინდივიდუალურ და სახელმწიფო დონეზე (ფინანსურ - ეკონომიკური  ანალიზი)

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  ასიე ცინცაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ვლადიმერ ღლონტი, ლელა ონიანი, თამარღოღობერიძე, სალომე ქოქოლაძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  01.04.2024-31.05.2025

 

პროექტის მიზანიამოცანები და აქტუალობა: თანამედროვე სამყაროს „რისკების საზოგადოებას“ უწოდებენ, ვინაიდან, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სუბიექტებს დამოუკიდებელი სამეწარმეო თუ საოჯახო  გადაწყვეტილებების მიღება უხდებათ, შესაბამისად, სულ უფრო იზრდება და ფართოვდება განუსაზღვრელობისა და რისკის მასშტაბები. ფილოსოფიური მეცნიერების მიხედვით, „განუსაზღვრელობა - ეს არის გადაწყვეტილების მიმღები ტვინის მდგომარეობა, ანუ მისი ცოდნის დონე კონკრეტული სიტუაციის შესახებ“ (K. Gloy, M. Herrmann, T. Fehr, 2020) ამ განმარტების მიხედვით, გარკვეულწილად განუსაზღვრელობის მასშტაბების ზრდას ხელს უწყობს თითოეული სუბიექტის ცოდნის დაბალი დონე კონკრეტული სიტუაციის ირგვლივ და არა თვით „განუსაზღვრელობა“, რაღაც დაუძლეველი ფენომენის არსებობა. რისკის აღქმისას, ფსიქოემოციური განწყობა მიმართულია საფრთხის მოლოდინისკენ და იწვევს ადამიანის შესაძლებლობების დათრგუნვას, თუნდაც წამიერად, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. 

უნდა აღინიშნოს, რომ რისკების მართვაში დიდი მნიშვნელობა თვით პიროვნებას ენიჭება, რომელიც რისკის შეფასებას ახდენს, ვინაიდან ცალკეული ადამიანები მოსალოდნელი რისკის განვითარებას სხვადასხვაგვარად უყურებენ.

არსებითია, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად გარკვეული რისკის ქვეშ ექცევა. თითქმის ყოველთვის უწევს მას საფრთხეების გადალახვა ტრანსპორტში, პირად ცხოვრებაში და ა.შ. ამდენად მნიშნელოვანია განვმარტოთ: რა სახის რისკებთან არის დაკავშირებული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება და როგორ შეუძლია მას თავიდან აიცილოს ან შეამციროს მისგან მიყენებული ზარალი, რათა შეძლოს არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნება.  მიუხედევად იმისა, რომ  რისკების  სახეების, მათი გამოწვევი ფაქტორების შესახებ  ყველა სფეროს მკვლევრები საკმაოდ ღირებულ კვლევებს ატარებენ, დღემდე არ არსებობს რისკების კლასიფიკაცია, რომლის ხელმძღვანელობა იყოს შესაძლებელი რისკების მართვის  სუბიექტებისათვის. ეს გამოწვეულია რისკის რთული ბუნებით, გამომწვევი ფაქტორების სიმრავლით,  მათზე ადამიანების ზემოქმედებით ან არარსებობით, ან არასათანადო მართვით.

შეიძლება მოვიყვანოთ რიჩარდ ტალერის ერთი შეგონება „ვფიქრობ, ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ, არის ის, რომ არსებობს ბევრად მეტი რისკი, ვიდრე გვგონია, ბევრად მეტი ვიდრე იმაზე, რასაც ეკონომისტი სისტემატურ რისკს უწოდებს“. (Richard Thaler Quotes About Risk, Big Think Interview With Richard Thaler".

