გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი ანდრია როგავა
დისერტაციის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი შოთა მამულაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2021-2022
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კოლხური ამფორები ანტიკური ხანის დასავლეთ საქართველოს მატერიალური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე ტიპიურ არტეფაქტთა კატეგორიას წარმოადგენს. ისინი მრავლადაა აღმოჩენილი შავიზღვისპირეთის სხვადასხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე და ამ პერიოდში კოლხეთსა და შავი ზღვის დანარჩენ რეგიონებს შორის არსებული ცოცხალი და დინამიური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მატერიალური მატიანეა. აღნიშნული ამფორების შესწავლა მე-XX საუკუნის 50-იანი წლებიდან მიმდინარეობს, თუმცა კი ძირითადად მხოლოდ ტრადიციული არქეოლოგიური მეთოდიკის გამოყენებით, რაც ამფორების დამზადების ტექნოლოგიებისა და კონკრეტული საწარმოო ცენტრების / ტერიტორიების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას ფაქტიურად ვერ იძლევა.
საერთაშორისო არქეოლოგიური კვლევის პრაქტიკის მიხედვით კერამიკული ნაწარმის ტექნოლოგიისა და დამზადების ცენტრების დადგენისთვის საჭიროა ტრადიციული არქეოლოგიური და რამდენიმე საბუნებისმეტყველო მეცნიერული მეთოდის კომბინირება. ასეთი კვლევების საერთო სახელია არქეომეტრიული ანალიზი. ეს ძირითადად არის ქიმიური და პეტროგრაფიული ანალიზები, რომლებიც საშუალებას იძლევიან კერამიკა და პოტენციური სანედლეულე მასალა (თიხა) მინერალოგიურ, პეტროგრაფიულ და ქიმიურ დონეზე გამოვიკვლიოთ და ერთმანეთთან შევადაროთ იმისათვის რომ განვსაზღვროთ სანედლეულე მასალის რაობა, კერამიკის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიური ასპექტები (მაგ. ნედლეულის მოპოვების სტრატეგიები, კეცის მომზადება და გამოწვა) და სავარაუდო წარმომავლობა. სწორედ ასეთი ინტერდისციპლინარული კვლევების მაგალითს ეკუთვნის წინამდებარე პროექტი. ის მიზნად ისახავს პეტროგრაფიული, რენტგენული ფლუორესცენციის სპექტროსკოპიული (WD-XRF) და რენტგენული დიფრაქციული (XRD) მეთოდების გამოყენებით გაანალიზებულ იქნას გონიო-აფსაროსის, პეტრა-ციხისძირისა და ფიჭვნარის ელინისტური და რომაული ხანის კოლხური ამფორები და ამ ძეგლების გარშემო არსებული პოტენციური სანედლეულე მასალა (თიხა). პროექტის ფარგლებში გვექნება მცდელობა პასუხი გავცეთ შემდეგ კითხვებს: რა ტიპის ნედლეულის და ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდებოდა აღნიშნული ამფორები? როგორ იცვლებოდა ეს ტექნოლოგიები ელინისტური და რომაული პერიოდების განმავლობაში? გეოგრაფიულად სად ხდებოდა საჭირო ნედლეულის მოპოვება?
რეგიონალურ პერსპექტივაში კოლხური ამფორების დამზადების ცენტრების იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარეც რომ ეს ნაწარმი ხშირად ჩნდება შავი ზღვის აუზის ელინისტური და რომაული პერიოდის ნამოსახლარების ტერიტორიებზე და კოლხეთის ამ რეგიონებთან განვითარებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე მეტყველებს. პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება დეტალურად აღვადგინოთ კოლხური ამფორების წარმოებასთან დაკავშირებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სურათი და შევაფასოთ ფართო გეო-პოლიტიკურ პროცესებს რამდენად ქონდათ გავლენა ადგილობრივი კერამიკის წარმოების ორგანიზებაზე და ტექნოლოგიაზე.
პროექტის ღირებულება სწორედ მის კერამიკის შესწავლისადმი ინოვაციურ და ინტერდისციპლინარულ მიდგომაში მდგომარეობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება პასუხი გაეცეს მთელ რიგ ისეთ მეცნიერულ კითხვებს, რომლებიც მხოლოდ ტრადიციული კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენების შემთხვევაში დიდწილად გადაუჭრელი რჩებოდა. ამას გარდა, კვლევის მნიშვნელობა ცდება მხოლოდ პროექტში დასმული ზემოთაღნიშნული მეცნიერული პრობლემების გადაჭრას. კერძოდ, ჩვენს მიერ შესწავლილი სინჯებით შეიქმნება ერთგვარ მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება იმ მკვლევარებისათვის რომლებიც სწავლობენ ელინისტური და რომაული პერიოდის, ასევე სხვა პერიოდებით დათარიღებულ, აჭარაში და აჭარის მოსაზღვრე რეგიონებში აღმოჩენილ ადგილობრივი კერამიკის წარმომავლობისა და ტექნოლოგიის საკითხებს. სანედლეულე მასალის მონაცემები ასევე ხელმისაწვდომი იქნება დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების მიერ ამ რეგიონის თიხის საბადოების პოტენციალის შესწავლის კონტექსტშიც.
აღნიშნული სადოქტორო კვლევა იქნება თანამედროვე ქართული არქეოლოგიის რეალობაში ერთ-ერთი პირველი მცდელობა რათა ინტერდისციპლინარული, საბუნებისმეტყველო მეცნიერული მეთოდების გამოყენებით შეიქმნას ღრმა მეცნიერული ცოდნა კონკრეტული კერამიკული ნაწარმის ტექნოლოგიაზე, წარმომავლობაზე და მის როლზე რეგიონალურ სავაჭრო ურთიერთობებში. პროექტის განხორციელება თავისთავად ხელს შეუწყობს რათა ჩვენი რეგიონის მეცნიერული კვლევა კიდევ უფრო მეტად მოექცეს უცხოელი სპეციალისტების საკვლევი ინტერესის არეალში.
უკან |