გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შოთა მახარაძე

სურათი

ქართულმა მათემატიკურმა საზოგადოებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა. მოულოდნელად გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მათემატიკოსი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის  პროფესორი შოთა მახარაძე. პროფესორი შოთა მახარაძე დაიბადა 1959 წლის 3 ივლისს შუახევის რაიონის სოფელ მახალაკიძეებში. სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი, დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტურა.

ბატონი შოთა 1980-1999 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1997 წლიდან დღემდე ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი იყო 10-მდე წიგნის, 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 50-ზე მეტი პუბლიცისტური სტატიის ავტორი, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო მათემატიკურ ფორუმში.

პროფესორი შოთა მახარაძე გახლდათ საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს წევრი, შუახევის რაიონის საპატიო მოქალაქე და ჟურნალის ,,ინტელექტი"  სარედაქციო კოლეგიის წევრი. იგი დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით.

ობიექტურობა და კაცთმოყვარეობა, ქველმოქმედება და სამართლიანობა - აი ის მთავარი შტრიხები,რაც ახასიათებდა და საოცარ ხიბლს მატებდა შოთა მახარაძის პიროვნებას.

წვლილი, რომელიც პროფესორმა შოთა მახარაძემ შეიტანა თანამედროვე  მათემატიკის განვითარებაში, უდავოდ მნიშვნელოვანია. ასევე ძვირფასია მისი, როგორც ქველმოქმედი ბიზნესმენის, ნაყოფიერი მოღვაწეობა. სწორედ, მას არაერთგზის ხვდა წილად დახმარების ხელი გაეწოდებინა მრავალი შეჭირვებულისათვის.

საქართველოში ნახევარჯგუფთა თეორიის განვითარებაში შეტანილმა დამსახურებამ, საზოგადო მოღვაწეობაში გაწეულმა ღვაწლმა და მაღალმა ადამიანურმა თვისებებმა პროფესორ შოთა მახარაძეს საყოველთაო  აღიარება  და პატივისცემა მოუპოვა.

წავიდა ჩვენგან  ღირსეული პიროვნება, ცნობილი მეცნიერი და პედაგოგი, თავისი ქვეყნისა და კუთხის ღირსეული მსახური. პროფესორ შოთა მახარაძის ცხოვრება და მოღვაწეობა ქვეყნისა   და კუთხის წინაშე უანგარო სამსახურის ჭეშმარიტი მაგალითია. მისი ნათელი ხსოვნა მარად დარჩება ჩვენს გულებში, იგი დიდხანს ემახსოვრებათ მის მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა