გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

წინ საინტერესო ოთხი წელია...

სურათი

მარი ალიშანიძე და მეგი დევაძე ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან. მომავალი სამართალმცოდნეები ამბობენ, რომ შრომის შედეგი ყოველთვის წარმატებით გვირგვინდება. უნივერსიტეტისგან, რომელიც პირველ ადგილას ჰქონდათ მითითებული, ბევრ გამოწვევასა და საინტერესო თავგადასავლებს ელიან.

მარი ალიშანიძე: „დავიბადე და გავიზარდე ბათუმში. 12 წლის განმავლობაში კი ვსწავლობდი ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში, სადაც სწავლის დროსაც დაწყებითი კლასებიდანვე წარმატებით ვმონაწილეობდი სხვადასხვა ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ შეჯიბრებასა და აქტივობაში. მაღალ კლასში დავინტერესდი გეოგრაფიით და ეროვნულ ოლიმპიადაზე წარმატებასაც მივაღწიე, მოვხვდი საუკეთესო ათეულში. თუმცა მიუხედავად ამ ინტერესისა, ვიცოდი ჩემი მომავალი სულ სხვა სფეროსთან იყო დაკავშირებული. ვესწრებოდი სხვადასხვა ონლაინ სემინარებს სამართალთან დაკავშირებით, თუმცა ვისურვებდი მეტი შესაძლებლობა მქონოდა, რათა მეტი ინფორმაცია მიმეღო არჩეულ პროფესიაზე.

აბიტურიენტობის პერიოდში ჩემი ყოველდღიურობა ძირითადად სკოლისა და მეცადინეობებისაგან შედგებოდა. სკოლის გაცდენა არასდროს მიყვარდა, მითუმეტეს სკოლასთან ახლოს ვცხოვრობ, ამიტომაც, მიუხედავად ბოლო წლისა, თითქმის ყოველდღე ვესწრებოდი გაკვეთილებს. ვმეცადინეობდი ძალიან კარგ მასწავლებლებთან, შესანიშნავ გარემოში და მეგობრულ ადამიანებთან ერთად. ამიტომაც ეს სტრესს ასე თუ ისე მიმსუბუქებდა და მაძლევდა საშუალებას მცირე დრო მაინც გამეტარებინა მეგობრებთან ერთად.

როდესაც უნივერსიტეტის არჩევის დრო დადგა და სწავლის გაგრძელება მშობლიურ ქალაქში გადავწყვიტე, ბსუ ჩემი პირველი არჩევანი იყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე აქ ჩაბარება, არის გაცვლითი პროგრამებით სარგებლობის შესაძლებლობა, რასაც ეს უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს. ასეთ პროგრამებში მონაწილეობა კარიერულ განვითარებაში დიდ როლს ითამაშებს, რაც ჩემთვის უმნიშვნელოვანესია.

როცა პროფესიის არჩევა დავიწყე, გადავწყვიტე რომ სამართალმცოდნეობა იყო ის სფერო, რომელიც ჩემს ყველა მისწრაფებასა თუ სურვილს აკმაყოფილებდა. პირველ რიგში, ეს ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე სფეროა, რომელიც ინტელექტუალური და კარიერული განვითარების საშუალებას, დამაკმაყოფილებელ სამუშაო პირობებსა და ანაზღაურებას გპირდება, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცოდნითა და გამოცდილებით, რისი დაგროვებაც ჩემი აუცილებელი მიზანია. ამასთან ერთად, დიდი იმედი მაქვს შევძლებ საკუთარი გავლენის მოხდენას ამ მიმართულებით და დახმარების გაწევას მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.

მომავალი 4 წელი წარმომიდგენია ამ პროფესიის შესწავლით დატვირთული, სხვადასხვა საინტერესო ადამიანების გაცნობითა და გამოწვევების დაძლევით დაკავებული. მსურს ყველა საშუალება გამოვიყენო, რაც მომეცემა, რადგან ვიცი ამას რამხელა გავლენა ექნება ჩემს კარიერულ განვითარებაზე.

აბიტურიენტებს ვურჩევ ნაკლებად ინერვიულონ და უფრო მეტად იფიქრონ იმ მომავალზე, რომლის შექმნაც თავად შეუძლიათ. ძალიან ბევრ რჩევას მოისმენენ, თუმცა მათზეა დამოკიდებული, რომ გაითვალისწინონ მხოლოდ მათთვის საჭირო რჩევები და ზედმეტად არ გახდნენ სხვის აზრზე დამოკიდებული. აბიტურიენტობა შეიძლება იყოს დამღლელი და სტრესით სავსე, თუმცა ამასთან ერთად იგი მოგცემთ საშუალებას გაიცნოთ ბევრი ახალი მეგობარი და შეიძინოთ ცხოვრებისეული გამოცდილებებიც“.

მეგი დევაძე: „მე ვარ მეგი დევაძე. ვსწავლობდი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლაში. ვმონაწილეობდი არაერთ სასკოლო აქტივობაში, ოლიმპიადებში, ასევე ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“. ყოველთვის ჩემი შრომის შესაბამის შედეგს ვიღებდი.  რეიტინგულ წერებში პირველ ადგილას გავდიოდი და ახლაც ჩავირიცხე ჩემ მიერ არჩეულ ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით.

აბიტურიენტობის პერიოდში ჩემი ყოველი დღე იყო საკმაოდ დატვირთული. დავდიოდი სკოლაშიც და მეცადინეობებზეც, მაგრამ ამავდროულად, ეს პერიოდი იყო ძალიან სახალისო და ყოველთვის სასიამოვნოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში.

ბსუ-ს აქვს უამრავი საინტერესო საინტერესო პროგრამა, სადაც ჩართვა შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს/ ასევე უნივერსიტეტში ასწავლიან კვალიფიციური ლექტორ-მასწავლებლები, დაკომპლექტებულია  საუკეთესო გუნდისგან.

ბავშვობიდან მინდოდა გავმხდარიყავი ადვოკატი, ამიტომაც ავირჩიე სამართალმცოდნეობის სპეციალობა. ვოცნებობდი, მომესხა მანტია და მეზრუნა სამართლიანობისთვის.

მაქვს საუკეთესოს მოლოდინი. მჯერა, რომ ჩემი ცხოვრების მომავალი 4 წელი იქნება თავგადასავლებით სავსე, გავიცნობ ახალ ადამიანებს და დავძლევ ახალ გამოწვევებს, ასევე იქნება სახალისო და რაც მთავარია ნაყოფიერი. ბსუ-ში არის სწავლების მაღალი დონე. მჯერა, რომ ის ჩამომაყალიბებს პროფესიონალად და ვიქნები წარმატებული ჩემს საქმეში.

რა თქმა უნდა, აბიტურიენტობის პერიოდი არის დამღლელი და სტრესული. ამიტომ მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არ დაკარგონ მოტივაცია და არ შეუშინდნენ სირთულეებს. გამოიყენონ ეს დრო საინტერესოდ. ნაყოფიერად და ისწავლონ რაც შეიძლება მეტი, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია მიზნის მიღწევა“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა