ზაფხული და შვებულების მართლებულად დაგეგმავა, თანამედროვე აქტიური ადამიანებისთვის ერთგვარ საფიქრალს წარმოადგენს. მით უფრო მაშინ, როცა მრავალშვიალიანი მშობელი ხარ და აუცილებლად ყველამ თანაბრად უნდა დაისვენოს. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესo შოთა როდინაძე გახლავთ. ოთხი შვილის მამისთვის, არც ერთი ახალი დღე, წინას არ ჰგავს. ამბობს, რომ 2024 წლის ზაფხულმა, არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა.
ჩემ შესახებ:
სამყაროს 1981 წლის 7 მაისს, ხუთშაბათს, ღამის 3 საათზე მოვევლინე. ამ დღეს ჩემს სოფელში ყოველთვის წვიმს. თითქმის არ მახსოვს 7 მაისს რომ არ ეწვიმოს. ჩვენში არსებობს რწმენა, რომ 7 მაისს საღამოს აუცილებლად უნდა მოსულიყო წვიმა, ბედნიერების წვიმა! ამიტომ ამ წვიმით თმებს ისველებდნენ, რომ ეს ბედნიერება საკუთარ თმებში შეეშროთ…
მაგრამ 1981 წლის 7 მაისს არ უწვიმია...
არ ყოფილა ჩემი მოვლენა ჩვეულებრივი. უფრო მეტიც - იმდენად დაძაბულ სიტუაციაში მომიწია სამყაროსთან შერკინება, რომ, რომ არა ჩვილის მდგომარეობა, ჩემნაირი უმწეო არსებისთვის საკმაოდ რთული იქნებოდა გამკვლავებოდა იმ ზღვა ემოციასა და ცრემლს, რომელიც ჩემს დაბადებას თან მოჰყვა. ეს იყო არა მხოლოდ სიხარულით და სიამაყით გამოწვეული ცრემლი, არამედ ეს იყო ტრაგიზმისა და სასოწარკვეთის ცრემლებიც.
დიახ, არ გაწვიმდა იმ დღეს!
თუმცა... დედამიწა მაინც დასველდა...
6 მაისს მამა გარდაიცვალა. ჰო, ერთი დღით ადრე, ჩემს დაბადებამდე... იქნებ არც კი იგეგმებოდა ჩემი მოვლენა იმ ღამით, ვინ იცის... მაგრამ ფაქტია, რომ ექვსი მაისის ბოლო და შვიდი მაისის დასაწყისი ერთგვარ სიმბოლოდ იქცა ჩემს ცხოვრებაში ამქვეყნიური ამაოებისა. ეს იყო დღე, სადაც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადამიანური ყოფის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებანი - გარდაცვალება და დაბადება. ეს იყო დღე უმძიმესი სევდისა და ამავდროულად, აღუწერელი სიხარულისა, დღე - როცა ბუნებამაც შეკრა პირი და გაზაფხულის ამ გრილი დღისთვის განკუთვნილი თბილი წვიმით არ გაახალისა მდელო, დღე - როცა ვერ ხვდებოდნენ ეტირათ თუ ეცინათ, მოელოცათ თუ მოესამძიმრებინათ.
იმ ღამით ბაბუას თოფი გაუსვრია აივნიდან. ალბათ თოფის გასროლით ის სათქმელი თქვა ბაბუმ, რაც ადამიანის ენით შეუძლებელი იყო. ეს იყო შვილმკვდარი მამის საკუთარი თავის გამოხატვის ჟესტი, ჟესტი პროტესტისა, სასოწარკვეთილებისა, უსუსურობისა... და ამავდროულად სიხარულის განცდისა, რომ ღადარი ისევ გაღვივდა, რომ ცივი ნაცრის ქვეშ ისევ გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, სხივი, რომელიც მომავლისკენ მიმავალ ეკლიან გზას გაუნათებდა ბედკრულს...
დღეს უკვე დიდი ვარ... ფილოლოგიის დოქტორი. ეს ნაპერწკალიც ხან გაღვივდება, ხან ჩაქრობას ლამობს, მაგრამ მაინც გამოსცემს სიმხურვალეს და ზოგჯერ იმდენს, რომ გარშემომყოფებზეც გადადის გულუხვად და ათბობს...
ვმუშაობ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორად და ამავდროულად, საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი გახლავართ. სად არ ვცადე ბედი და გამოვცადე საკუთარი თავი: სკოლაში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სამინისტროში... მაგრამ ჩემთვის ბსუ ის ტრამპლინია, საიდანაც გადახტომა უბრალოდ აღარ მსურს...
ოჯახი - მეუუღლე, შვილები...
ახლა კი ჩემი ცხოვრების უფრო საინტერესო და გამოწვევებით მდიდარ პერიოდზე გადავალ _ ოჯახი!
ალბათ ყველას წარმოგვიდგენია იდეალური ოჯახი: ლამაზ სახლში მოსიყვარულე დედა, მამა და შვილები თამაშობენ, ჟრიამულობენ; ოთახში მადისაღმძვრელი სურნელია სადილისა, რომელიც დედამ სიყვარულით მოამზადა; ეზოში ფუმფულა ცუგა დარბის და ერთი სული აქვს, როდის დართავენ ნებას, საერთო მხიარულებას შეუერთდეს...
დიახ, დღეს ჩემი ოჯახი მაქსიმალურად მიახლოებულია იდეალურთან. ოდესღაც ორწევრიანი ოჯახი დღეს უკვე შვიდ წევრს ითვლის. თუმცა ჩემი შვილებისთვის ჩემი ოჯახი ათი წევრისგან შედგება (ორი ცუგო და კატა - ზევსი).
მე და ნინომ ოჯახი 2012 წელს შევქმენით. დღემდე ვხუმრობთ ერთმანეთის გვარებზე: ის ხშირად მახსენებს, რომ თურმანიძის გვარი XI საუკუნიდან მოდის და მე კიდევ როდინების ოსტატის შთამომავალი რომ ვარ!
ჩვენი ოჯახის შექმნას წინ სამწლიანი სიყვარულის ისტორია უძღვის (ამაზე სხვა დროს და სხვა გარემოში დიამბობთ), რომელიც არათუ განელდა, არამედ დღითიდღე ძლიერდება და მოტივაციით გვავსებს - გვეხმარება უმტკივნეულოდ მივიღოთ ცხოვრებისეული გამოწვევები და წარმატებით გადავცეთ საკუთარი გენები შთამომავლობას.
ნინო ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მუშაობს წამყვან პოზიციაზე და ამავდორულად სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით ხარისხისა და კურიკულუმის ექსპერტია, არის ბსუ-ში მოწვეული მასწავლებელი. ამჟამად განათლების ადმინისტრირებას ეუფლება და 2 წელიწადში ერთ-ერთი პირველი იქნება სკოლამდელი განათლების სფეროში მოღვაწე დოქტორის ხარისხით.
ჩვენ ოთხი შვილი გვყავს... დიახ, არ მოგესმათ - ოთხი! ორი ვაჟი, ალექსანდრე და თევდორე და ორიც ქალიშვილი - ელისაბედი და მარია. ალექსანდრე 11 წლისაა, თევდორე - 9, ელისაბედი - 7, ხოლო მარია კი - სულ რაღაც ოთხი თვის.
როცა ბევრი შვილი გყავს, ცხოვრების ტვირთიც პროპორციულად მძიმდება. უფროსი შვილები გვეხმარებიან უმცროსების აღზრდაშიც და გაზრდაშიც, ფიზიკურ თუ სულიერ შრომაში, განათლების მიღების პროცესშიც და ა.შ.
მე დედისერთა ვიყავი. მახსოვს, როგოროც კი ჩემს უფროს ბიჭს ორი წელი შეუსრულდა, კითხვები ახალი ძალით დაგვატყდა თავს: „დაიკო ან ძამიკო როდის უნდა აჩუქოთ, ცოდო არ არის მარტო?” “და-ძმა რომ გყოლოდა, ხომ კარგი იქნებოდა?” მაგრამ დღეს ჩემი პასუხია: “არ ვიცი”, – რადგან ნამდვილად არ ვიცი, და-ძმა რომ მყოლოდა, ჩამოვყალიბდებოდი თუ არა ისეთ პიროვნებად, როგორიც ახლა ვარ, უკეთესი ვიქნებოდი თუ უარესი. ასეა თუ ისე, მიმაჩნია, რომ თუ დედისერთა ბავშვის მშობლები მოახერხებენ და თავიანთ დროსა და ენერგიას სწორად მოახმარენ შვილს, ბავშვი ვერც დანაკლისს იგრძნობს და არც ეგოისტად ჩამოყალიბდება, ისწავლის, როგორ დაამყაროს ხალხთან ურთიერთობა და და-ძმაზე არანაკლებ ძვირფას მეგობრებსაც შეიძენს.
ჩემი ცოლ-შვილი რომ სამყაროს მირჩევნია - ამის მტკიცებას არ დავიწყებ... ასევე არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ის ემოცია, რაც მას შემდეგ დამეუფლა, როცა თევდორემ ერთხელ, სრულიად გულწრფელმა სველი თვალები მომაპყრო და მითხრა: „მამა, ჩემს გონებაში ღმერთს შენი სახე აქვსო“... სწორედ მაშინ მივხვდი, თუ რა რთულია იყო ვიღაცისთვის ღმერთი: სამართლიანი, მიმტევებელი, საყვარელი, მფარველი ღმერთი... ღმერთი, რომლისაც სწამთ და უყვართ...
დღეს, როდესაც ოთხგზის ღმერთი ვარ და გვერდს ღმერთქალი მიმშვენებს, ვხვდები თუ რა მშვენიერია ცხოვრება, როცა ირგვლივ სიყვარულია და კეთილი ადამიანების გარემოცვაში რომ გიწევს თითოეული დღის გატარება...
დედა, დაჯი - შარაძის ქალია, დიდი ქედიდან. სიტყვები უძლურია გადმოვცე მისი წვლილი ჩემს ცხოვრებაში. ის დღემდე გვიდგას გვერდში და უანგაროდ გასცემს იმ უზარმაზარ სიყვარულსა და მზრუნველობას თითოეულ ჩვენგანზე, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ოჯახისთვის.
დილა როდინაძეების ოჯახში...
დილა... პირველი, რაც უცებ მახსენდება თუ როგორ იწყება ჩემს ოჯახში დილა - ეს არის ფეხაკრეფით ოთახიდან გამოსვლა და მოსაწესრიგებლად აბაზანაში გასვლა. ფეხაკრეფით იმიტომ, რომ შეიძლება რომელიღაც ოთახიდან ვიღაცამ ყურები ცქვიტოს და შემდეგ ცოცხალ რიგში მომიწიოს დგომა აბაზანის კარებთან. თუმცა მერე იწყება საზოგადო ჟრიამული და სხვადასხვა ოთახის კარიდან მესმის ხმები: წყალი მომიტანე; მეძინება, ჯერ ვერ ავდგები; ჩუმად, ბავშვს სძინავს და ა.შ. თუმცა, რაც არ უნდა ჩუმად ვიყოთ, ბავშვი მაინც იღვიძებს და მერე იწყება, რაც იწყება: გამოვუცვალოთ, დავბანოთ, ვაჭამოთ, გავასეირნოთ... რაც არ უნდა ვცადოთ, მაინც ვერ ვახერხებთ მე და ნინო განმარტოებით ყავის დალევას და იდეების ურთიერთგაცვლას ბავშვების ჟრიამულის გარეშე. სანამ ბავშვები ფხიზლდებიან და იკრებენ ძალებს, რომ მორიგი თავდასხმები განახორციელონ ჩვენზე და გეგმავენ თუ როგორ გამოგვაცალონ ენერგია, ამ დროს როგორღაც რიგრიგობით მაინც ვახერხებთ ცალ ხელში ბავშვით და ცალ ხელში ყავის ჭიქით მოფხიზლებას, მოწესრიგებას და ყოველდღიურ გამოწვევებზე რეაგირებას. შემდეგ კი მოვლენები ასე ვითარდება: როგორც წესი, თევდორეს საუზმე მუდამ ეჩქარება და სულ შია, ალექსანდრე თითით სინჯავს საჭმლის შიგთავსს და ცდილობს გააცალკევოს „კარგი“ და „ცუდი“ ინგრედიენტები, ელისაბედი სავარცხლით და თმის სამაგრებით დასდევს ნინოს და თხოვს, რომ ვარცხნილობა გაუკეთოს მას (თუმცა ვიცით, რომ არ მოეწონება, ბოდიშს იხდის და ისევ იშლის თმას) და საჭმელს დილით საერთოდ არ ეკარება, ნინო ამ დროს ცდილობს გაუგოს პატარას, გაიღიმოს და თავს კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოს (პროფესია მაინც თავისას შვრება), დაჯი კი ამ დროს ცდილობს არა მხოლოდ ბავშვები დაანაყროს თავისი კულინარიული შედევრებით, არამედ ჩვენ, უფროსებმაც არ გამოვტოვოთ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი კვება - საუზმე.
მრავალშვილიანი მამის ერთი ჩვეულებრივი დღე...
დავიწყებ იმით, რომ ჩემი დღეები უკვე დიდი ხანია ჩვეულებრივი აღარაა... უფრო მეტიც, ყოველი დღე განსაკუთრებული და განსხვავებულია. მეოთხე შვილის გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში, მაიძულა პრიორიტეტების ხელახალი გადანაწილება. ადრე თუ გვეგონა, რომ სამშვილიანი ოჯახი ძალიან დიდი იყო, მარიას გამოჩენამ დაგვარწმუნა, რომ სამი შვილი არც ისე ბევრი ყოფილა. მისი გამოჩენით დანარჩენი შვილები, რატომღაც უცებ გაიზარდნენ. სამივე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს პატარას გაზრდაში, მაქსიმუმს აკეთებენ, რომ დაგვეხმარონ, თუმცა ხშირად პირიქით გამოსდით. მე და ნინო კი ამ დროს ისევ ღიმილიანი სახით და სევდანარევი თვალებით გადავხედავთ ერთმანეთს, შევარჩევთ რომელიმე საბავშვო სიმღერის იმპროვიზირებულ ვერსიას და ისეთი სულისკვეთებით ვიწყებთ ჰანგების გაჟღერებას, რომ მარიას მხოლოდ ერთი გზაღა რჩება - ტკბილ ძილს მისცეს თავი და ცოტათი შეგვიმსუბუქოს ყოფა. მარიას ძილის დროს მთელი ოჯახი ჩვენი საქმეებით ვკავდებით: ზოგი მეცადინეობს, ზოგი სამზარეულოში ფუსფუსებს, ზოგი მუშაობს და ასე შემდეგ. თვით ლულუ და კოსტაც კი, მშვიდად არიან ამ დროს ნაზად ყეფენ...
2024 წლის ზაფხულის მთავარი გამოწვევა...
ამ ზაფხულმა ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა... ის, რომ უკვე სამი სკოლის მოსწავლე და ერთი ჩვილი ბავშვი გვყავს, ურთულესი გამოწვევაა. ერთი დილის ცვლაში დადის სკოლაში, ორი კი - შუადღის. მათემატიკა, ინგლისური, სპორტი, ბალეტი... ოჯახიდან ერთი ადამიანი მუდმივად უნდა იყოს მზადყოფნაში, რომ ბავშვებს თან ახლდეს ყველგან. ამ შემთხვევაში, როგორც შარშან, ისევ ბებიების და ბაბუის იმედადღა ვრჩებით. თუმცა ზაფხულმა კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა: „დასასვენებლად“ გასვლა ოთხ ბავშვთან ერთად! რომელ კურორტს არ გადავწვდით - აბა აბასთუმანიო, აბა ბორჯომიო, აბა ბეშუმიო. თუმცა საბოლოოდ ბაკურიანზე ჩამოვყალიბდით. აღდგენილი ძალებით შევხვდეთ სექტემბერს და ახალ სასწავლო წელს.
ეჰ, ძნელი ყოფილა ოთხი შვილის მშობლობა... თუმცა...
„ოჯახი მარტო ის ადგილი არ არის, სადაც დაღლილი მიხვალ და დაიძინებ! ოჯახი მარტო ის ადგილი არ არის, სადაც შენი პირადი ნივთები ინახება… ოჯახი, ეს სიწმინდეა, ყოველგვარ მატერიალურზე და ფიზიკურზე მაღლა მდგომი! სიმყუდროვეა! უპირობო ნდობაა! სიყვარულია!..“
...და მე ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით...
უკან |