ყველა სახის რისკი, რომელიც მოქმედებს ინდივიდუალურ დონეზე და მისი გამოწვევა ხდება  ადამიანის მიერ,  ზიანს აყენებს  ცალკეულ პირებს ან ადამიანთა ჯგუფს.  ასევე, როდესაც  რისკი გარე  გამომწვევი ფაქტორით გავლენას ახდენს  ცალკეული ეკონომიკური სუბიექტის მდგომარეობაზე. სოციალური რისკების ცალკეულ ინდივიდებზე ან მათ ჯგუფებზე გავლენის მიხედვით  მრავალი მაგალითის მოყვანა არის შესაძლებელი: მაგ. საცხოვრებელი სახლის ხანძრის, ნგრევის,  ქურდობის, სხვადსხვა დაზიანების რისკი, რომელიც  შესაძლებელია გამოიწვიოს ქონებისადმი არასათანადო მოპყრობამ, ასევე სხვა სახის ქონების მიმართაც წარმოიქმნება რისკები. ტექნიკური რისკები, რომლებსაც ადგილი აქვს დასაქმებული პირების კომპანიებში იწვევს სხვა ზარალთან ერთად  წარმოების გაჩერების გამო დასაქმებულთა  შემოსავლის შემცირებას გარკვეული პერიოდით. პირადი რისკების სახით  ჩნდება დაავადების,  გარდაცვალების რისკები, რომელთა მიზეზი ასევე შეიძლება  იყოს პირის მიერ გამოწვეული ან გლობალური ფაქტორები (ვირუსები). აღნიშნული  მაგალითების მოყვანით  გვინდა  ვაჩვენოთ, რომ ყველა რისკი, რომელიც  იწვევს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, ინდივიდუალურ დონეზე ერთი სუბიექტის ან ჯგუფის სოციალური   მდგომარეობის ცვლილებას წოდებულია სოციალურ რისკებად,  რომლებსაც თავად საზოგადოება ქმნის, აწარმოებს და ახდენს პროვოცირებას.

სოციალური რისკი კაცობრიობის განვითარების ყველა ეტაპზე არსებობდა და შესაბამისად მისი რაოდენობა და საფრთხის მოცულობა ეტაპობრივად იზრდებოდა. იზრდებოდა ასევე სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური ხარჯების მოცულობა. საკითხი სოციალური ხარჯების ზრდის შესახებ საზოგადოების მიერ აღიქმება   მთავრობის მზრუნველ  ქმედებად. არ  უარვყოფთ სოციალური ხარჯების  საჭიროებას, მაგრამ პრობლემას წარმოადგენს  სოციალური რისკებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება, რაც გამოხატება რისკისაგან თავის არიდების მცდელობის   არ ქონაში, ან  შეუძლებლობაში. იზრდება  სოციალური რისკების ზემოქმედების  შედეგი და  ჩნდება  დაფინანსების მოცულობის  ზრდის აუცილებლობა. დაფინანსების მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს  თითოეული ინდივიდის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას. ცხადია, რაც მაღალია სოციალური ხარჯები, მით  დაბალია ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობა.

დღეს დამკვიდრებულია მიდგომა „სახელმწიფო ვალდებულია შეინარჩუნოს სოციალური  თანასწორობა, გაზარდოს სოციალური დახმარების მოცულობა, მათ შორის საპენსიო გადასახდელები, ჯანდაცვის უზრუნველყოფა მაღალ დონეზე, განათლების უზრუნველყოფა მაღალ დონეზე და ა.შ.. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით აღნიშნულ აქტივობების არსებობას, მაგრამ ვთვლით, რომ  თითოეული ადამიანი არის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი როგორც საკუთარი თავის, ისე  საზოგადოების მიმართ.  რაშიც იგულისხმება, რომ თითოეული ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს როგორც საკუთარ, ისე სხვის ქონებას.

ქართულ  სამეცნიერო და პრაქტიკულ კვლევებში ყურადღება ძირითადად გამახვილებულია საწარმოების სოციალურ რისკებზე, სოციალური საწარმოს როლზე რისკების შემცირებაში,  სახელმწიფოს მიერ  დაფინანსების მზაობაზე, სოციალურად მოწყვლადი ოჯახების შეფასებაზე.

აქედან გამომდინარე  ვთვლით, რომ აჭარის რეგიონში სოციალური რისკის ცნობადობის, წარმომქმნელი ფაქტორების გამოვლენის, იდენტიფიცირებისა და მართვის სიღრმისეული შესწავლა საკმაოდ აქტუალურია.  

მიზნის მისაღწევად ეტაპობრივად შესასრულებელი ამოცანებია:

1. სახელმწიფოს მიერ გაწეული სოციალური ხარჯების სტატისტიკის, მათი მიზნობრიობის და  დინამიკის შესწავლა (ბოლო 10-15 წლის მონაცემების საფუძველზე);

2. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებაზე მოქმედი ფაქტორების გამოკვეთა და მათი დაჯგუფება შიდა და გარე ფაქტორებად (კვლევას ექვემდებარება შიდა ფაქტორებით გამოწვეული  რისკები); 

3. სოციალური დაცვის მეთოდების შესწავლა, რომლებიც გამოიყენება საქართველოში, მათი ეფექტიანობის დადგენა;

4. კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბდეს  რისკის წარმომქმნელ ფაქტორთა  ჩამოყალიბება, რომელთა მართვა შესაძლებელია ინდივიდუალურ დონეზე თვით მოსახლეობის მიერ, რაც  გახდება  სახელმწიფო სოციალური ხარჯების შემცირების საფუძველი;

5. მოწინავე ქვეყნების სოციალური რისკების მართვის პრაქტიკის შესწავლა, რაც შესაძლებლობას მოგცემს შევიმუშაოთ რისკის კულტურის ამაღლების ღონისძიებები;

 

 

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

 

კვლევის შედეგად დადგინდება სოციალური რისკის ცნობადობის დონე,  შემუშავდება მისი ამაღლების ღონისძიებები;  სოციალური ხარჯების გაანალიზებით შეფასდება   სოციალური დონის ამაღლება / შემცირების მდგომარეობა;  გამოიკვეთება  ფაქტორთა  ჯგუფი, რომლის  რეგულირება შესაძლებელია ინდივიდუალურ დონეზე, და ფაქტორთა ჯგუფი, რომლის მართვა მოითხოვს სახელმწიფოს ჩარევას ან მოსახლეობის მომზადებას დაზღვევის გამოყენებისათვის საკუთარი ხარჯების გაღებით.

პროგნოზირებით დადგინდება  თუ რა გავლენას ახდენს გაზრდილი სოციალური ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე და მიღებული შედეგების გათვალისწინებით შემუშავდება რეკომენდაციები.

 

კვლევის შედეგების სამეცნიერო ღირებულება სხვადასხვა მიმართულებით კვლევების ხელშეწყობაა, ვინაიდან არ არსებობს საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქმიანობის არცერთი სფერო, სადაც ადამიანის მონაწილეობა არ არის საჭირო. ეს კი ნიშნავს, რომ  რისკის კულტურის  დაბალი დონე ახდენს სოციალური და სხვა სახის რისკების წარმოქმნას. გლობალიზაციის პირობებში  თუნდაც ერთი ადამიანის  არსებობა, ცხოვრება, საქმიანობა შეზღუდულია  მრავალი სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით, რომლებიც უპირატესად სოციალური კეთილდღეობის  შემცირებას იწვევენ.  რადგან  მუდმივად იცვლება ქვეყნის ადგილი და როლის მსოფლიო ეკონომიკაში  ჩნდება სხვადასხვა  ფაქტორებით გამოწვეული  სოციალური რისკები, ამიტომ კვლევას მუდმივად ექნება განვითარების პერსპექტივა, რათა დროული პრევენციით მიღებული იქნას ნაკლები ზარალი (როგორც  ფინანსური, ასევე მორალური). 

საკვლევი პროექტის აქტუალობა, მისგან მიღებული შედეგის მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულება ქმნის შესაძლებლობას ამაღლდეს მოსახლეობის მოტივაცია მათ საქმიანობაში მოსალოდნელი რისკების წარმომქმნელი ფაქტორების დროულად აღმოფხვრაზე, გამოუმუშავდეთ  საკუთარი სოციალური კეთილდღეობის  შენარჩუნებისა და ზრდის  უნარები. ამგვარი მიდგომა თანდათანობით გაზრდის სამოქალაქო პასუხისმგებლობას როგორც საკუთარი თავის, ოჯახის, ისე სხვა ადამიანთა ჯგუფების მიმართ. 

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა