სამეცნიერო კვლევები

„თრომბოზების გენეტიკური ასპექტები აჭარის პოპულაციაში"

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,თრომბოზების გენეტიკური ასპექტები აჭარის პოპულაციაში"

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი მარინა ქორიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: პროფესორები: რუსუდან ხუხუნაიშვილი, ქეთევან დოლიძე; ასოც.პროფესორები: ლეილა ახვლედიანი, მარინა ნაგერვაძე;  ასისტ.პროფესორები:გიორგი ნიკოლაიშვილი, სოფიკო ცქვიტინიძე, ირინა ნაკაშიძე; დოქტორანტი სოფიო გარაყანიძე, მაგისტრანტები: რიმა კირიაკი, დიანა კავაზაშვილი, მარია სარხაიანი, ტექნიკოსი შორენა გაბაიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გსძდ) ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მისი შესწავლა დღეისათვის ერთ-ერთ აქტუალურ სამეცნიერო-კვლევით მიმართულებად ითვლება. მრავალი ავტორის მონაცემებით, ათერო- სკლეროზის ფონზე აღმოცენებული გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა (WHO Statistics annual 2005). ჯანმოს მონაცემებით, კარდიოვასკულური დაავადებებით ყოველწლიურად გამოწვეულმა მატერია- ლურმა ზარალმა 142.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს პრობლემა მეტად აქტუალურია საქართველოსთვისაც.  ჯანმოს  ევროპული  განყოფილების  მონაცემებით  (2001), საქართველოში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა შეადგენს 303 ადამიანს (100000 მოსახლეზე), რაც საშუალო ევროპულ დონესთან შედარებით (223  -  100000  მოსახლეზე)  საკმაოდ  მაღალია.  უფროსი  ასაკის  პირთა გსძდ  დაავადებების სტრუქტურაში ყველაზე გავრცელებულია გულის იშემიური დაავადება (გიდ), ჰიპერტენზია, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა.
  • საკითხის აქტუალობიდან   გამომდინარე, წინამდებარე პროექტით   მიზნად დავისახეთ აჭარის პოპულაციაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოზების გავრცელების სიხშირისა და თრომბოზებთან ჰომოცისტეინის სპეციფიკური მუტანტური გენის სიხშირისა და მისი პროდუქტის - ცილა ჰომოცისტეინის რაოდენობის კორელაციის კომპლექსური შესწავლა და კორელაციის ინდექსის დადგენა აჭარის პოპულაციის მაგალითზე.
  •  კვლევის მიზნებიდან გამომდინარე დაგეგმილია შემდეგი ამოცანების შესრულება:
  • აჭარის პოპულაციაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოზების გავრცელების სიხშირის კვლევა სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე;
  • სპეციალური ანკეტის საშუალებით ანამნეზის მეთოდის გამოყენებით ოჯახური ისტორიის შესწავლა
  • თრომბოზებით   დაავადებული   პაციენტებისა    და    საკონტროლო    ჯგუფების    სისხლის ნიმუშების შეგროვება აჭარის პოპულაციაში;
  • ჰომოცისტეინის რაოდენობის განსაზღვრა პაციენტებსა და ჯანსაღ საკონტროლო ჯგუფში;
  • ჰომოცისტეინემიის დადგენა თრომბოზიან პაციენტებში - პჯრ   მეთოდით   MTHFR გენის გენოტიპირება
  • ABO ჯგუფური სისტემის ანტიგენების სკრინინგი და მათი გავრცელების თავისებურებების
  • შესწავლა თრომბოზიან პაციენტებში;
  • თრომბოზებთან  ჰომოცისტეინის  სპეციფიკური  მუტანტური  გენის  სიხშირისა  და  მისი პროდუქტის - ცილა ჰომოცისტეინის რაოდენობის კორელაციის კომპლექსური შესწავლა, კორელაციის ინდექსის დადგენა;
  • დნმ-ის ნიმუშების ელექტრონული კატალოგის შექმნა;
  • მასალის ბიოსტატისტიკური დამუშავება.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

იქიდან გამომდინარე, რომ აჭარის მოსახლეობა წარმოადგენს სპეციფიკურ პოპულაციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა განსხვავებულ გარემოში, გააჩნდა კვების დამახასიათებელი რაციონი და ყოფითი ტრადიციები, მიგვაჩნია, რომ საშუალო და მაღალირისკის პაციენტების გამოვლენას ამ პროფილის დაავადებათა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით   აქვს განსაკუთრებული  მნიშვნელობა.

პროექტის არსი და მისი შესრულების შემდეგ მიღებული შედეგები განსაზღვრავს მეცნიერულ მნიშვნელობას. კომპლექსურად იქნება შესწავლილი თრომბოზებთან ჰომოცის- ტეინის სპეციფიკური მუტანტური გენის სიხშირისა და მისი პროდუქტის - ცილა ჰომოცის- ტეინის რაოდენობრივი და თვისებრივი   კორელაცია; დადგენილი იქნება კორელაციის ინდექსი აჭარის პოპულაციის მაგალითზე. აღნიშნული კვლევა   ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც თრომბოზების გავრცელების სიხშირისა და პოპულაციისათვის სპეციფიკური მუტაციების იდენტიფიკაციისათვის, ასევე თრომბოზული გართულებების, რისკ-ფაქტორთა შეფასებისა და პრევენციის თვალსაზრისით.

პრაქტიკაში (სამკურნალო დაწესებულებებში) აღნიშნული შედეგების დანერგვა გამოიწვევს თრომბოზების რისკის შემცირებას და ხარჯთეფექტურობის შედეგს. მიღებულ მაჩვენებელთა კომპლექსურ შეფასებას, მისი გენეტიკური ასპექტების შესწავლას ექნება პრაქტიკული ღირებულება მედიცინისათვის, რაც გამოიხატება თრომბოზების პრევენციაში. ის საშუალებას მოგვცემს, წინასწარ განვსაზღვროთ მოსალოდნელი დაავადებების განვითარების რისკები და დავამკვიდროთ საზოგადოებაში პრევენციული მკურნალობის კულტურა. პოპულაციაში დაავადების ჩამოყალიბებამდე გენეტიკური წინასწარ განპირობებულობის განსაზღვრა შეამცირებს პოტენციურად დაავადებულ ადამიანთა რაოდენობას და შესაძლებელს გახდის შთამომავლობის პრესიმპტომურ დიაგნოსტიკას.

დაავადებულ   ადამიანებში სისხლის ჯგუფური ანტიგენების გავრცელების შესწავლა და აღნიშნული მონაცემების შედარება ჯანსაღი პოპულაციის მონაცემებთან საშუალებას მოგვცემს, გამოვყოთ დაავადების რისკ-ჯგუფები, მგრძნობიარე და მდგრადი ფენოტიპები. აღნიშნული მონაცემები გამოყენებული იქნება პრევენციული თვალსაზრისით.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეგროვდება ადამიანთა ბიოლოგიური მასალა    დნმ-ის ნიმუშების  სახით, ბსუ-ს ბაზაზე შეიქმნება დნმ-ის ნიმუშების მცირე ბანკი. პროექტის ფარგლებში შეგროვილი მასალის შენახვა   გენოფონდის შესწავლისა და სხვა ბიოსამედიცინო კვლევებში გამოყენების მიზნით მნიშვნელოვანია პროექტის შემდგომი მდგრადი განვითარებისათვის და უდავოდ   პერსპექტიულია საერთაშორისო ერთობლივ კვლევებში ჩართვის თვალსაზრისით. საგრანტო პროექტში დოქტორანტების და მაგისტრანტების საკმაოდ ფართო ჩართულობა ხელს შეუწყობს კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას და მათ აკადემიურ  და პროფესიულ ზრდას.

კვლევის  შედეგები  გადაეცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის    სამინისტროს    თრომბოზების    რისკის    შემცირებისა    და    ხარჯთეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით მისი პრაქტიკაში  დანერგვის რეკომენდაციით.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა