გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

პირველკურსელთა წარმატებული დებიუტი სამეცნიერო კონფერენციაზე

სურათი

თინათინ იმნაიშვილი და ლიზი დიდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები არიან. გოგონების დებიუტი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში წარმატებით შედგა. მათ ერთობლივად წარადგინეს ნაშრომი სათაურით: „ონლაინ ვაჭრობა და თანამედროვე საქართველო“. ამბობენ, რომ საკვლევი თემა, აქტუალობიდან გამომდინარე აირჩიეს. მათი მეცნიერ-ხელმძღვანელი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ტარიელ გიორგაძე გახლდათ.  

_ „2023 წელს ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, კერძოდ ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობაზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში, რადგან ბავშვობიდან მინდოდა ეს კონკრეტული ფაკულტეტი და ერთ-ერთ მიზანსაც მივაღწიე.  დავამთავრე სკოლა-ლიცეუმი ,,მასტერკლასი“. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩემს განვითარებასა და ზრდაში როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მორალურად, დიდი წვლილი მიუძღვის, სკოლა-ლიცეუმ ,,მასტერკლასის“ მასწავლებლებს, კოორდინატორებს და თვით ადმინისტრაციასაც. მართალია, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად ვერ ვახერხებ მათ მონახულებას, მაგრამ როდესაც საშუალება მაქვს, ვცდილობ ყოველთვის მივიდე და ის კარგი მოგონებები გავიხსენო, რაც ამ შენობასა თუ ამ ადამიანებთან მაკავშირებს. სკოლა დავამთავრე ვერცხლის მედალზე. მოსწავლეობის დროს არაერთ აქტივობაში მიმიღია მონაწილეობა.  2013-2014 წლებიდან მიღებული მაქვს არაერთი სიგელი თუ სერთიფიკატი და ასევე არაერთი ტრენინგ-კურსი გამივლია. ამჟამადაც, ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო ჩართული ყველაფერში“, _ ამბობს თინათინი.

თინათინის საუნივერსიტეტო ცხოვრება

„ვფიქრობ, ჩემი საუნივერსიტეტო ცხოვრება,  პირველ კურსთან შეთავსებით, იმაზე უფრო აქტიურია, ვიდრე მეგონა, რომ იქნებოდა. პირველივე კურსიდან ვარ ,,სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების“ წევრი. სწავლასთან ერთად ვმუშაობ „ORBI” ჯგუფში. აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ სამსახური ყოველთვის მხარში მიდგას სწავლასა თუ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მისაღებად. ახლახან, მე და ჩემმა კურსელმა მივიღეთ მონაწილეობა ,,სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში“.  ჩვენი საკვლევი თემა იყო ,,ონლაინ ვაჭრობა და თანამედროვე საქართველო“. ხელმძღვანელი გახლდათ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ბსუ-ს ასისტენტ პროფესორი, ბატონი ტარიელ გიორგაძე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ტარიელს დახმარებისთვის.  მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავიმარჯვეთ, მეორე ტურში გადავედით და თემაც წარვადგინეთ, რამაც უდიდესი გამოცდილება მიგვაღებინა და პიროვნულადაც გაგვზარდა“.

სამეცნიერო ნაშრომის შესახებ

მოგეხსენებათ, ონლაინ ვაჭრობა როგორც უცხო ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც, ყოველ წელს უფრო და უფრო წინა პლანზე ინაცვლებს. აამდენად, სწორედ ამ მიზნის გადავწყვიტეთ უფრო ღრმად გამოგვეკვლია ეს თემა და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ თემის კვლევაში. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ადამიანები მაქსიმალურად დაკავებულები არიან, არ რჩებათ იმის დრო და ფუფუნება, რომ მაღაზიებში ან მათ სასურველ ადგილას იარონ და ისე შეარჩიონ ნივთები. მათთვის ონლაინ ვაჭრობა უდიდესი შეღავათია. არიან იმ ადამიანთა ჯგუფებიც, რომლებსაც უბრალოდ მოსწონთ ონლაინ ვაჭრობა. ასევე, როგორც ჩვენი კვლევით დადგინდა მოსახლეობის უმრავლესობა იმიტომ მიმართავს ონლაინ ვაჭრობას უცხოურ კომპანიებში, რომ მათ უფრო ხარისხიანი საქონელი აქვთ, ვიდრე ჩვენ. ეს ერთ-ერთი სამწუხარო რეალობა დადგინდა ამ თემაზე კვლევისას.

უცხოური ონლაინ პლატფორმები საქართველოში არსებულ მაღაზიებს დიდ კონკურენციას უწევს. როგორც უკვე აღვნიშნე, დიახ უწევენ. ჩვენი ამ კვლევით დადგინდა ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, ზოგიერთ უცხოურ ონლაინ პლატფორმებზე უფრო ხარისხიანი და იაფი საქონელია ვიდრე აქ ჩვენთან, დარჩენილი ნაწილი კი თვლის, რომ ურჩევნიათ მეტი გადაიხადონ ვიდრე იაფად იყიდონ აქ და უხარისხო.

ონლაინ ვაჭრობა ყოველწლიურად უფრო და უფრო წინა პლანზე იწევს. ქვეყანა, მსოფლიო ვითარდება და ეს წინა პლანზეც გადმოწევა სწორედ აქედან გამომდინარეა. ონლაინ ვაჭრობის განვითარებაში კი თითქმის ყველა და ყველაფერია ჩართული.

ჩვენი კვლევიდან გამომდინარე დადგინდა, რომ საქართველოში დღეისათვის წინა პლანზეა TEMU, TAOBAO, TRENDYOL, AMAZON და სხვები. ვფიქრობ, მათ არ ჩამოუვარდებათ EBAY, MYHOME და სხვა“.

თინათინის სამომავლო გეგმები

„ვფიქრობ, სამომავლო გეგმების გაწერა საკმაოდ რთული რამაა, რადგან ადამიანმა უნდა იცხოვროს დღევანდელი დღით. ასევე არ მიმაჩნია სწორად სამომავლო გეგმების აფიშირება, რადგან უკეთესია ჯერ მივაღწიოთ მიზანს და შემდეგ გავაგებინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი წარმატება და ბედნიერება უხარიათ... ვაპირებ ვიყო ისევ ისეთი აქტიური, როგორიც ახლა ვარ და უფრო მეტადაც. რამდენადაც გარემოებები შემიწყობს ხელს, იმდენად შევეცდები ყველა ის მიზანი, ოცნება თუ სურვილი ავიხდინო, რაც გულსა და გონებაში მაქვს“.

ლიზი დიდმანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის მეორე საჯარო სკოლა 2023 წელს დაასრულა. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 50-პროცენტიანი სახელმწიფო დაფინანსებით ჩაირიცხა. პირველკურსელი ლიზი სახელმწიფო და ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიანტია.

_ სკოლის პერიოდიდან დღემდე ჩართული ვარ სხვადასხვა აქტივობაში და მიმაჩნია, რომ ეს მეხმარება პიროვნულ ზრდაში. ვარ კომუნიკაბელური პიროვნება და სოციალური კაპიტალის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის. მარტივად ვერგები სიტუაციებს და ვფიქრობ, ჩემი ეს თვისება დამეხმარა იმაში, რომ მარტივად შევგუებოდი ამ ახალ ეტაპს და ფეხი ამეწყო მისთვის. რაც მთავარია, დავამტკიცე, რომ შეხედულება, რომლის თანახმადაც, პირველ კურსზე სტიპენდიის აღება შეუძლებლად მიაჩნიათ, არასწორია და მონდომებას ყოველთვის აქვს შედეგი. ვარ ადამიანი, რომელსაც არ აკმაყოფილებს მინიმალური და მუდამ ცდილობს მაქსიმალური გასცეს და ასეთივე შედეგი დადოს.

 _ ლიზი, როგორია თქვენი საუნივერსიტეტო ცხოვრება?

_ ვარ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი და ამასთან აქტიურად ვერთვები სხვადასხვა საუნივერსიტეტო მიმართულებაში, რადგან ვთვლი, რომ მხოლოდ ლექცია-სემინარები არ არის საკმარისი ჩვენი უნარების განვითარებისთვის. არ მიყვარს რუტინული ცხოვრება. ვფიქრობ, ყოველმა დღემ უნდა შემმატოს ახალი რამ, - შესაბამისად, ვცდილობ ვიყო აქტიური სტუდენტი და პიროვნება. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ვარ სახელმწიფო სტიპენდიისა და ვახტანგ შამილაძის სახელობის სტიპენდიის მფლობელი.

უნივერსიტეტში ფეხის შემოდგმის პირველივე დღიდან გადაწყვეტილი მქონდა, რაც შეიძლება მეტ აქტივობაში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არ დავაყოვნე ეს ყოველივე და სარეგისტრაციო კითხვარი  შევავსე პროექტზე „ევროკავშირის  ახალგაზრდული ფორუმი“, რომელშიც ერთ-ერთი პუნქტი იყო სამოტივაციო წერილის დაწერა, ძალიან ბევრ ადამიანს გავუწიე კონკურენცია და ჩემდა სასიხარულოდ შემარჩიეს ერთ-ერთ მონაწილედ. ამ პროექტში უდიდესი გამოცდილება მივიღე და უამრავი ძალიან კარგი პიროვნება გავიცანი. ასევე ვარ „სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების“ წევრი და ვთვლი, რომ ეს გუნდი აძლევს ყველას შესაძლებლობას რომ განვითარდეს, მიიღოს საუკეთესო გამოცდილება და მოახდინოს საკუთარი უნარების რეალიზება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე თანაავტორ თინათინ იმნაიშვილთან ერთად და ასევე ვიყავით ერთ-ერთი ორგანიზატორები, რაც ორმაგი პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის. საკონფერენციო თემაზე ბევრი ვიმუშავეთ. მოუთმენლად ველოდით ათი საუკეთესო ნაშრომის ავტორების გამოვლენას და როდესაც ამ სიაში ჩვენი სახელები ამოვიკითხეთ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს გრძნობა იყო ერთდროულად - სიამაყის და უდიდესი ბედნიერების. 

_ თქვენი სამეცნიერო ნაშრომის საკვლევი თემაა ,,ონლაინ ვაჭრობა და თანამედროვე საქართველო“...

_ ონლაინ ვაჭრობა მეტად ტენდენციური და აქტუალური გახდა ბოლო დროს, განსაკუთრებით - პანდემიის შემდეგ. შესაბამისად, გაიზარდა ადამიანთა ინტერესი მის მიმართ. იგი ორივე ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად იქცა, ამიტომაც ავირჩიეთ საკვლევ თემად ონლაინ ვაჭრობა და ვთვლით, რომ ის არის        დაზოგილი დრო, ენერგია და არჩევანის გაკეთება უფრო დიდი მასშტაბით. 

_ ონლაინ ვაჭრობა საქართველოში ძალიან პოპულარულია. რამ განაპირობა ეს?

_ პანდემიის პერიოდმა მეტად დააჩქარა ონლაინ ვაჭრობის სხვადასხვა აპლიკაციის თუ გვერდის ცნობადობის გაზრდა, შედეგად მოიმატა მოთხოვნის რაოდენობა მოცემულ პროდუქტებზე. ვთვლით, რომ ინტერნეტი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვაჭრობისთვის. იგი გვაძლევს შესაძლებლობას ყველაფერი შევიძინოთ სახლიდან გაუსვლელად. ონლაინ გაყიდვებს თანამედროვეობა და უკეთესი ცხოვრების სურვილიც უწყობს ხელს. ადამიანებისთვის, რომლებიც ზედმეტად არ ხარჯავენ დროს, ონლაინ ვაჭრობა უმნიშვნელოვანესია.

_ ხომ არ უწევს კონკურენციას უცხოური ონლაინ პლატფორმები საქართველოში არსებულ ფიზიკურ მაღაზიებს? როგორია ამ კუთხით კვლევის შედეგები...

_ ონლაინ ვაჭრობის მხრივ ქართველი მომხმარებლების უდიდესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს უცხოურ ბრენდებს ქართულთან შედარებით, რადგან ხშირ შემთხვევაში, უცხოური უფრო იაფია, ვიდრე ქართული. ეს ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორია ქართული ბიზნესის განვითარებისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ქართული ბიზნესისთვის ონლაინ ყიდვა-გაყიდვა ახალი ტენდენციაა და ეტაპობრივად გაუმჯობესდება ჩვენი შედეგები. რა თქმა უნდა, არის ადამიანთა კატეგორია, ვისაც ურჩევნია ადგილზე შეიძინოს პროდუქტები სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგრამ დღეს ნამდვილად არაა უცხო მოვლენა ონლაინ ვაჭრობა.

_ მომხმარებლისთვის  ნივთის შეძენა ფინასურად სად უფრო ხელმისაწვდომია?

_ როგორც ჩვენი კვლევის შედეგებიდან ჩანს, მომხმარებელს უფრო შეღავათიან ფასში შეუძლია მიიღოს ნივთი თუ იგი ონლაინ შეიძენს, ამისათვის კი არსებობს უამრავი აპლიკაცია მაგალითად: temu, amazon, trendyol და სხვები. თითოეულ აპლიკაციაში გაერთიანებულია უამრავი მაღაზიის საქონელი, რაც გვაზოგვინებს როგორც ფულს, ასევე დროსა და ენერგიას.

_ ნაშრომის კვლევისას, რა დეტალები და ტენდეციები გამოიკეთა?

_ ონლაინ ვაჭრობას აქვს მზარდი დინამიკა და უფრო და უფრო იდგამს ფეხს ქართულ ბაზარზე. კომპანიები, რომლებიც განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ცდილობენ მომხმარებელს მაქსიმალურად შეუქმნან კომფორტული, დახვეწილი და მოქნილი ონლაინ გარემო.

_ თავაზობს თუ არა ონლაინ ბაზარი ყველას თანაბარ პირობებს?

_ თუ ამ ფაქტს მომხმარებლის გადმოსახედიდან შევხედავთ,  დიახ, სთავაზობს, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ნებისმიერ დროს და ადგილიდან გამოიწეროს სხვადასხვა ნივთი. რაც შეეხება მწარმოებლის მხრიდან ქართულ ბაზარსა და უცხოურ ბაზარს შორის დიდ სხვაობაა ფასებსა და ხარისხში, ქართველი მომხმარებლების ძირითადი ნაწილი უპირატესობას უცხოურ ნივთებს ანიჭებს, შედეგად თანაბარ პირობებში ვერ იქნება ქართული და უცხოური წარმოების მდგომარეობა.

_საქართველოში  რომელი  ბრენდული ონლაინ პლატფორმაა ყველაზე პოპულარული?

დღესდღეობით ვფიქრობთ ყველაზე პოპულარული პლატფორმები არის: temu, amazon, Trendyol, Joom, Taobao და სხვები, რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ უამრავი მაღაზიისა და სახეობის ნივთებს საკმაოდ დაბალ ფასად.

_ და ბოლოს, თქვენი სამომავლო გეგმები...

_ მომავალში რთულია განსაზღვრო რას და როგორ გააკეთებ, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ _ ყოველთვის ვიქნები აქტიური პიროვნება, არასდროს არ მივყვები დინებას და საკუთარ საქმეში მთელ ენერგიას და მონდომებას ჩავაქსოვ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა