გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასისტენტ-პროფესორი გიორგი ქათამაძე, დოქტორანტი ნესტან ვარშანიძე (მენტორი ნათელა წიკლაშვილი).
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 29.03.2024-29.06.2025
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
აქტუალურობა:
ევროკავშირის წევრობა გულისხმობს ქვეყნის ტრანსფორმაციას სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით, ეს ცვლილებები დიდ გავლენას მოახდენს ბიზნეს სუბიექტების საქმიანობასა და მიმართულებებზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და სიახლეებთან ადაპტირების პროცესი იქნება. ეს არის სახელმწიფოსთვის საყურადღებო და ძალიან მგრძნობიარე საკითხი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს და ბიზნესის ეს სეგმენტი არის ქვეყანაში ძირითადი დამსაქმებელი.
პროექტით დაგეგმილი კვლევა და მისი ძირითადი საკითხი (ევროკავშირის სტანდარტები და მოთხოვნები მცირე და საშუალო ბიზნეს სუბიექტების მიმართ) აქტუალურია არამხოლოდ ბიზნეს სუბიექტებისათვის, არამედ სამეწარმეო სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო ორგანოების, სამეცნიერო წრეებისა და ექსპორტ-იმპორტით დაინტერესებული საერთაშორისო კომპანიებისათვის.
კვლევის მიზნები: კვლევის მიზანია ბიზნეს სუბიექტებთან დაკავშირებული პროცესებისა და მოსალოდნელი გამოწვევების შესწავლა საქართველოს ევროკავშირის წევრობის სტატუსის პერსპექტივიდან კერძოდ, სტანდარტები, სერტიფიცირება, ორგანიზაციული სტრუქტურა, ფინანსური აღრიცხვა და ინსტიტუციური განვითარება. იმდენად რამდენადაც, საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მნიშვნელოვანია ბიზნეს სეგმენტთან დაკავშირებული მოსალოდნელი პოზიტიური და ნეგატიური სცენარების შესწავლა, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ბიზნეს სექტორისათვის ევროკავშირში ბიზნეს სუბიექტების სრულფასოვანი და წარმატებული ინტეგრაციისათვის.
ამოცანები: კვლევის ამოცანები იყოფა ორ ეტაპად: 1)პირველ ეტაპზე ეს არის თეორიული მასალის დამუშავება, ბიზნეს სუბიექტებთან დაკავშირებული ევრორეგულაციების შესწავლა, მათი შედარება საქართველოს კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; 2) კვლევის მეორე ეტაპი მოიცავს საქართველოში ბიზნეს სუბიექტების ემპირიულ კვლევას, კერძოდ ბიზნესის წარმომადგენლებთან ჩაღრმავებული ინტერვიუებით მათი ევრორეგულაციებთან ადაპტირებისა და ინტეგრირების შესაძლებლობის დადგენას.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ნაშრომის თეორიული და პრაქტიკული ღირებულებები: ნაშრომში გამოყენებული მიდგომების, მეთოდოლოგიისა და თეორიულ-პრაქტიკული სპეციფიკის გათვალისწინებით, კვლევის შედეგები საინტერესო იქნება საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნების ბიზნეს სუბიექტების ანალიზით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით ბიზნეს სუბიექტებისათვის, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთათვის და მეცნიერ-მკვლევრებისათვის. კვლევის შედეგების პრეზენტაცია იგეგმება საზღვარგარეთ გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, სადაც კონკრეტული დასკვნები წარედგინება სამეცნიერო წრეებსა და პრაქტიკოს ექსპერტებს განხილვა-დისკუსიისათვის. კვლევის შედეგები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის სტანდარტების იმპლემენტაციამდე საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების სათანადო მომზადების პროცესში. ასევე კვლევაში დასმული საკითხები და მიღებული დასკვნები მნიშვნელოვანი ანალიტიკური ინფორმაცია იქნება ბიზნეს სექტორის პოლიტიკის/რეგულაციების განმსაზღვრელი ჯგუფებისათვის.
უკან |