სამეცნიერო კვლევები

„სოფ. ქობულეთის გვიანმეზოლითურ-ადრენეოლითური ხანის ნამოსახლარის ინტერდისციპლინური არქეოლოგიური კვლევა-ძიებები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „სოფ. ქობულეთის გვიანმეზოლითურ-ადრენეოლითური ხანის ნამოსახლარის ინტერდისციპლინური არქეოლოგიური კვლევა-ძიებები თანამედროვე მეთოდების გამოყენებით“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ემერეტუსი პროფესორი ამირან კახიძე.

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: მოწვეული სპეციალისტი გურამ ჩხატარაშვილი ,  სტუდენტი თათული მოწყობილი.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტის   მიზანია   სოფ.   ქობულეთის   გვიანმეზოლით-ადრენეოლითური   ხანის ძეგლის არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება, რაც გულისხმობს ინტერდისციპლინური ჯგუფის   ჩართვას   (პალინოლოგია,   პალეონტოლოგია,   გეოლოგია).   ძეგლზე   ნახშირის აღმოჩენის   შემთხვევაში   შესაძლებელი   იქნება   C14   დათარიღებისათვის   სპეციალური სინჯების აღება, რაც საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ ძეგლის ზუსტი თარიღი.

პროექტის   ერთ-ერთი   მიზანია   ძეგლზე   გამოვლენილი   ობსიდიანის   მასალების ქიმიური ანალიზი, რომელიც ჩატარდება საზღვარგარეთის სამეცნიერო ლაბორატორიაში. აღსანიშნავია, რომ არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესში ჩართული იქნება კიევის მეცნ. აკად. არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, მეცნ. კანდიდატი ვალერი მანკო, რომელსაც გააჩნია საველე მუშაობის დიდი გამოცდილება და გაგვიწევს საჭირო კონსულტაციებს არქეოლოგიური სამუშაოების დროს.
პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, სოფ. ქობულეთის ნამოსახლარზე საველე არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ჩვენს მიერ მოპოვებული არტეფაქტების ტრასოლოგიური კვლევა, რომელიც მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას აქ მცხოვრებ პირველყოფილ ადამიანთა სამეურნეო ყოფის შესახებ   (ხორცის ან ტყავის დამუშავება, ხის გახეხვა, იარაღების გაპრიალება, მცენარეთა დანაყვა და სხვ.). ტრასოლოგიური კვლევის ჩატარება ჩვენს რეგიონში ხელს შეუწყობს, რომ სამომავლოდ, ჩვენს რეგიონში ჩამოყალიბდეს ექსპერიმენტულ-ტრასოლოგიური ლაბორატორია.

ტრასოლოგიური  კვლევების  პარალელურად,  აუცილებელ  მიზნად  მიგვაჩნია  ქვის ხანის ფონდში დაცული მასალების შესწავლა. საქმე იმაშია, რომ დღემდე გაურკვეველია ფონდში არსებული ქვის მასალათა საერთო სტატისტიკური სია, იარაღთა ტიპოლოგია, წამყვანი და მეორეხარისხოვანი იარაღები და ა.შ. ამასთან ერთად, საკითხის ირგვლივ დამუშავდება სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურა, შეიქმნება მონაცემთა ბაზა და სხვ.

ბუნებრივია, რეგიონის კვლევის გაგრძელება და მისი პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო ამოცანათაგანია. კვლევის შედეგების გაცნობის მიზნით აუცილებელ ამოცანად გვესახება ჩვენი მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე.

ჩვენს მიერ განხორციელებული კვლევის პროცესში ჩამოყალიბდა კვლევის ერთიანი მეთოდოლოგია მომავალში ანალოგიური კვლევების შესწავლის მიზნით.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: 

პროექტის განხორციელების მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება ქვეყნისთვის, კონკრეტული რეგიონისთვის, დარგისათვის; პროექტის დასრულების შემდეგ დაწყებული საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივა.

კვლევის შედეგებს ექნება არამარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული ღირებულება. იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს დასავლეთ ამიერკავკასიის თანადროული ძეგლების შედარების, მასალათა ანალოგების, ქრონოლოგიური ჩარჩოების, მეურნეობის სახეების, ქვის ინვენტარის და სხვა საკითხების განსაზღვრის დროს. არსებითია ისიც, რომ ჩვენი საკვლევი ტერიტორია განეკუთვნება იმ რეგიონთა რიცხვს, სადაც ადრე დაწინაურებული ქვეყნების მსგავსად (ანატოლია, მესოპოტამია, ბალკანეთი) მომზადდა პირობები მიმთვისებლური- შემგროვებლური მეურნეობიდან მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლისათვის. მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები გაამყარებს ჩვენს წარმოდგენას პირველყოფილი ადამიანის ცხოვრების შესახებ. კვლევის შედეგები შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც დამხმარე და დამატებითი წყარო საქართველოს აკრედიტებულ უმაღლესს სასწავლებლებში
თუ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში პრეისტორიული საკითხების კვლევის დროს.

პროექტის შედეგები წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის სამეცნიერო კონფერენციებზე.

კვლევის   შედეგების   გამოყენება   შესაძლებელი   იქნება   ბათუმის   შოთა   რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვის ხანასთან დაკავშირებულ სპეცკურსების პროგრამებშიც. მომზადდება სამეცნიერო სტატია, რომელიც გამოქვეყნდება საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში.

პროექტის  განხორციელების  შემთხვევაში  დაგროვდება  ცოდნა,  რაც  ბიძგს  მისცემს აჭარის ქვის ხანის არქეოლოგიაში დაინერგოს ძეგლთა კომპლექსური კვლევა -   ქვის იარაღების  ტექნო-ტიპოლოგიური  კვლევიდან  დაწყებული,  პალინოლოგია, პალეონტოლოგია, ტრასოლოგიით დამთავრებული. კვლევის შედეგების პოპულარიზაცია მოხდება საზღვარგარეთაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უცხოელი სპეციალისტების დაინტერესებას, ერთობლივი პროექტების წარმოებას, მომავალი ახალგაზრდა კადრების მოზიდვას, მათ პროფესიულ ზრდას და სხვ. პროექტის დასრულების შემდეგ დაწყებულ საქმეს აქვს გაგრძელების პერსპექტივა. ანალოგიური პროექტები ხელს შეუწყობენ საქართველოს პრეისტორიული ეპოქების ჩართვას ევროპის პრეისტორიული საკითხების კვლევის საქმეში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა