სამეცნიერო პროექტის დასახელება: შიგა მიგრაციის გავლენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთ ეკონომიკურ პარამეტრზე (ხულოს მუნიციპალიტეტის მაგალითზე)
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ეკონომიკის დოქტორი ქეთევან ჭანიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორი ნათელა წიკლაშვილი, მოწვეული მასწავლებელი ზეინაბ სურმანიძე, სტუდენტი ხათუნა თურმანიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
კვლევის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შიგა მიგრაციული პროცესების გამოკვლევა, უნდა აღინიშნოს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა დაყოფილია სოფლებად, მუნიციპალიტეტებად. ბუნებრივია მთლიანი რეგიონის შიგა მიგრაციული პროცესების შესწავლა შრომატევადი და გრძელვადიანი პროცესია, ამიტომ ჩვენი კვლევის დაწყებას, ბსუ-ს მიზნობრივი პროექტის ფარგლებში, ვგეგმავთ ხულოს მუნიციპალიტეტიდან, შესაბამისად ძირითადი სამიზნე ჯგუფი ანუ გენერალური ერთობლიობა იქნება ხულოს მოსახლეობა. შესაბამისი კითხვარების საშუალებით გამოიკითხება ადგილობრივი მოსახლეობა. სამეცნიერო კვლევითი პროექტის მიხედვით ჩამოყალიბებული სოციალურ-ფსიქოლოგიური და ეკონომიკური პარამეტრების გამოკვლევით ვეცდებით დავადგინოთ შიგა მიგრაციული პროცესების გავლენა და კორელაცია რეგიონის ზოგიერთ ეკონომიკურ პარამეტრთან, იგულისხმება უმუშევრობა, დასაქმება, ცხოვრების დონე. ასევე, დაგეგმილია სოფლიდან ქალაქში წამოსული მოსახლეობის გარე მიგრაციული მოტივების დადგენა. ვინაიდან ქალაქის მოსახლეობის ზრდა ამცირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას და ეკონომიკურად აქტიური მუშა-ხელი იძულებულია სამუშაოდ წავიდეს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ამოცანებს:
- სპეციალური კითხვარის დამუშავება. (მოსახლეობის გამოკითხვისათვის ინტერნეტ– პორტალის შექმნა, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის გამოკითხვა დამუშავებული კითხვარის საფუძველზე. კითხვარი შედგება საქართველოს დემოგრაფიის ინსტიტუტუთან კონსულტაციის საფუძველზე - გათვალისწინებული იქნება მათი გამოცდილება).
- ხულოს მუნიციპალიტეტის ელექტრონული კარტოგრაფიული რუკის მიბმა ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან (ამოცანა შესრულდება ხულოს გამგებლობასთან და შერჩეული სოფლების ადმინისტრაციასთან კოორდინაციით. ხულოს მუნიციპალიტეტის ვექტორულ კარტოგრაფიული რუკას მიებმება ინფორმაცია „სამიზნე“ სოფლების, ამ სოფლებში კომლების, ოჯახის წევრების და სხვა დემოგრაფიულ- ეკონომიკური პარამეტრების შესახებ).
- 2014 წელს მიღებული ,,მთის კანონის’’ მოქმედების ეფექტურობის განსაზღვრა და შედეგების გამოკვლევა ხულოს მუნიციპალიტეტში. (ამოცანა შესრულდება გამოკითხვის სიღრმისეული ინტერვიუს მეთოდის საშუალებით)
- დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება (გამოკითხვის შედეგების ანალიზი,
- რეგიონის შრომითი პოტენციალის სისტემის ზოგადი სურათის შექმნა ხულოს
- მუნიციპალიტეტის მიხედვით, რაც მოიცავს მოსახლეობის დემოგრაფიული ქვესისტემის ანალიზს, მოსახლეობის სოციალურ-ფსიქოლოგიური ქვესისტემის ანალიზს და ეკონომიკური ქვესისტემის ანალიზს)
პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთ-ერთი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის - ხულოს ეკონომიკურ–დემოგრაფიული, რთული და კომპლექსური პროცესების მართვის სრულყოფილი მექანიზმების შემუშავებაში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში გამოვყოთ რეგიონული ეკონომიკის განვითარების ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებები, შევაფასოთ შრომითი პოტენციალი, როგორც რთული და კომპლექსური სისტემა, მის ცალკეულ ქვესისტემებთან ურთიერთკავშირში.
განხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის დეტალური აღრიცხვა სპეციალურად დამუშავებული გამოკითხვის კითხვარის საფუძველზე. გამოკითხვა შესაძლებელი იქნება, როგორც ელექტრონულად სპეციალურად შედგენილი პორტალის საშუალებით (რისთვისაც დამხმარე პერსონალის სახით პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ ვებ- პროგრამისიტის ჩართვას), ასევე ზეპირსიტვიერად სპეციალური ანკეტების შევსების გზით.
განხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის სამიზნე სოფლების შემოვლა კარდაკარ და მონაცემები დატანილი იქნება კარტაგრაფიულ რუკაზე, აგრეთვე შეიქმნება სპეციალური მონაცემთა ბაზა შემდეგში დახვეწის, სრულყოფის, გავრცობისა და რა თქმა უნდა შედეგების ვიზუალიზაცია/ანალიზის შესაძლებლობით.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგების სამეცნიერო ღირებულება ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ:
- ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დემოგრაფიული სტრუქტურის ანალიზი, ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება, მიგრაციის მოტივების დადგენა. ასევე, დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილების გამოვლენა და მისი მიზეზ– შედეგობრიობის შესწავლა ხულოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის ეკონომიკურ-დემოგრაფიული პარამეტრების გაანალიზების და განზოგადების საფუძველზე. კორელაციის დადგენა შიგა მიგრაციის მოტივებსა და რეალურად არსებულ სურათს შორის. შიგა მიგრაციული მოტივით ეკონომიკურად აქტიური მისახლეობის ემიგრაციაში აღმოჩენის საფრთხეების განსაზღვრა და რაოდენობრივი შეფასება.
- განათლებისა და მოსახლეობის პროფესიული გადამზადების, ასევე რელიგიის პირდაპირი და უკუ კავშირების გამოვლენა შრომითი პოტენციალის სისტემაზე. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი იქნება სტატისტიკის სამსახურებისათვის, აგრეთვე ამ საკითხებით დაინტერესებული აკადემიური წრეებისათვის და პრაქტიკულად მომუშავე სპეციალისტებისთვის.
უკან |