სამეცნიერო კვლევები

„ქართულ-ფრანგული ანდაზების კვლევა და თემატური კრებულის შექმნა“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ქართულ-ფრანგული ანდაზების კვლევა და თემატური კრებულის შექმნა“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  თამარ მაჭუტაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი თინა შიოშვილი, მაგისტრანტი ლანა შავლიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 1.02.2023-15.12.2023

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა

 ცნობილია, რომ ანდაზა საერთო "მენტა­ლური ენის" ყალიბში ფორმირებული ენობ­რი­ვი კოლექტივის ვერბალური ფოლკლორის განუყოფელი ნაწი­ლია. შესაბამისად, ის თვისობრივად (როგორც ფორმალუ­რად, ისე შინაარსობრივად) იმ სამყაროს ყოფისა და აზროვნების მიკრომოდელია, რომელშიც შეიქმნა და ფუნქციონირებს. მისი ძირითადი დატვირთვა სამყაროს ზოგადი კანონზომიერებისადმი წვდომაა; იმ სინამდვილის სიღრმისეული გაგებაა, რომელიც თავსდება ერთიანი ეროვნული აზროვნების სისტემაში. თი­თოეული ეთნოსი, ბუნებრივია, მას ინდივიდუალური ფორმით გადმოსცემს. ამდენად, ანდაზის სიღრმისეული შესწავლა (ენას­თან ერთად) მისი შემქმნელი ხალხის ეთნიკური (ყოფითი და მენტალური) თავისებურებების, ეთნოფსიქოლოგიის შესწავ­ლას გულისხმობს.

დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში პარემიოლოგიისათვის ფრიად მნიშვნელოვანია ანდაზის ენის ფუნქციის კვლევა ტრა­დიციულ და თანამედროვე კულტურაში. მეცნიერებს (ეროვნუ­ლი პარემიების შემდგომ კვლევასთან ერთად) უმნიშვნელო­ვანესად მიაჩნიათ განსხვავებულ კულტურათა მონაცემების შეპირისპირებითი კვლევა. ვ. მიდერის შეფასებით, თანამედრო­ვე თეორიული და ემპირიული პარემიოლოგია უეჭველად მიიყვანს ადამიანის ქცევასა და კომუნიკაციას ახალ აზროვნე­ბამ­დე...

ანდაზები, უხსოვარი დროიდან იქმნებოდა,  მათი შესწავლა საუკუნეებს ითვლის, მაგრამ  მხოლოდ   მე-19 ს-ის 60-იანი წლებიდან  ანდაზისმცოდნეობა „პარემიოლოგიის“ სახელწოდებით ცალკე დისციპლინად ჩამოყალიბდა და შევიდა ზოგად ფოლკლორისტიკაში.

მსოფლიო პარემიოლოგიაში ანდაზათა რამდენიმე კლასიფიკაცია არსებობს: ანბანური, თემატური, საგნობრივი, მონოგრაფიული და სალექსიკონო-ენციკლოპედიური. ძირითადად გავრცელებულია ანბანური და თემატური კლასიფიკაცია.

საქართველოში ტრადიციულად, ძველთაგანვე ანდაზათა კრებულის ანბანური ფორმაა გავრცელებული,  პირველად ანდაზების  თავმოყრა, საჟურნალო სტატიის სახით, „ხალხური ანდაზები” რაფიელ ერისთავმა 1871 წელს, ჟურნალ „კრებულში” წარმოგვიდგინა.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  1900 წელს გაზეთმა „ივერიამ“ (#240) ქართულ საზოგადოებას აუწყა, რომ ფრანგულ ჟურნალში დაიბეჭდა ცნობილი ეთნოლოგის, ფოლკლორისტისა და მთარგმნელის თ. სახოკიას მიერ თარგმნილი მეგრული ანდაზები.

1902 წელს ჟურნალი „მწყემსი“ [№23-24:13] ახალი ამბისა და შენიშვნების განყოფილებაში იტყობინებოდა: „ერთ ფრანგულ ჟურნალში დაბეჭდილია ქართული ანდაზები თარგმნილი თვით თ. სახოკიას მიერ. სულ 800 -ზე მეტი ანდაზაა დაბეჭდილი, როგორც წინასიტყვაობიდან  ჩანს, მრავალი მათგანი თვით თ. სახოკიას შეუგროვებია და ჯერ ქართულადაც არ ყოფილა დაბეჭდილი, ანდაზები ცალკე წიგნადაც გამოვა“ -  მართლაც, 1903 წელს პარიზში გამოიცა - Les proverbes géorgiens”.

ფრანგულად დაბეჭდილი ანდაზების კრებული (814 ერთეული) მკვლევარმა თემატურად დაანაწილა და სულ 66 ჯგუფში გააერთიანა. ეს ჯგუფებია: ღმერთი, სოფელი, მეურნეობა, სიყვარული, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა, სილამაზე, სიკეთე, ბედნიერება, შრომა, ნადირობა, სიმდიდრე, ვაჭრობა, რჩევა, ცნობისმოყვარეობა, აღზრდა, ეგოიზმი, ოჯახი, მეფე, ქალი, საზოგადოება, ახალგაზრდობა, ქურდობა, სიზმარი, ხელობა, მოთმინება, მოგზაურობა და. შ.

ამგვარად, თ. სახოკია პირველი იყო, ვინც ფართო საზოგადოებას, ევროპას და კერძოდ საფრანგეთს გააცნო ქართული ხალხური ანდაზები და ამ გზით აზიარა ქართულ სულს.

             სწორედ, აქედან გამომდინარე, ჩვენს მიზანს წარმოადგენს ორი უმთავრესი საკითხი:

  1. ქართულ სინამდვილეში დღეს არ არსებობს თემატურად დაჯგუფებული ანდაზების პუბლიკაცია;
  2. 1902 წელს თედო სახოკიას მიერ დაბეჭდილი  ანდაზების შემდეგ, არ გამოცემულა ქართულ-ფრანგული ანდაზების კრებული. 

კვლევის მიზანს სწორედაც წარმოადგენს ქართული ანდაზების თემატური დაჯგუფება და მათი ფრანგული შესატყვისების მოძიება, შედეგად კი კრებულის შექმნა.

ზემოთქმული ნათელყოფს მოცემული თემის აქტუალობას და განსაზღვრავს ჩვენი კვლევის საგანს: ანდაზის - მოცემულ მენტალობაში გარკვეულ ცნებად მოდელირებული ფორმულის -გააზრება განსხვავებულ კულტურათა (ფრანგულ-ქართული) კონტექსტში. ამგვარი მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი ხდება აღნიშნული ასპექტით სხვადასხვა ეთნოკულტურათა იდენტიფიცირება (თითოეულის ეთნიკური ინდივიდუალობის განსაზღვრა) და, ამავდროულად, კულტურათა გლობალიზაციის მახასიათებელთა (მაგ. კულტურათა მსგავსების ჩარჩოების) დადგენა. კვლევის მიზანია ქართული და ფრანგული ანდაზების კრებულებში და ბსუ-ს ქართველოლოგიის ცენტრის ფოლკლორულ არქივებში დაცული ანდაზების შესწავლა, თემატურ ჯგუფებად დალაგება და ფრანგული ანალოგიების პოვნა.

კრებულის ბოლო თავში, ასევე, ასახული იქნება გამოკითხვის მეთოდის გამოყენებით ნაპოვნი ეგრეთწოდებული „ახალი ანდაზები“, რომლებიც მანამდე არ ასახულა, ქართულ და ფრანგულ ანდაზების კრებულებში.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები

ფრანგული და ქართული ანდაზების განხილვა კვლევაში ხორციელდება ლიგვოკულტუროლოგიური თვალსაზრი­სით; იგი ასახავს ფრანგულენოვანი და ქართულენოვანი საზო­გა­დოების მენტალიტეტის კვლევას ანდაზების საფუძველზე.

 ორ არამონათესავე ენაში მსგავსი სფეროს შესწავლა ახლებური მიდგომაა, რაც სასურველ შედეგს მოიტანს როგორც სტილის­ტურ-ლექსიკოლოგიურ პრაქტიკაში, არამედ სოციო და ფსიქო­ლინგვისტიკის, ლინგვოკულტუროლოგიის სფეროში. ამასთა­ნავე კვლევის შედეგად შეიძლება გამოცემულ იქნას დამხმარე სახელმძღვანელო შესაბამის დისციპლინებში სპეცკურ­სის სასწავლებლად საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათ­ლებლო პროგრამების სწავლებისას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა