სამეცნიერო კვლევები

ბაზიდიომიცეტების მრავალფეროვნება მტირალას ეროვნულ პარკში

ამეცნიერო პროექტის დასახელება:  ბაზიდიომიცეტების მრავალფეროვნება მტირალას ეროვნულ პარკში

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ინგა დიასამიძე

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გია ბოლქვაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  ბიოლოგიის  მაგისტრანტი ნინო ვარშანიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა:  7 თვე, 2024.

პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები

სახეობათა სიმრავლე, ენდემური სახეობები, ტაქსონომიური სიმდიდრე, უნიკალური ევოლუციური და ეკოლოგიური მოვლენები, გლობალური მასშტაბით იშვიათი ჰაბიტატების არსებობა - ამ კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეულ იქნა „ცხელი წერტილები“, რომელთა შორის არის კავკასია, თავისი უნიკალური და შეუცვლელი ბიომრავალფეროვნებით. შავი ზღვის აუზის კოლხეთის რეგიონსა და კასპიის ზღვის სანაპიროზე გვხვდება ჩვენს დრომდე მცენარეები და მცენარეთა თანასაზოგადოებები, რომლებმაც ათობით მილიონი წლის წინ თავშესაფარი ჰპოვეს კოლხეთის „რეფუგიუმში“, რითაც გადაურჩნენ ბოლო გამყინვარების პერიოდს. მტირალას ეროვნული პარკი მდებარეობს კოლხეთის რეფუგიუმში, რომელიც კავკასიის ეკორეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილია („კავკასიის ეკორეგიონი და ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია“ 2020 WWF). აღნიშნულ ტერიტორიას მკვლევართათვის კიდევ უფრო საყურადღებოს ხდის ის ფაქტი, რომ 2021 წელს იუნესკოს (UNESCO) მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ქვეშ შევიდა საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორია, მათ შორის მტირალას ეროვნული პარკიც. აღნიშნული ხაზს უსვამს მტირალას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და კონსერვაციის საჭიროებასა და აუცილებლობას.

პრობლემის აქტუალურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, ტერიტორია საჭიროებს მიკოლოგიურ კვლევებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება ჯერ კიდევ არსებული სახეობების გადარჩენა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით განადგურებულთა აღდგენა, საჭიროა აღნიშნულ ჰაბიტატებში ბაზიდიომიცეტების კლასის სოკოთა სახეობების მრავალფეროვნების შესწავლა, სოკოთა ილუსტრირებული სარკვევის შექმნა და QR კოდებით მათი განთავსება საინფორმაციო დაფებზე. საგრანტო პროექტის ფარგლებში ეკოტურისტების, ბუნებისმოყვარეულებისა და სტუდენტებისთვის მომზადებული ილუსტრირებული საველე ცნობარი „მტირალას ეროვნული პარკის სოკოები“ და ბაზიდიომიცეტების ბიომრავალფეროვნების კვლევის შესახებ დასკვნებისა და მიგნებების გაზიარება გაზრდის ცნობიერებას ეკოსისტემებში სოკოების მნიშვნელობის შესახებ. გარდა სამეცნიერო მიზნებისა და სამკურნალო დანიშნულებისა, ბაზიდიომიცეტების კლასის სოკოების ბიომასის შესწავლა ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენა იქნება ადგილობრივი თემებისთვის.

კვლევის მიზანია: ბაზიდიომიცეტების კლასის სოკოების ბიომრავალფეროვნების შესწავლა მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.

კვლევის ამოცანებია: 1. ბაზიდიომიცეტების თეორიული საფუძვლებისა და პრაქტიკული გამოცდილების მიმოხილვა და ანალიზი (საქართველოში არსებული მდგომარეობის განხილვა და ევროპის ქვეყნების მაგალითების მიმოხილვა) - შედეგად შესწავლილი იქნება ევროპის ქვეყნებში არსებული წარმატებული პრაქტიკული მეთოდები ბაზიდიომიცეტების შესწავლის მიმართულებით, რაც დაგვეხმარება არსებული სიტუაციის უკეთ გაანალიზებაში, კვლევის ძირითადი, საკვანძო საკითხების გამოყოფასა და საბოლოო ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავებაში.

 2. მიკოლოგიური სამეცნიერო ლიტერატურის დამუშავება, მიკოლოგიაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. - შედეგად დადგინდება პრობლემები, რომლებიც უშუალოდ ეხება და სამომავლოდ ემუქრება ბაზდიომიციტების პოპულაციას კონკრეტულად მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, შედეგები და კვლევის მეთოდები გასათვალისწინებელი იქნება აჭარის სხვა დაცული ტერიტორიების კვლევაშიც.

3. ბაზიდიომიცეტების თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება, ბაზიდიომიცეტების სახეობრივი იდენტიფიკაცია, მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელების არეალების GPS ნავიგატორით დარუკება - ჩატარდა ბაზიდიომიცეტების ეკოლოგიური მდგომარეობის და მნიშვნელობის კვლევა. გვაქვს რუკა, რომელზეც მონიშნულია ბაზიდიომიცეტების ადგილსამყოფელი არეალები. სამომავლოდ საშუალება გვექნება შევადაროთ როგორ შეიცვლება გავრცელების არეალები.

4. საველე ექსპედიციები მტირალას ეროვნულ პარკში და ბაზიდიომიცეტების ნიმუშების შეგროვება, სახეობების აღწერა, ტაქსონომია და მორფოლოგიური იდენტიფიკაცია - შეგროვდება ნიმუშები, აღიწერება ახეობების ადგილსამყოფელი პირობები, სახეობების მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მახასიათებლები.

5. სოკოთა ილუსტრირებული სარკვევის მომზადება, QR კოდების შექმნა და მტირალას ეროვნული პარკის საინფორმაციო დაფებზე განთავსება - კვლევის შედგებზე დაყრდნობით მომზადდება სარკვევი, რომლითაც შეგვიძლია ამოვიცნოთ და დავახასიათოთ ტერიტორიაზე შემხვედრი სოკოები. გარდა სამეცნიერო დანიშნულებისა, ნებისმერ ქართველ ან უცხოელ დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული სოკოს სახეობის შესახებ.

 6. მიკოლოგიური ჰერბარიუმისა და სოკოების წმინდა კულტურების კოლექციის შექმნა - შედეგად გაკეთდება სოკოების წმინდა კულტურები და ჰერბარიუმი. ეტაპობრივად მოხდება მათი სახეობებით შევსება.

 7. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ბაზიდიომიცეტების კონსერვაციის სტატუსის შეფასება, სამომავლოდ გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება, რეკომენდაციების და დასკვნების გაკეთება ბაზიდიომიცეტების დაცვა-შენარჩუნებისთვის.

8. მიკოლოგიის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან თანამშრომლობით სოკოების მნიშვნელობის, მიკოლოგიური შესაძლებლობების და შხამიანი სოკოების შესაძლო საფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერება ამაღლდება.

მოსალოდნელი შედეგები

სამაგისტრო კვლევა მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ ბაზიდიომიცეტების კლასის სოკოების ბიომრავალფეროვნება მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. საკითხის შემდგომი შესწავლისათვის და კვლევის გავრცელებისათვის (ეს არის ერთგვარი შუალედურ ნაწილი დოქტორანტურის კვლევის) იქნება პირველადი მონაცემების ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება სხვა კვლევების მიმართულებების განსაზღვრა ან დაგეგმვა. კვლევითი პროექტით შეფასდება დღესდღეისობით არსებული ბაზიდიომიცეტების მდგომარეობა, განისაზღვრება რაოდენობა, ეკოლოგიური და ბიოლოგიური მახასიათებლები, შეიქმნება ილუსტრირებული სარკვევები, მიკოლოგიის ჰერბარიუმი და სოკოების წმინდა კულტურების კოლექცია, ჩატარდება საინფორმაციო კამპანიები. ბაზიდიომიცეტების კვლევა აჭარაში, კერძოდ, მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, იქნება პირველი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენს რეგიონში მიკოლოგიის სფეროს განვითარებისთვის. მომზადდება მოხსენება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაზე. ასევე კვლევის საფუძველზე მომზადებული სამეცნიერო მასალა გამოქვეყნდება საერთაშორისო კონფერენციათა მასალაში. მოსალოდნელი შედეგების პოტენციური პრაქტიკული გამოყენება: კვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები პრაქტიკულად მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ბაზიდიომიცეტების განვითარებისთვის და სოკოების ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის დანერგვისთვის. კვლევის საფუძველზე შეფასებული მდგომარეობა, რაოდენობა, გავრცელების არეალები, თავისებურებები გვაჩვენებს მიკოლოგიაში ბაზიდიომიცეტების და ზოგადად მიკოლოგიის დარგის მნიშვნელობას, სოციალურ, ეკოლოგიურ და ეკონომიკურ სარგებელს. მეცნიერულ დონეზე დასმული საკითხი და ნაშრომად გამოქვეყნებული მასალები იქნება სამეცნიერო ლიტერატურის ნაწილი, რომელსაც გამოიყენებენ სხვადასხვა დისციპლინაში. ბიძგი მიეცემა ამ საკითხისადმი ინტერესის გაღვივებას, ახალი კვლევების დაგეგმვასა და ჩატარებას, დაჩქარდება თემის ირგვლივ არსებული პრობლემის ადვოკატირება.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა