სამეცნიერო კვლევები

ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული მმართველობა (1878-1921 წწ.)

სამეცნიერო პროექტი - ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ადმინისტრაციული მმართველობა (1878-1921 წწ.)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელიჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულინ პროფესორი ნუგზარ ზოსიძე

პროექტის კოორდინატორი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მერაბ ხალვაში.

პროექტში ჩართული პირები: თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ენვერ დიასამიძე

პროექტის ხანგრძლივობა3 წელი (2022-2025)

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა:  საქართველოს ისტორიის სრულყოფილი შესწავლა რეგიონების კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. ისტორული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ისტორიული და პოლიტიკურ ასპექტებზე ჩვენი ყურადღების შეჩერება განაპირობა მითითებულ პერიოდში მხარის ცვალებადმა პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივმა სტატუსმა, ისტორიოგრაფიაში ჩვენთვის საინტერესო კუთხით ინფორმაციის სიმწირემ და საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელმა ტენდენციურობამ. წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოებრივი  განვითარების  პროცესში  ისტორული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს   ადმინისტრაციულ ტერიტორიული  ერთეულების  ფორმირების ისტორიული  გზის,  სპეციფიკის,  ობიექტური  გარემოებების  კვლევას. ასევე, რუსეთისა და თურქეთის სახელმწიფოების წყაროთსაცავებში დაცული საარქივო და სხვა მასალების საფუძვლიან შესწავლას და მათ სამეცნიერო მომოქცევაში შემოტანას.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველო არის პირობითი ცნება, რომლის ქვეშაც იგულისხმება ტერიტორია, რომელიც რუსეთის იმპერიის ფარგლებში საქართველოს დაუბრუნდა XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის ისტორიულ-პოლიტიკურ  ასპექტებზე  ჩვენი  ყურადღების  შეჩერება  განაპირობა  თემის  აქტუალობამ.  1877-1878 წლების   რუსეთ-ოსმალეთის   ომის   შემდეგ   დაიწყო   ოსმალეთის   მიერ   მიტაცებული   ქართული ტერიტორიების დაბრუნება და ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული სისტემის ფორმირება, რაც დღემდე არ გამხდარა ფუნდამენტური კვლევის საგანი.

ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკური სტრუქტურების ფორმირება უაღრესად სპეციფიკურ ვითარებაში წარიმართა. მას XIX საუკუნის ბოლო მეოთხედი დაეთმო, თუმცა მთლიანად არ დასრულებულა. ეს არის იმავდროულად რუსული კოლონიზატორული მმართველობის ძირითადი პრინციპების რეგიონში დამკვიდრების ეტაპიც. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ოსმალური პერიოდის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების, მიწათმფლობელობის წესის უგულვებელყოფა და ახალი სახელმწიფოებრივი სისტემის ფორსირებულად   დამკვიდრების მცდელობა არც თუ ისე უმტკივნეულოდ წარიმართა. იგი აშკარად ატარებდა რუსული კოლონიალიზმის ყველა ნეგატიურ ნიშნებს. ცხადია ეს პრობლემები სათანადოდ იქნება შესწავლილი. რეგიონის ერთიან ქართულ სივრცეში დაბრუნებას, თუნდაც რუსული იმპერიის ჩარჩოებში, უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა ქონდა, მაგრამ ახალი ცხოვრების პრინციპების დანერგვა უმტკივნეულოდ არ განხორციელებულა. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ   ქართული საზოგადოებრიობის   შესაძლებლობა ამ პერიოდში შედარებით ნაკლები იყო რუსეთის იმპერიის შესაძლებლობასთან, ცხადი გახდება, რომ მიზნები, ამოცანები და ინტერესები ხშირად თანხვედრილი არ იყო და ეს გარემოება ქმნიდა მრავალ წინააღმდეგობას.   დღეისათვის თურქეთისა და რუსეთის სახელმწიფოების სიძველეთსაცავებში დაცული საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობამ მოგვცემს საშუალებას ეს და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოიტხოვს სიღრმისეულად შესწავლას.

სამეცნიერო კვლევის განსაკუთრებულ მონაკვეთს წარმოადგენს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდი (1918-1921წწ.). მსოფლიო ომის დამამთავრებელ ეტაპზე უკიდურესად გამძაფრდა დიდ სახელმწიფოთა ბრძოლა სამხრეთ დასავლეთ საქართველოს - განსაკუთრებით ბათუმის ოლქის მიტაცებისათვის. მხარის სამეურნეო-ეკონომიკური პოტენციალი, მისი სტრატეგიული მდებარეობა იზიდავდა ოსმალეთსაც, ევროპის სახელმწიფოებსაც (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი) ბრესტის ზავის შემდეგ, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი პოზიციები ოსმალეთს ჰქონდა, მით უმეტეს, რომ ცალმხრივად და უხეშად ჩატარებული რეფერენდუმის წყალობით თითქოს საიმედოდ გაინაღდა ბატონობა ბათუმის ოლქში, ამის მიუხედავად, თურანიზმის მომხრეთა გეგმები ადრინდელი იმპერიის აღსადგენად არ შესრულდა. გერმანიის ბლოკის ქვეყნების მარცხმა გამორიცხა აქ ოსმალეთის გაბატონების შესაძლებლობა. ამით ისარგებლა დიდმა ბრიტანეთმა და აქტიურად იღვაწა ამ მხარეში დამკვიდრებისათვის. ამავე მიზნით სცადა ბათუმის საკითხის ინტერნაციონალიზება, მაგრამ ქართველი ხალხის პროტესტისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიური ღონისძიებებით განაზრახი მასაც ჩაეშალა. ამ მოვლენების ფონზე შესამჩნევად აქტიურობდა რუსეთი როგორც ე.წ. თეთრგვარდიული,  ასევე ე.წ. საბჭოთაც.  ორივე მათგანი იბრძოდა ერთიანი და განუყოფელი რუსული იმპერიის შენარჩუნებისათვის.   ყოველ შემთხვევაში, ბათუმის რუსული ეროვნული საბჭოს და მისი მეთაურის კადეტ მასლოვისა და ცნობილი გენერლის დენიკინის საკმაოდ ინტენსიური ურთიერთობა მიზნად ისახავდა საქართველოსაგან ბათუმის ოლქის ჩამოშორებას. ამავე მიმართულებით არანაკლებ აქტიურობდა, აგრეთვე, ანგორის მთავრობაც. ასეთ რთულ ვითარებაში სწორი პოზიცია დაიკავა თვით აჭარამ, რომელმაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის აქტიური მხარდაჭერით სწორად გადაწყვიტა თავისი მომავალი საქარტველოს შემადგენლობაში.

ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს ე.წ. ყარსის რესპუბლიკა, რომელიც, შეიძლება ითქვას, მკვდრადშობილი დაიბადა, მაგრამ თავისი შინაარსით წარმოადგენდა რეგიონში არსებული ურთულესი პოლიტიკური ურთიერთობებისა და ინტერესთა ჭიდილის რეალურ ასახვას. თუმცა იგი წარმოადგენდა ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე  უაღრესად საშიშ პროექტს რომელიც საფრთხეს უქმნიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას.  ეს საკითხი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად შეუსწავლელია და საკითხით დაინტერესებულ მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი; თურქეთი) ისტორიკოსთა შრომებში უაღრესად ცალმხრივად და ტენდენციურადაა გაშუქებული.  

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 1920 წლის მეორე ნახევრისა და 1921 წლის პირველი ნახევრის პოლიტიკური მოვლენების ანალიზს საერთო ამიერკავკასიური პოლიტიკის ჭრილში (მხედველობაში გვაქვს მოსკოვის 1920 წლის 16 მარტისა და ყარსის 1921 წლის 13 ოქტომბრის ხელშეკრულებები). იმის გათვალისწინებით, რომ ბათუმის ოლქი წარმოადგენდა ამ დიდი პოლიტიკის ერთ-ერთ ქვაკუთხედს. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული, თურქეთის და რუსეთის არქივებში გამოვლენილი, ახალი დოკუმენტური წყაროების    მოშველიებით განხორციელდება დასმული პრობლემის კომპლექსური კვლევა. ამ საკითხების სრულყოფილად შესწავლას გააჩნია არა მხოლოდ სამეცნიერო ღირებულება, არამედ პრაქტიკულიც, რომელიც დაგვეხმარება სახელმწიფოს ტერიტორიულ- ადმინისტრაციული მოწყობის თავისებურბების ახლებულ გააზრებაში.

პროექტის განხორციელების  შემთხვევაში  შეიქმნება  სამხრეთ-დასავლეთ  საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის  ისტორიული,  პოლიტიკური და  სოციალური ასპექტების ამსახველი მეცნიერული გამოკვლევა, რომლის შედეგებიც საბოლოოდ აისახება მონოგრაფიაში. მნიშვნელოვანი იქნება ის გარემოებაც, რომ ნაშრომს თან დაერთვება ჩვენ მიერ მოძიებული დოკუმენტური მასალები, რაც მკითხველს მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა საკითხების გაცნობისას უშუალოდ შეაჯეროს თავისი შეხედულებანი იმ წყაროებთან, რომელსაც თვით ავტორები იყენებენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა