სამეცნიერო კვლევები

„ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების ციფრული კორპუსი

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი მზია ხახუტაიშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ასოც. პროფესორი ნ. ცეცხლაძე, ასოც. პროფესორი გრ. კახიანი; მოწვეული პროფესორი თამილა დილავეროვა;

ქართული ფილოლოგიის სპეციალობის III კურსის სტუდენტები: ლილია თავდგირიძე, ელზა მექურიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2023 II – 2023 XII

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალურობა

ღია სამეცნიერო რესურსები OR (Open-Ressource)  არქივებში, საცავებსა და კერძო კოლექციებში დაცული რესურებისგან განსხვავებით სწრაფი და ეფიციენტური გამოყენებისაა. ხელნაწერები შეიცავს ღირებულ მასალას შემქმნელი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ამიტომ მეტად აქტუალური და ინოვაციურია მათი თანამედროვე მეთოდებით დამუშავება მრავალჯერადი თუ ინტერდისციპლინური გამოყენებისთვის.

წიგნის გადაწერა ისტორიულად მამაკაცის პროფესიად ითვლებოდა. საისტორიო წყაროებში ქალის ხელით გადაწერილი ხელნაწერები ნაკლებადაა შემორჩენილი. ამასთან, იგი ცუდი მხედრულითაა შესრულებული. ამგვარ წერას ტრადიცია „დედაბრულ ხელს“ უწოდებს. „დედაბრულ ხელს“ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს საზღვრისპირა რეგიონში განსაკუთრებული ფუნქცია დაეკისრა. ეს განპირობებული იყო რეგიონის სტრატეგიული მდებარეობით. XV საუკუნის II ნახევრიდან განსაკუთრებით მძიმე პერიოდი დაუდგა სამხრეთ საზღვრისპირა რეგიონებს - სამცხე-საათაბაგოსა და აჭარას. ოსმალების მიერ სამხრეთი ნაწილის დაპყრობის შემდეგ დაიწყო რეგიონის გამუსლიმანება. დაპყრობაში ზოგადად იგულისხმება არამარტო ტერიტორიის, გეოგრაფიული სივრცის დაკავება, არამედ ავთენტური ეროვნული კულტურის, ცნობიერების განადგურება, ენის დავიწყება და ახალი კულტურის შემოტანა. ქართველების ოსმალიზაცია- გამუსლიმანება ნიშნავდა ქართული ენის როგორც სასაუბრო, სამწიგნობრო და ოფიციალური საურთიერთობო საშუალების აკრძალვას. ასე გაჩნდა მხედრული დამწერლობის ახალი სტილი, საიდუმლო დამწერლობა ე.წ. „დედაბრული ხელი“. მუჰაჯირები და ადგილობრივები ამით ერთმანეთთან წერილობით ურთიერთობას ამყარებდნენ. სამი საუკუნის განმავლობაში დედაბრული დამწერლობით მუჰაჯირებმა ეროვნული თვითმყოფადობა, ქართული ისტორიული მეხსიერება, ტრადიციები, ადათ-წესები შეინარჩუნეს.

ოსმალთა ბატონობის პირობებში ქართული ენის და ცნობიერების შენარჩუნება ქალმა იტვირთა. ქობულეთსა და აჭარაში ნაპოვნია „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები. ახალ კულტურულ გარემოში „დედაბრული ხელმა“ შეიცვალა გრაფიკული და ლინგვისტური მახასიათებლები: ასოთა კუთხოვანი მოხაზულობა, ხმოვანმეტობა, სიტყვების გაუმიჯნაობა, უინტერვალო წერა და სასვენი ნიშნების უქონლობა. ეს ყველაფერი კი საიდუმლო დამწერლობის აღიარების საფუძველია. ისტორიული რეალობის გამო გადამწერები იძულებული იყვნენ, სახარების შემცველი ავგაროზის ტექსტები „გარდაენუსხათ“ და გაესაიდუმლოებინათ.

პროექტის მიზანია ხელნაწერ კოლექციაში, მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცული „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების შევსება-სისტემატიზაცია და გაციფრულება. აღნიშნული თვალსაზრისით საჭიროა ხელნაწერთა კატალოგიზაცია (დოკუმენტირებისა და არქივირების (დოკულინგვისტიკის) ინოვაციური მეთოდით სამიზნე ხელნაწერების გაციფრულება. ამ ტიპის ხელნაწერთა შევსების მიზნით იგეგმება ექსპედიციები (ასოც. პროფ. მზ. ხახუტაიშვილი, ასოც. პროფ. ნ. ცეცხლაძე, სტუდენტები: ე. მექურიძე, ლ. თავდგირიძე) ქობულეთის, ზემო აჭარის და ოზურგეთის რაიონის სოფლებში. 

ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ტიპის ხელნაწერები თურქეთში, ფაცის რაიონში მცხოვრებ ქობულეთელ მუჰაჯირთა შთამომავლების საოჯახო კოლექციებში აღმოჩნდეს (აღვნიშნავთ, რომ „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული პირველი წარწერა სწორედ ფაცაში, ბუხრის სარტყელზე ჩვენ ვიპოვეთ). პროექტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ექსპედიცია მუჰაჯირი ქობულეთელებით კომპაქტურად დასახლებულ ფაცის რაიონში (თურქეთი, ორდუს ვილაიეთი).

       „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერები დაცულია თბილისში სხვადასხვა ინსტიტუციაში (მათ შორის საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელნაწერ ფონდში, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტსა და ა.შ).

პროექტის მიზანია, ასევე „დედაბრული ხელნაწერების“ შესახებ ახალი ცოდნის, კერძოდ კი ამგვარ ხელნაწერთა ციფრული კორპუსის სტანდარტის შექმნა. ამდენად, რესურსებზე დართული მეტამონაცემები და თანამედროვე საძიებო სისტემები მონაცემთა ინტერდისციპლინური გამოყენების  საშუალებას მოგვცემს. ხელნაწერთა პალეოგრაფიული აღწერილობის (ხელნაწერის რაობა, ფურცელთა რაოდენობა, ხელნაწერის ზომა, სრულია თუ ნაკლული ხელნაწერი, მელნის ფერის განსაზღვრა, სვეტების რაოდენობა და  ზომა, დაშორება გვერდებიდან, სტრიქონთა რაოდენობა, პაგინაციის ტიპის, ქაღალდის სტრუქტურის განსაზღვრა, გადამწერის ვინაობა, გადაწერის დრო და ადგილი, ხელნაწერის კუთვნილება - ვის ეკუთვნოდა ადრე, თხზულების დასაწყისი და ბოლო წინადადების, ხელნაწერში არსებული ანდერძ-მინაწერების მითითება) შედგენა და ბაზაში განთავსება. მიღებული მონაცემები დალაგდება და განაწილდება თემატურ ჯგუფებში.

პროექტის მიზანია მონაცემთა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ბაზის შექმნაც.

საკვლევი თემა აქტუალურია, რადგან აღსანიშნავია, რომ „დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერი მრავლადაა, მაგრამ ისინი კომპლექსური შესწავლის საგანი არასდროს გამხდარა. მათი არქეოგრაფიული მონაცემები მწირია. ხელნაწერთა აღწერილობებში დაცული ცნობები ხშირად არ არის სრულყოფილი, ამიტომაც ხელნაწერთა კოდიკოლოგიურ-არქეოგრაფიულმა კვლევამ შესაძლოა გამოავლინოს „დედაბრული ხელით“ შესრულებული სხვა ხელნაწერებიც. აქვე აღვნიშნავთ, რომ დღემდე არ არსებობს ამგვარ  და მით უფრო „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებულ ხელნაწერთა საერთო ბაზა. აღნიშნული მოვლენის შესწავლა და გაციფრულება გამოკვეთს აჭარის რეგიონის განსაკუთრებულობას და მნიშვნელოვან ადგილს დაიჭერს კონკრეტულად მის თუ ზოგადად ქართულ სულიერ მემკვიდრეობაში. ორენოვანი ბაზის შექმნით მოვლენას საერთაშორისო მნიშვნელობა მიენიჭება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

„დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების შესწავლა კვლევის ახლებური მეთოდებით, მათი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან - გაციფრება მოგვცემს ამგვარი რესურსების მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობას, რაც ზრდის კვლევის მისაწვდომობას, პერსპექტიულობასა და ეფექტიანობას არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ციფრული კორპუსის ჩამოყალიბება. ცალკეული ხელნაწერის შესახებ სამეცნიერო-საცნობარო აღწერის შექმნა უზრუნველყოფს ამ ტიპის რესურსების ზოგადი სტანდარტის შექმნას და საშუალებას მისცემს მეცნიერებს, გამოიყენონ დაგროვილი მასალა შემდგომი კვლევებისთვის.

პროექტის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტი ხელს შეუწყობს დედაბრული ხელნაწერების პოპულარიზაციას, გაზრდის აჭარის რეგიონისადმი ინტერესს. „ქობულურ-აჭარული დედაბრული ხელით“ შესრულებული ხელნაწერების საფუძველზე აღწერილობის სტანდარტისა და მონაცემთა ორენოვანი - ქართულ-ინგლისური  ბაზის შექმნა შესაბამისი სამომხმარებლო ინტერფეისით მისი შემდგომი კვლევის გარანტი იქნება. ხელნაწერების დოკულინგვისტიკის მეთოდებით შესწავლა, დიგიტალიზაცია,  მეტამონაცემებით აღჭურვა და  ორენოვანი  ბაზის  შექმნა აქცევს მას ღია, ინტერდისციპლინურ რესურსებად. კვლევის შედეგების გამოქვეყნება მნიშვნელოვანი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საზღვარგარეთის სამეცნიერო საზოგადოებისათვის.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა